ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალისთვის რეგიონებში ნახევარფინალები მიმდინარეობს.

იმერეთიდან ფინალში გადასასვლელად 32 სკოლა იბრძოდა. ქუთაისში, #1 სკოლაში გამართულ ნახევარფინალში, იმერეთის რეგიონის სკოლებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ოთხი სკოლა მონაწილეობდა.

ნახევარფინალი ორ ეტაპად წარიმართა. ჟიურიმ და სკოლების გულშემატკივრებმა 36 ეკოსსპიკერს მოუსმინეს. ჟიურისგან შერჩეულმა ცხრა საუკეთესო ეკოსპიკერმა კი კონკურსის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხუთწუთიანი პრეზენტაციით წარმოგვიდგინა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ნახევარფინალში ბაზალეთის, ბორითის, ბორის, საღანძილის, ხარაგაულის #2, მარელისის, ლეღვანის, კიცხისა და ბორის საჯარო სკოლების ეკოკლუბები მონაწილეობდნენ.

ჟიურიმ უმაღლესი ქულებით შეაფასა ბაზალეთის ეკოსპიკერი კესო ჩხიკვაძე და ეკოკლუბი „ბაო“, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოსპიკერი გიგა ხიჯაკაძე – ეკოკლუბი „მწვანე სამყარო,“ კიცხის საჯარო სკოლის ეკოსპიკერი შოთა ზვიადაზე – ეკოკლუბი „მწავნე ხელები.“

ფინალის საგზური ასევე მოიპოვეს ჭიათურის #1, #5 და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლებმა, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან – რცხმელურის საჯარო სკოლამ.

სპიკერებს აფასებდა ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნათია იორდანიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნატო სულთანიშვილი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო სამხარაძე – ილიაუნის სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი, ალეკო ცქიტიშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი, კარლო ამიგულაშვილი – გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

ხარაგაულიდან ნახევარფინალში მონაწილე  რვავე სკოლა განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის (ხელმძღვანელი ლალი სებისკვერაძე) წარმომადგენელმა მარინე ვეფხვაძემ წიგნებით დაასაჩუქრა, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ლაშქრობით, ხარაგაულის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფვხაძემ – სიგელებით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია კი რვავე სკოლის ექსკურსიებს დააფინანსებს.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალისტები, იმერეთის გარდა, უკვე გამოვლინდნენ აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში. 2 მარტს ფინალისტები შეირჩევიან შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან და კახეთიდან, ხოლო 3 მარტს – თბილისიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია -2019-ის ფინალი 21 მარტს თბილისში, ტყეების დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართება.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2015 წლიდან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ორგანიზებით და „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

ვრცლად იმერეთში გამართული ნახევარფინალის შესახებ გაზეთ „ჩემი იმერეთის“ 1 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალისტთა და ორგანიზატორთა ერთი ჯგუფი; კონკურსის ჟიური; ჯილდოვდება კიცხის საჯარო სკოლის ეკოსპიკერი შოთა ზვიადაძე; ბაზალეთის სკოლის ეკოსპიკერი კესო ჩხიკვაძე პრეზენტაციისას; გამარჯვებულთა ემოციები.