დღეს, 30 ოქტომბერს, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში დაიწყო და 25 ნოემბრამდე გაგრძელდება „შემოდგომის ზეიმი“ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში.
-საბავშვო ბაღის აღსაზრდელები შეისწავლიან თემას „შემოდგომა“. დღევანდელი ზეიმი ამ თემის შემაჯამებელი ღონისძიებაა, – ამბობს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგე ნანა რევაზიშვილი, – აღსაზრდელები სასწავლო თემა „შემოდგომასთან“ დაკავშირებით შესწავლილ აქტივობებს მშობლებისა და სტუმრების წინაშე წარმოადგენენ. ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან მშობლები, რაც ძალიან სასიხარულოა.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დღეს სასწავლო ოთახები და საბავშვო ბაღის ეზო, შემოდგომის ნობათით დახუნძლული დახვდათ. აღსაზრდელებმაც კოსტიუმები მოირგეს და „საქმიანობას“ შეუდგნენ. ვის ლექსი ჰქონდა წასაკითხი, ვის სიმღერა – შესასრულებელი. ზოგი მათგანი თეატრალურ დადგმებში მონაწილეობდა, ზოგი კიდევ „ბებიასთან“ ერთად თათარაში ჩურჩხელებს ავლებდა. „საქმე“ მშობლებსაც არ აკლდა, აღმზრდელებმა მათთვის შემოდგომის საქმიანობებში შეჯიბრებები გამართეს.
შემოდგომის ზეიმი თავიანთ სასწავლო ოთახში გამართეს 3-4 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელებმა (აღმზრდელები მაია დევდარიანი, ეკა ტაბატაძე) , ხოლო 4-5 წლიანთა ორმა ჯგუფმა (აღმზრდელები მაია ნანიტაშვილი, ნანა ჯოხაძე და მედული ბოგვერაძე, ქეთევან ლაცაბიძე) სტუმრებს ღია ცის ქვეშ, დიდი ნიგვზის ხის ძირში გაშლილ სუფრასთან უმასპინძლეს.
ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების მეთოდისტი თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში ზეიმების ჩატარების ახალი რეგულაციები იგეგმება.
„საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, თითქმის ბოლო პერიოდამდე, ზეიმები ერთმანეთის მსგავსი ფორმატებით ტარდებოდა. ვაჟებს ერთნაირი შარვლები და ჰალსტუხები ეკეთათ, ხოლო გოგონებს ერთნაირი კაბები ეცვათ. ახალი სტანდარტების მიხედვით, საბავშვო ბაღებში ზეიმები უნდა დაიგეგმოს ბავშვების სურვილების გათვალისწინებით. თითოეულმა მათგანმა ის როლი და კოსტიუმი უნდა მოირგოს, როგორიც თვითონ სურს. ზეიმი უნდა იყოს არა პომპეზური და ხანგრძლივი, არამედ – თამაში-დრამატიზაცია, ზეიმი ყველა აღსაზრდელისთვის ნამდვილ დღესასწაულად უნდა იქცეს.
დღევანდელი „შემოდგომის ზეიმი“ ამ მეთოდების გათვალისწინების თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენს საბავშვო ბაღებში ზეიმის ღია ცის ქვეშ გამართვა ტრადიციად იქცა. ეს ბავშვებისათვის თავისუფალ გარემოს ქმნის. ბუნებრივი მასალებით მოწყობილი დეკორაციები, მშობლების ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში ხელს უწყობს ბავშვის, მშობლისა და აღმზრდელის ურთიერთთანამშრომლობას და ეს თანამედროვე სტანდარტების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა“, – ამბობს თამარ ავალიშვილი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი