ღირსეულ ხარაგაულელს, გამორჩეულ და საინტერესო პიროვნებას, გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს პირველ აპრილს 90 წელი უსრულდება. სამაგალითოა მისი ფრონტული ბიოგრაფია, ახალგაზრდული წლები და დღევანდელობა. ბატონ ჟორას ომის პერიოდისა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების გახსენება ვთხოვეთ.
ის მეორე მსოფლიო ომში რამდენიმე თანაკურსელთან ერთად საკუთარი სურვილით წავიდა. რკინიგზის ინსტიტუტის სტუდენტებს ომში არ იწვევდნენ.
ბევრი ტანჯვა გადავიტანე, – გვიამბობს ბატონი ჟორა ბლუაშვილი, – ფრონტის ხაზზე იმ დროს მოვხვდი, როცა სტალინგრადი აიღეს. ვიბრძოდი ხარკოვში, კიევში, ბრესტში, ვარშავასა და ბერლინში…
…ვარშავასთან ბრძოლისას ალყაში აღმოვჩნდით. მე მზვერავთა ათეული მებარა. გერმანელებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ოთხადგილიან მიწურში ხუთნი ვართ. მონაცვლეობით ვწვებით თხრილში. აი, იმ დროს ვიფიქრე, რომ დამთავრდა ყველაფერი. ერთმა რუსმა ჯარისკაცმა სიმღერა წამოიწყო. ჩვენც ავყევით. უცბად ყუმბარა ჩამოვარდა. არის შემთხვევები, როცა ყუმბარა არ სკდება. ერთი მაგარი ვაჟკაცი გვყავდა ათეულში – უკრაინელი გალავენკო. ერთი შეიგინა, დასტაცა ყუმბარას ხელი და გვერდით თხრილში ჩააგდო. არც იქ აფეთქდა. საბედნიეროდ, შეტევა აღარ გაგრძელდა და გადავრჩით.
…ხელჩართულ ბრძოლაში ვართ. უკნიდან გერმანელი მსროდა და ჩემმა ჯარისკაცმა მოკლა. გერმანელს ხანჯალი ჰქონდა წარწერით „დოიტშლანდ“. ჩემი თანამებრძოლი ხშირად მსტუმრობდა ხარაგაულში. ერთხელაც მითხრა, სხვენზე მაქვს ის ხანჯალი შენახულიო. ვუთხარი, მე აქ ხალიჩაზე ჩამოვკიდებდი-მეთქი. რამდენიმე დღეში ამანათით გამომიგზავნა.
…ჯიბეში მედო პისტოლეტი ერთი ტყვიით. გადაწყვეტილი მქონდა, თუ ტყვედ ჩავვარდებოდი, თავი უნდა მომეკლა. არ ვიცი, ამას რამდენად გავბედავდი, მაგრამ ასე ვფიქრობდი. 1945 წლის 8 მაისს, საღამოს უკვე ველოდით გამარჯვებას. გამოვიტანეთ იარაღი და სულ დავცალეთ. მათ შორის ჩემი პისტოლეტის ტყვიაც გავისროლე. მერე დამენანა, მინდოდა სამახსოვროდ შემენახა.
ენით ვერ აღვწერ იმ სიხარულს, რაც ომის დამთავრების და გამარჯვების დღეს ხდებოდა. ფაშიზმის დამარცხება ინგლისელებთან ერთად აღვნიშნეთ.
ომის დამთავრების შემდეგ ორი წელი ისევ უნდა მემსახურა. ქალაქ ჰაგენოვში ვიყავი. იქ უკვე ლოგინში გვეძინა. 500 კაცის ჩაცმა-დახურვა, ჭამა-სმა, მოვლა-პატრონობა დამევალა. მალე გამოვიდა დადგენილება, რომ სტუდენტები და 40 წელს ზემოთ პირები უნდა დაბრუნებულიყვნენ სახლში. გამოსამშვიდობებელი საღამო მოვაწყვეთ. ბერლინიდან გამოვიდა მატარებელი სტალინის ფოტოთი და წარწერით – „ჩვენ ბერლინიდან ვართ“. სამი კვირა ვიყავით გზაში.
ომის შემდეგ სწავლა გავაგრძელე. ფილტვში ტყვია მქონდა ჩარჩენილი და ტუბერკულოზი გადავიტანე. 1952 წლიდან 1997 წლამდე ხარაგაულში კინოფიკაციას ვხელმძღვანელობდი.
მყავს შვილი სლავა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ექვს წლამდე ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში თავის დეიდასთან და მეც ვნახულობდი. ერთ დღესაც, უკვე ოცი წლისამ, მომაკითხა ხარაგაულში. შემდეგ სულ გვქონდა მისვლა-მოსვლა. სლავას ჰყავს შვილიშვილები. ერთს გიორგი ჰქვია და ჟორჟიკს ეძახიან…
ძალიან ძვირფასია ჩემთვის ძმისშვილები და მათი ოჯახები.
გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი სამამულო ომის პირველი ხარისხის, წითელი ვარსკვლავის ორი ორდენის, საპატიო ნიშნის ორდენის, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის მფლობელია.
-ბატონო ჟორა, როგორ ფიქრობთ, რა არის ცხოვრებაში მთავარი?
-ვარ ძალიან კაცთმოყვარე. ჩემთვის ცუდი ადამიანი არ არსებობს. არც მახსოვს, ვინმეს დავმდურებოდე. დიდი სიყვარულით ვარ ადამიანების მიმართ განწყობილი. არ მიყვარს უსალმო კაცი, არ მიყვარს გინება.
რამხელა ისტორია გაიარა ადამიანმა, ათიათასობით წლები, რომ ამ ცივილიზაციისთვის მიეღწია და ახლა ვერ ვეგუებით ერთმანეთს.
ვფიქრობ, რომ სამაგალითო უნდა იყო ახალგაზრდებისთვის, მეორე ადამიანისთვის. ქუჩაში რომ მიდიხარ, უნდა იფიქრო, რომ ყველა შენ გიყურებს.
ხშირად მესმის, ერთი ადამიანი ლანძღავს მეორეს. ამ დროს ვცდილობ, ყოველთვის კარგი დავანახო. ურთიერთობებში რაღაც უნდა დათმო, ადამიანში დადებითი უნდა მოძებნო. ყველაფრის პირში მიხლა არ შეიძლება. თუ შეგიძლია, შენ აღზარდე უკეთესი. თუ ადამიანი არ გიყვარს, ნუ გძულს. მე სიკეთით ვუყურებ ყველას.
დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ბატონ გიორგი ბლუაშვილს, ხარაგაულელებისთვის საყვარელ და პატივსაცემ პიროვნებას.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.