პრეზიდენტობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძე 13 ოქტომბერს მხარდამჭერებს ხარაგაულში შეხვდა.
დავით ბაქრაძემ ყურადღება ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმაზე ცუდად ცხოვრობს, ვიდრე სამი-ოთხი წლის წინ ცხოვრობდა. ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გართულებულია.
პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ბოლო სამ წელიწადში სოციალური დახმარება 100 ათას ოჯახს მოეხსნა, არასაკმარისია პენსია.
მისივე განცხადებით, ცხოვრების შესაცვლელად 28 ოქტომბრის არჩევნები საუკეთესო შესაძლებლობაა. მან ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, რადგან „28 ოქტომბერს სახლში დარჩენა დღევანდელი ხელისუფლების დასაჩუქრება იქნება. ამიტომ ყველა, ვინც მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა, ვისაც დანაპირები არ შეუსრულეს, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეს. თითოეულმა ადამიანმა საკუთარი გაჭირვება საარჩევნო ყუთთან უნდა მიიტანოს.
დავით ბაქრაძემ 2003 და 2012 წლების არჩევნები გაიხსენა, როცა მოსახლეობამ ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალა. მან აღნიშნა, რომ 2003 წელს შევარდნაძეს პოლიციაც ჰყავდა, გამგებელიც და არც ჭკუა-გონება აკლდა. თუმცა, როცა მას ხალხმა უარი უთხრა, სახლში წავიდა.
რაც შეეხება 2012 წელს, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებაში ძალიან ძლიერები იყვნენ – უშიშროებაც ჰყავდათ, პოლიციაც, რესურსცენტრიც და სკოლის დირექტორებიც, მაგრამ როცა მოსახლეობამ უთხრა – არა, კაბინეტებიდან გამოვიდნენ. დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ თუ ამომრჩეველი მოინდომებს, ყველა ხელისუფლებას დაითხოვს, რადგან ხალხის წინააღმდეგ ვერავინ წავა.
დავით ბაქრაძემ ხარაგაულელ ამომრჩევლებს მიმართა, რომ იმდენად გაჭირვებულები ვართ, სასწაული ვერც მისი არჩევით მოხდება. თუმცა, არჩევნებში მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, პირველ რიგში, ქვეყანას ეყოლება პატრონი და ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც მოსახლეობა პასუხს მოსთხოვს. 28 ოქტომბრის შემდეგ მან უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ხარაგაულელებთან შეხვედრა ისურვა.
პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დავით ბაქრაძის პირველი სამი პრიორიტეტია – პრეზიდენტის ფონდიდან სტუდენტების დაფინანსება, ინვესტიციების მოზიდვა და პენსიების გაზრდა.
„პირველ რიგში, პრეზიდენტის ფუნქცია რაიონებში ინვესტიციების შემოტანაა, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ, – ინვესტორებს უნდა ვასწავლოთ სად არის ხარაგაული, ზესტაფონი, ახმეტა და ამას თავისით ვერც ერთი ვერ გაიგებს. ამიტომ პრეზიდენტის ფუნქცია უნდა იყოს, მაქსიმალურად რაიონებში ჩამოიტანოს თანხა. როცა ეკონომიკურ გაჭირვებაზე ვსაუბრობთ, ბევრს საბჭოთა პერიოდი კარგად იმიტომ ახსენდება, რომ ყველა რაიონში იყო ხილის გადამუშავება, საკონსერვო. ადამიანები პროდუქტებს აბარებდნენ და გლეხის ნაშრომს ფასი ჰქონდა.
თავისით არც ერთი ინვესტორი არ ჩამოვა ხარაგაულსა და ჭიათურაში. მთავრობამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ რაიონებში დაიხარჯოს ფული და სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადამუშავდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
ნინო კაპანაძე
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ
გრიგოლ ვაშაძე – ხარაგაულში ოთხსეზონიანი ტურიზმი უნდა განვითარდეს
სალომე ზურაბიშვილი – ხარაგაულში სამედიცინო ტურიზმის განვითარებაა შესაძლებელი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი