ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში საშობაო ლიტურღია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აღავლინა.
ეკლესიის წინამძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) ამ ფაქტს ისტორიული უწოდა, რადგან ხარაგაულში საუფლო დღესასწაულზე სამეუფეო წირვა პირველად ჩატარდა. მეუფე მელქისედეკმა ქრისტეს შობა ხარაგაულიდან მარგვეთისა და უბისის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს საშობაო ეპისტოლეთი მიულოცა.
გთავაზობთ ამ ეპისტოლეს:
-ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, მონაზონნო, საყვარელნო შვილნო ღვთივკურთხეულისა ეპარქიისა მარგვეთისა და უბისისა!
ვადიდებთ ყოვლადწმინდა და ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომ ღირსნი გავხდით წელსაც შევეგებოთ ქრისტეშობის ამ ბრწყინვალე დღეს, ღმერთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის განკაცების დღესასწაულს „ჩვენთვის კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის“.
ქრისტეშობის დღესასწაული, სამყაროში ღმერთის ხორცით გამოჩენის დღესასწაულია.
ქრისტეშობის დღესასწაული მობრძანდება, რომ მოგვართვას მადლი ყოვლადვე მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მობრძანდება, რათა გააცოცხლოს ჩვენs გონებასა და სინდისში მივიწყებული ჭეშმარიტება, რომ „ჩვენთან არს ღმერთი“. ზუსტად ამას ნიშნავს მომავალი მხსნელის სახელი: „ემმანუელ“-ი. სიტყვა ღვთისა „ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის“ (ინ. 1,14).
ქრისტიანული სარწმუნოება არის კაცთმოყვარე ღმერთის მიერ ადამიანის გამოხსნის რწმენა, რომელმაც კაცთმოყვარეობის გამო მიიღო ჩვენი ბუნება და დაგვიბრუნა დაცემის დროს დაკარგული „მსგავსება“. ამგვარად, თავის სხეულში, ეკლესიაში, ჭეშმარიტი ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცა, რამეთუ მთელი საეკლესიო ცხოვრება გამოხატავს განკაცების საიდუმლოს.
მხსნელმა ღმერთ-კაცმა მიიღო „ეკლესიის სხეული“ (წმიდა იოანე ოქროპირი, ექსორიის წინ წარმოთქმული ომილია, PG 52, 429.) და „პირველმა და მხოლოდ მან“ აჩვენა „ჭეშმარიტი კაცი, რომელიც, სრულყოფილია ხასიათით და ცხოვრებით და სხვა ყველაფრით“ (ნიკოლაოს კაბასილა, ქრისტესმიერი ცხოვრების შესახებ, VI, PG 150, 680).
ქრისტეს ეკლესია არის „საერთო გამოხსნის“, „საერთო თავისუფლების“ და „საერთო სუფევის“ იმედის ადგილი, წარმოადგენს განმათავისუფლებელი ჭეშმარიტების განცდის საშუალებას, რომლის საფუძველია ჭეშმარიტი სიყვარული.
მტკიცედ გვწამს, რომ მომავალი ქრისტეს ეკუთვნის, რომელიც „გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13,8). გვწამს, რომ ქრისტეს ეკლესია არის და იქნება განწმენდისა და საღმრთო ცხოვრების, ადამიანისა და სამყაროს განახლების, სასუფევლის დიდების წინასწარ დაგემოვნების ადგილი, რომ ეკლესია კვლავაც გააგრძელებს სამყაროში საღმრთო ნიჭების განბნევას, როგორიცაა: სიყვარული, მშვიდობა, სამართლიანობა, მყუდროება, აღდგომის ძალა და უკვდავების მოლოდინი.
ქრისტეშობის დღესასწაულის სისპეტაკე, რომელიც წვდება თითოეული ადამიანის გულს, უნდა გვაფიქრებდეს ჩვენ, თუ რაოდენ მოწყალეა უფალი, როდესაც საკუთარ თავს იმეტებს ჩვენ უღირსთა გამოსახსნელად; უნდა გვაფიქრებდეს ყოფაზე, თუ როგორი ცხოვრებისეული განგებით და ღირებულებებით ვცხოვრობთ, კარგია ღვთისმოშიშებისა და თაყვანისცემის გარეგნული გამოხატულებები, მაგრამ არსებითი გამოხატულება მის მიმართ სიყვარულისა, ნიშნავს დამორჩილებას იმ სიყვარულზე, რომელიც თვით იესომ გვასწავლა სიტყვით, ცხოვრებითა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით.
როდესაც ვლოცულობთ და შევთხოვთ უფალს ჩვენი ადამიანური ყოფის გაუმჯობესებას, ხშირად გვავიწყდება ჩვენი ვალდებულება ღვთის წინაშე, როგორიცაა: მორჩილება იერარქთა მიმართ, ერთი-მეორის აზრის მოსმენა და პატივისცემა, ერთ-ურთის სიყვარული, რადგან თავად ქრისტე არის სიყვარული და აქედან გამომდინარე, სიყვარული და თავმდაბლობა უნდა ამოძრავებდეს თითოეულ ჩვენგანს, რამეთუ „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს“ (I პეტრე, 5, 5).
შევეგებოთ ქრისტეშობას ცოცხალი რწმენით და სიყვარულით. აღვამაღლოთ ღვთისმსახურებით ჩვენი გონება, გული და მივიღოთ ჩვენი უსაყვარლესი ქრისტე. ამავდროულად ვიმოქმედოთ ისე, რომ სხვა ადმიანებმაც გაიგონ ქრისტეს შესახებ, როგორც ახლოს, ისე შორს მყოფებმა.
ბეთლემის გამოქვაბულის გარეთ ზეციური ბრწყინვალება ასხივებს. დაე, ვისწრაფვოთ მიტევებისკენ და მზად ვიყოთ ყველას ჩვენ გარშემო შემოკრებისთვის.
მოგვთა ძღვენისმიერ ყოველ ადამიანს მშვიდობა მოესწავა. დაე, მიტევებითა და დიდსულოვნებით მტკიცედ დავდგეთ სამართლიანობის, თანასწორობისა და თანაგრძნობის სამსახურში.
მოკრძალებით მუხლს ვიყრით ბეთლემში შობილი ღვთაებრივი ჩვილისა და მისი ყოვლადწმინდა დედის წინაშე, თაყვანს ვცემთ განკაცებულ „ყოვლადსრულ ღმერთს“.
ქრისტეს მიერ საყვარელო ძმებო და შვილებო, ვისურვებ, რომ წლევანდელი ქრისტეს შობის დღესასწაული მთელი მსოფლიოს, ჩვენი საზოგადოებისა და პირადად თითოეული ჩვენთაგანის მოქცევის (შემობრუნების) – საწყისი ყოფილიყოს.
გულში ჩავიკრათ სიწმინდე და სრულად მივუძღვნათ ქრისტეს ჩვენი თავი, შევწიროთ დიდება მშვიდობის მეუფეს, რომელიც ჩვენი ხსნისათვის მოევლინა.
გიხაროდეთ, რამეთუ დღეს იშვა ქრისტე!
უფლის წინაშე თქვენთვის მლოცველი ეპისკოპოსი მარგვეთისა და უბისისა
მელქისედეკი (ხაჩიძე)
ხარაგაული, შობა ქრისტესი, 2019 წელი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი