კონკურსი – „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა. 2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ბაღდათის #2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების პედაგოგი მანანა კაპეტივაძე გახდა.

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები ასევე არიან:

  • საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი,
  • სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ჯაბა ლაბაძე,
    თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი და
  • თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი.

30-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მანანა კაპეტივაძისთვის მასწავლებლობა მუდმივ განვითარებასა და სიახლეებისთვის მზაობას ნიშნავს. მან არაერთი პროექტი განახორციელა მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისე არი ჰაიერსთან ერთად.

მანანა მასწავლებლის ინიციატივითა და ორგანიზებით იმერეთის მასშტაბით, ინგლისური ენის კონკურსი რამდენჯერმე ჩატარდა. იგი მუდმივად ცდილობს სწავლების პროცესში სიახლეების დანერგვას. მასწავლებლობის პირველივე დღიდან ფიქრობს, რომ მისი ფუნქცია მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, მომავალ თაობებში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ხელშეწყობაა.

მოსწავლეებისთვის მანანა კაპეტივაძე მეგობარი, აღმზრდელი და დამრიგებელია. ისინიც რჩევისა და მხარდაჭერისთვის ხშირად მიმართავენ.

მანანა კაპეტივაძე ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამის (TEA) მონაწილე და ღირსების ორდენის მფლობელია. როგორ ჩაერთო კონკურსში, რა უნდა შეიცვალოს ქვეყნის განათლების სისტემაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახალგაზრდები მასწავლებლის პროფესიით დაინტერესდნენ, ამ და სხვა საკითხებზე ქალბატონ მანანას ვესაუბრეთ.

-შარშან, ჩვენი სკოლის დირექტორმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ ინფორმაცია რომ მოგვაწოდა, ყურადღება არ მივაქციე, – გვიამბობს მანანა კაპეტივაძე, – ჩვენ სკოლაში ბევრი გამორჩეული და წარმატებული მასწავლებელია. თან, ცოტა სკეპტიკურადაც ვიყავი განწყობილი – არ მეგონა ასეთი მასშტაბური და, რაც მთავარია, ობიექტური კონკურსი თუ იქნებოდა. ჩემი უფროსი ვაჟის დაჟინებული თხოვნაც კი არ გავითვალისწინე. კონკურსს თვალს შორიდან ვადევნებდი და ყველა მასწავლებელს ვგულშემატკივრობდი. შარშანდელი ერთ-ერთი ფინალისტი ნათია ფურცელაძე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია და მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები მქონდა.

წელს ნათია ფურცელაძე მასწავლებლებს ბაღდათში შეგვხვდა. მითხრა, რომ ჩემს აქტივობებს თვალს ადევნებდა და ამ კონკურსში, სულ მცირე, საუკეთესო ათეულში მოხვედრის შანსი მქონდა. ნათიასგან წახალისებამ, ჩემი სკოლის დირექტორის თანადგომამ და შვილების თხოვნამ საბოლოოდ გაჭრა და აპლიკაცია შევავსე. რეკომენდატორად ჩემი ყოფილი მოსწავლე, ამჟამად ILSA-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი, საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის მრჩეველი, საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გიორგი ნაკაშიძე შევარჩიე. ჩემი რეკომენდატორები არიან ასევე – მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამის მენეჯერი თეო ნეფარიძე და ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისე არი ჰაიერსი, ვისთანაც ორი წელი ვიმუშავე.

აპლიკაციის შევსების შემდეგ მივხვდი, რამდენი რამ გამიკეთებია 30 წლის მანძილზე. ათეულში კიდეც რომ არ გავსულიყავი, ჩემი საქმიანობით ბედნიერი და კმაყოფილი დავრჩი. ის ფაქტი, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეებიდან 12 ინგლისური ენის მასწავლებელია, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

-თქვენი აზრით, ჟიურიმ საუკეთესო მასწავლებელთა შორის რით გამოგარჩიათ?

-ალბათ, ჩემი გამოცდილებით, მრავალფეროვანი აქტივობებით. ბაღდათში ინოვაციების ცენტრს ვხელმძღვანელობ. აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. ჩამოვაყალიბე ონლაინ მედია პროექტი Generation Z/ახალი თაობა („ტელევიზია“ – როგორც ბავშვები უწოდებენ), სადაც ვაშუქებთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს, საგანმანათლებლო პროექტებს, საზოგადოებას ბაღდათელ ნიჭიერ ბავშვებს ვაცნობთ. ვიღებთ ვიდეორგოლებს ინგლისურ ენაზე და პოპულარიზაციას ვუწევთ ბაღდათის ტურისტულ პოტენციალს. ვარ „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებული. ამ პროექტის ფარგლებში საოჯახო ღვინის მარანი გავაკეთე. მაქვს ჩემი გასართობი ცენტრი ბავშვებისთვის. ვაწყობ საქველმოქმედო ღონისძიებებს… ალბათ, ჩემს გამორჩეულობაში ჟიურის წევრები ჩემს მოსწავლეებთან შეხვედრამ დაარწმუნა.

-გვიამბეთ თქვენს შესახებ.

-მყავს მეუღლე და ორი ვაჟი – გიორგი და ტატო. 28 წლის გიო ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია. „ალტაოკეიში“ ინტერნეტ მაღაზიის ადმინისტრატორად მუშაობს. არის შესანიშნავი ფოტოგრაფი. მისი ფოტო გამოფენილი იყო ედინბურგში, 2017 წლის Fringe Festival-ზე. წელს კი, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსში მთავარი პრიზი მოიპოვა.

27 წლის ტატომ ილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ხატავს, წერს ხატებს, აკეთებს ლითონისა და ხის ნაკეთობებს. უკრავდა როკ-ჯგუფში „ზღვარი“. მუშაობდა „ალტაოკეიში.“ შარშან ბაღდათში დაბრუნდა და ჩემს მეუღლეს ღვინის წარმოებაში ეხმარება. ტატომ სახლში ხმის ჩამწერი სტუდია მოაწყო და ბაღდათელ ახალგაზრდებთან ერთად ბენდი ჩამოაყალიბა.

-თქვენი აზრით, საქართველოს განათლების სისტემაში რა და როგორ არის შესაცვლელი?

-რთული კითხვაა იმ თვალსაზრისით, რომ მე არ ვარ განათლების სპეციალისტი. მხოლოდ მასწავლებელი ვარ და არ შემიძლია კონკრეტულად ვთქვა, რა და როგორაა შესაცვლელი. ეს საქმე ექსპერტებს მივანდოთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ თუ რამეს შეცვლა გინდა, თავად უნდა შეიცვალო უკეთესობისკენ, შეცვალო შენი დამოკიდებულება, პოზიტიურზე იფიქრო.

დამერწმუნეთ, ეს ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც უკეთესობისკენ შეცვლის.

-რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახალგაზრდები მასწავლებლის პროფესიით დაინტერესდნენ?

-ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა იყო როლური მოდელი შენი მოსწავლეებისთვის. არა მხოლოდ ცოდნა უნდა გადასცე შენს მოსწავლეებს, არამედ უნდა მოამზადო ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და ასწავლო ყველა სასიცოცხლო უნარი, დაანახო მნიშვნელოვანი ღირებულებები, ასწავლო ტოლერანტობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა და სხვ. ამაყი ვარ, რადგან ბაღდათსა და ქუთაისში ჩემი ყოფილი მოსწავლეებიდან ინგლისური ენის 12 წარმატებული მასწავლებელია (შესაძლოა, მეტიც). მეამაყება, რომ ამერიკელმა მოხალისემ, რომელიც სკოლაში ჩემთან ერთად ორი წელი მუშაობდა, ამერიკაში დაბრუნებისთანავე შეიცვალა აზრი და მასწავლებელი გახდა. მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემი გავლენით მიიღო. მე-6 და მე-2 კლასელ ჩემს მოსწავლეებს მასწავლებლობა სურთ. ერთ-ერთი მათგანი ვაჟია.

-რას უჩევთ და რას უსურვებთ თქვენს კოლეგებს

-ვისურვებდი, ყველა მასწავლებელი იყოს აქტიურად ჩართული სასკოლო და სათემო ცხოვრებაში, იყვნენ კრეატიულები და თბილები მოსწავლეების მიმართ, უყვარდეთ თავიანთი საქმე. ვურჩევ, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და ჩვენს პროფესიას პოპულარიზაცია გაუწიონ. დამერწმუნეთ, ამ კონკურსის ყველა მონაწილე გამარჯვებულია. არაჩვეულებრივ მასწავლებლებს, კონკურსის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს გაიცნობთ, სხვადასხვა სკოლებთან ითანამშრომლებთ, მოსწავლეებს გააცნობთ სხვა გამორჩეულ მასწავლებლებს, ერთად დაგეგმავთ და განახორციელებთ უამრავ პროექტს. მოკლედ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება!

ქალაქ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრი, 12 წელია პედაგოგად მუშაობს. ის მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებს თეორიული ცოდნა პრაქტიკული დავალებებით გაუმყაროს. ელისო მასწავლებელი დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. მისი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ეკოლოგიურ პროექტებში.

ელისო აბრამიშვილი სიამაყით ამბობს, რომ მისი 13 მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ეუფლება. ორი მათგანი უკვე მოქმედი მასწავლებელია და ეს მისთვის, როგორც პედაგოგისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

2014 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, პორტფოლიოების შერჩევის შედეგად ელისო აბრამიშვილი ქიმიის მასწავლებელთა ხუთეულში მოხვდა და ვარშავაში, კოპერნიკის ცენტრში, გაემგზავრა. ქალბატონი ელისო პროფესიული საზოგადოებების აქტიური წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ელჩია.

ის მიიჩნევს, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი ხელს უწყობს საზოგადოებაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისათვისაც ეს პროფესია უფრო მისაღები ხდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნინო გურეშიძე მოხვდა. ნინო მასწავლებელი „ჟიურის რჩეული“ გახდა.

„ბოლო წლებში მასწავლებლის პროფესია თითქოს გაუფასურდა, – ამბობს ნინო გურეშიძე, –  ახალგაზრდები მასწავლებლობას თითქმის აღარ ირჩევენ. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სკოლაში 40 წელს გადაცილებული ბევრად მეტი მასწავლებელია, ვიდრე – ახალგაზრდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მიზანი სწორედ ჩვენი პროფესიის პოპულარიზაციაა.

თავიდან ვთვლიდი, რომ ასეთი მაღალი დონის კონკურსის პირობებს ვერ დავაკმაყოფილებდი. მასწავლებელი ყოველთვის მოსწავლის მიღწევებზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩემი 2-3 მოსწავლის ფონზე რა მექნებოდა სათქმელი. დავრწმუნდი, რომ მთავარია ხარისხი და არა – რაოდენობა. კონკურსმა მეტი თავდაჯერებულობა შემმატა.

ძალიან სწორად იყო შერჩეული მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული.

ჩემთვის ყველაზე დიდი შედეგი ამ კონკურისა ის ურთიერთობებია, რომლებიც ჩვენს შორის ჩამოყალიბდა. ყველა მზად ვართ, რომ სამინისტროს თანადგომით, კარგი აქტივობებით, სწავლება უკეთესობისკენ შევცვალოთ.

ბევრჯერ მიგრძნია პროფესიული სიამოვნება ჩემი შრომის აღიარებით. ყველას აღემატებოდა 5 ოქტომბერი, როდესაც „ჟიურის რჩეულად“ გამომაცხადეს. ჩემთვის ეს ჯილდო დიდი პასუხისმგებლობაა, რომ უკეთესად ვისწავლო  და ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო, ვიყო მეტად კოლეგიალური არა მხოლოდ ჩემი სკოლის, არამედ სხვა სკოლების მასწავლებლებთან.

სულითა და გულით ვულოცავ გამარჯვებას მანანა კაპეტივაძეს და ვიზიარებ მის სიხარულს. ის გამორჩეული, პოზიტიური პიროვნებაა. ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ და მასთან ურთიერთობის საშუალება მაქვს.“

თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესოთა ათეული