დღეს, პირველ თებერვალს, ქეთევან სახვაძე ასი წლის შესრულდა. განუზომელია მისი დამსახურება ხარაგაულის საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ქალბატონი ქეთევანი 44 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რაიონულ გაზეთს. მისი რედაქტორობით მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ხარაგაულის რაიონის ორიგინალური და საინტერესო მატიანე შეიქმნა.
ქეთევან სახვაძე ქვეყნის მასშტაბით აღიარებული რედაქტორი, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ღირსების ორდენოსანი, ჟურნალისტთა არა ერთი თაობის მოამაგე და აღმზრდელი გახლდათ.
უდიდესია მისი ღვაწლი ხარაგაულის საზოგადოებრივი ცხოვრების ასახვასა და ღირსეული ადამიანების წვლილის წარმოჩენაში. ქეთევან სახვაძის ცხოვრება დაუდგრომელი შრომისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობის იშვიათი მაგალითია.
ქალბატონი ქეთევანი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე აქტიურად ინტერესდებოდა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ საქმიანობით, წარმატებებითა თუ პრობლემებით. მუდამ გვგულშემატკივრობდა და უხაროდა, მისგან გაკვალულ გზას რომ ვაგრძელებდით. საინტერესოდ მიამბობდა განვლილი ცხოვრების, სარედაქციო საქმიანობის, თავისი ოჯახის შესახებ. გამოცდილებას მიზიარებდა, მასწავლიდა, მირჩევდა, მარიგებდა…
„რაისაბჭოს აღმასკომის მდივნად ვმუშაობდი, – მიამბო ერთხელ ქალბატონმა ქეთევანმა, – ერთ საღამოს ჩემთან რაიკომის მეორე მდივანი ვალიკო ბარბაქაძე შემოვიდა და პირველ მდივანთან, ზურაბ კიკნაძესთან, წამიყვანა. ცეკას ინსტრუქტორი ქსენია ქორიძე გამაცნეს, თურმე რედაქტორის შესარჩევად იყო ჩამოსული.
-გადავწყვიტეთ რედაქტორად დაგნიშნოთ და რას იტყვიო, – მკითხა ბატონმა ზურაბმა.
ჩემთვის ეს ისე მოულოდნელი იყო, ხმა ვერ ამოვიღე. რედაქტორობა მიუწვდომლად მიმაჩნდა და ვერ წარმომედგინა, მე თუ შევძლებდი. ბევრი ვიუარე, ცრემლებიც გადმოვყარე, მაგრამ ამაოდ, არაფერმა მიშველა. ვიფიქრე, ომია, გაჭირვებაა და ჩემზე ამიტომ დადგა საქმე-თქო.
გადაწყდა, მეორე დღეს ცეკას ბიუროზე უნდა გამოვცხადებულიყავი. მაშინ მეტად სუსტი, ფერმკრთალი ვიყავი. ეტყობა, ამიტომ, პირველმა მდივანმა დამარიგა – პომადა წამესვა და ღამე კარგად გამომეძინა… ეს რჩევა ვერ შევასრულე – პომადა საერთოდ არ მიხმარია; ღამე კი, ისიც მატარებელში, რა დამაძინებდა. ბიუროს სხდომაზე ცეკას მაშინდელმა პირველმა მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა რომ თქვა, დამტკიცდესო, ცოტა მაკლდა, არ წავქცეულიყავი. ეს იყო 1944 წლის 1 ოქტომბერი“.
…ასე დაიწყო დაუღალავი შრომის, შეუფასებელი ბრძოლის, უზარმაზარი პასუხისმგებლობის, მუდმივი ძიების, თეთრად გათენებული ღამეების, მკითხველისგან დამსახურებული გულწრფელი სიყვარულის, საზოგადოებისგან დაფასების, საყოველთაოდ და სამარადჟამოდ აღიარების წლები.
სიცოცხლის ბოლო წუთებამდე დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებდა ქალბატონი ქეთევანი წლებს, როცა რედაქციაში ირაკლი ხაჩიძესთან, პრამონ აბრამიშვილთან, ზაირა აბაშიძესთან, კატუშა ნანიტაშვილთან, ავთანდილ ხიჯაკაძესთან, ჰენრი შარიქაძესთან, ლუბა კუპრაძესთან, გულიკო ნიქაბაძესთან, მერი ქურდოვანიძესთან ერთად ქმნიდა რაიონის მატიანეს.
ქალბატონ ქეთევანთან ერთად სხვადასხვა წლებში რაიონულ რედაქციაში მოღვაწეობდნენ ასევე გიორგი ჭანტურია, ლინა ბარათაშვილი, ნუგზარ ნავაძე, შალვა ტოროშელიძე, ნუგზარ ლომსაძე, თემურ ბლუაშვილი, ჯუმბერ კვინიკაძე, ნანი შარიქაძე, ზინა მამასახლისი, ირინე თიკანაშვილი, მედეა კაპანაძე, გაბო ხოტოველი, გონერი ლომიძე, ლავროსი თიკანაშვილი და სხვები. ქალბატონ ქეთევან სახვაძის დამსახურებაა, რომ რაიონული გაზეთის რედაქციის კოლექტივი, მისი ხელმძღვანელობით, ყოველთვის შეკრული, ერთსულოვანი და საერთო საქმეზე ორიენტირებული იყო.
ქალბატონმა ქეთევანმა შექმნა შესანიშნავი ოჯახი ნიჭიერ და მრავალმხრივ შემოქმედ ხარაგაულელთან, ოთარ აბაშიძესთან, ერთად. მათ სახელოვანი წინაპრების ტრადიციებზე ღირსეულად აღზარდეს ვაჟი დავითი. ქალბატონი ქეთევანი ამაყობდა რძლით – მარინე ქურხულითა და შვილიშვილით – უმცროსი ქეთევანით, რომელზეც ხშირად ამბობდა: „ჩემი უკვდავების რტოა, სიცოცხლის მარად ნათება…“
ქეთევან სახვაძემ რაიონული გაზეთის განვითარებას მთელი თავისი ცხოვრება შეალია. გაზეთის რედაქციიდან წამოსვლის ბოლო დღეს კინოფილმიდან ფოსტალიონის სიმღერას ღიღინებდა: „ხელს მოვაწერ უკანასკნელ გაზეთს და იმ დღიდან დამივიწყებს ყველა.“
ძვირფასო ქალბატონო ქეთევან, რაიონის მემატიანის ღვაწლს დავიწყება არასდროს უწერია!
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი