ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 26 ნოემბერს, რიგით მეექვსე ფრაქცია შეიქმნა.

ახალი ფრაქცია დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილმა, ქეთევან ზუმბაძემ და დავით მაღლაფერიძემ შექმნეს.

დავით მაღლაფერიძე საკრებულოს წევრი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოდან“ გახდა. ის 2018 წლის აპრილიდან ამ დრომდე საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ წევრი იყო ინგა მაღრაძესთან, მიხეილ ჭიპაშვილთან და აკაკი მაჭავარიანთან ერთად.

ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე დღეს, 26 ნოემბერს,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ,  სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიაში იმსჯელეს.

კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილმა კომისიის წევრებს შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა.

თორნიკე ავალიშვილმა კომისიას დავით მაღლაფერიძის სახელზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის დამადასტურებელი ცნობა წარუდგინა. 22 ნოემბერს გაცემულ ამ ცნობას ე„რთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა მელიასგან აწერს ხელს.

ახალი ფრაქციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს საკრებულოს წინაშე აქტიურად დააყენებს.

საკრებულოს იურიდიულ,  სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის წევრი ვარლამ ჭიპაშვილი ახალშექმნილი ფრაქციისგან განსაკუთრებულ შედეგს არ ელოდება. ის ამბობს, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ აქტიურობდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ცალ-ცალკე არასდროს ყოფილან და ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ქეთევან ზუმბაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ ფრაქციების შექმნა ბიუჯეტს ტვირთად აწევს. გამოდის, რომ ის პოპულისტობდა.“

„ჩემგან ნათქვამი არც ერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – ვიცი, რომ ბიუჯეტი არის ძალიან მწირი. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ უმრავლესობის მიერ შექმნილი ფრაქციები არაფერს აკეთებენ და ამ ორი წლის მანძილზე არც ერთი საკითხი საკრებულოში არ წარმოუდგენიათ, გადავწყვიტე, ოპოზიციურ ფრაქციაში გავწევრიანდე და აქტიურად ვიმუშაო.“

საბოლოოდ კომისიის წევრებმა ახალი ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქციის შექმნის საკითხს უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს.

საკრებულოში ეს რიგით მეექვსე ფრაქციაა. ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 1 650 ლარია, თავმჯდომარის მოადგილის – 1 110 ლარი.