ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა 19 დეკემბერს საზოგადოებას 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ააიპ-ების რეორგანიზაციის გამო ძალიან რთული წელიწადი ჰქონდათ. რეორგანიზაციის შედეგად კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაერთიანდა ცენტრალური ბიბლიოთეკა, ისტორიული მუზეუმი, კულტურის ცენტრი, ხალხური შემოქმედების სახლი და ლიტერატურული თეატრი. ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, გაერთიანებაში შემავალ ორგანიზაციებს მაქსიმალური დამოუკიდებლობა შეუნარჩუნდათ.
თითოეული მიმართულების ხელმძღვანელმა 2018 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმები გაგვაცნო. ხარაგაულში წლის ყველა ღირსშესანიშნავი თარიღი შემოქმედებითმა კოლექტივებმა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შემავალი ორგანიზაციების გამორჩეული პროექტები წლიდან წლამდე იხვეწება და ვითარდება.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის 2018 წელს გაწეული საქმინობის შესახებ ვრცლად გაზეთ „ჩემი იმერეთის“ 21 დეკემბერის ნომერში წაიკითხავთ. ახლა კი მოკლედ გაგაცნობთ ამ ცენტრის მერ 2018 წელს განხორციელებულ პროექტებს.
ხარაგაულის საბიბლიოთეკო სისტემაში 2018 წელს ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ნანა ლურსმანაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვანი თარიღები საბიბლიოთეკო გაერთიანებაში შემავალ ოცდაორივე სასოფლო ბიბლიოთეკაში აღინიშნა. ბიბლიოთეკები მჭიდროდ თანამშრომლობენ საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან. გრძელდება პროექტი „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“. მომავალი, 2019 წლის დასაწყისში ბიბლიოთეკა ცნობილ სპორტსმენებთან და ფალავნებთან შეხვედრას გეგმავს.
ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 2016 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ინოვაციების ცენტრი, 2017 წლიდან კი შშმ პირთა რესურსცენტრი.
ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“ (ხელმძღვანელი დალი მაღრაძე) წელს 20 წლის გახდა. ანსამბლი სისტემატურად მართავს კონცერტებს ხარაგაულის სოფლებში. ხალხური სიმღერის ანსამბლმა „საუნჯე“ საერთაშორისო ფესტივალზე „ჩემი ლამაზი ქვეყანა“ პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „საუნჯე“ – ლაურეატის წოდება.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტებს – „ჩემი პატარა ხელები,“ „მე ვხატავ ანიმაციას,“ „პატარა არქეოლოგები,“ „მოხალისე გიდები.“ საჯარო სკოლები ხშირად ატარებენ მუზეუმში ინტეგრირებულ გაკვეთილებს. მასშტაბურად აღინიშნება ქართული სამოსის დღე, მუზეუმის საერთაშორისო დღე, ღამე მუზეუმში, ევროპის მემკვიდრეობის დღეები. 2018 წელს ხარაგაულის მუზეუმი ათმა შემომწირველმა 50 ექსპონატით გაამდიდრა.
ხარაგაულის კულტურის ცენტრის საქმიანობაზე ამ მიმართულების ხელმძღვანელმა ბათუ კიკნაძემ ისაუბრა. ეს წელი სახალხო და თოჯინების თეატრების პრემიერით გამოირჩეოდა. სპექტაკლმა „ორნი“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე თეატრმცოდნეთა მოწონება დაიმსახურა; ნომინაციაში „ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის“ ირინე ჩხეიძემ გაიმარჯვა.
თოჯინების თეატრი აგრძელებს პროექტს „თეატრი სკოლებისთვის.“ ამ პროექტის ფარგლებში 12 ადმინისტრაციულ ერთეულში სპექტაკლები გაიმართა.
2019 წელს თეატრი პრემიერით დაიწყებს. 14 იანვარს ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება საბავშვო სპექტაკლი „ინდაური ინდიკოს თავგადასავალი.“
წარმატებული იყო 2018 წელი ქორეოგრაფიული ანსამბლისთვის „უბისი.“ ქობულეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლმა ლაურეატის, ხოლო ქორეოგრაფებმა ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებმა „ქართული კულტურის დამსახურებული მოღვაწის“ წოდებები მოიპოვეს. ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე „უბისი“ წელს პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
24 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა განახორციელა პროექტი „სიმღერა ყველა სოფელს.“ კონცერტები 15 ტერიტორიულ ერთეულში გაიმართა. ეს პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ნაყოფიერი იყო 2018 წელი რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრისთვის. მისმა ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა თეატრის საქმიანობის შესახებ. ლიტერატურული სპექტაკლები გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში – ვაშლევში, ზვარეში, ვახანში, ბორითისა და ნადაბურის კულტურის სახლებში, ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ქუთაისის ოპერის თეატრში, ბორჯომში, ახალციხეში, წყალტუბოში, აბასთუმნის ობსერვატორიაში, ახმეტაში, ფასანაურში.
ლიტერატურული თეატრის თაოსნობით წელს მესამედ ჩატარდა სამხატვრო პლენერი „გამა,“ რომელშიც ოცი ცნობილი მხატვარი მონაწილეობდა.
ლიტერატურული თეატრი 2019 წლის თებერვალში ხარაგაულში გვეპატიჟება სპექტაკლის პრემიერაზე „მოსიარულე სიკეთე,“ რომელიც მსახიობ იაკობ ტრიპოლსკის საქმიანობას ეძღვნება. იანვარში კი ამ სპექტაკლის ჩვენება თბილისში, ხორავას სახელობის მსახიობის სახლშია, დაგეგმილი.
მომავალ წელს ევგენი ხარაძის ხსოვნისადმი მიძღნილი ღონისძიებები ფარცხნალში იგეგმება.
ლიტერატურული თეატრი მომავალ წელს ლიტერატურული კონკურსის „ოდეონი“ განახლებასაც გეგმავს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი