ხარაგაულელ მხარდამჭერებს 4 სექტემბერს ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეხვდა.
გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ წარმოადგენენ პოლიტიკური ორგანიზაციები: „ახალი საქართველოსთვის,“ „ემსახურე საქართველოს,“ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია,“ „სახელმწიფო ხალხისთვის,“ „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია,“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის,“ „ახალი საქართველო,“ „ევროპელი დემოკრატები“ და „საქართველო ლიდერთა შორის.“
გრიგოლ ვაშაძემ ხარაგაულელ მხარდამჭერებთან შეხვედრა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო. გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მასობრივად ტოვებენ ქვეყანას და სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებენ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა „ხელისუფლებისგან მიტოვებულ,“ „ბედისანაბარა მყოფ“ ხალს მიმართა: „თავხედური დაპირებები აღარ მოვისმინოთ და ხელისუფლებაში მყოფი კორუმპირებული ბანდა არჩევნების გზით შევცვალოთ.“
გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, რადგან ის მოტყუებული მოსახლეობის პროტესტს ხედავს.
ოპოზიციური გაერთიანების პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და მოქალაქეებს თხოვა, ყველას აუხსნან, რომ საარჩევნო კაბინაში მყოფი ამომრჩევლის ნებას ვერავინ გააკონტროლებს. მისი თქმით, არ უნდა დავიჯეროთ ხელისუფლების მიერ გავრცელებული ტყუილი, რომ პრეზიდენტს ფუნქციები არ აქვს.
გრიგოლ ვაშაძემ ოჯახებისა და ქვეყნის გადარჩენისთვის განსაკუთრებული მადლობა ქალებს გადაუხადა და ისურვა, რომ კვლავ ისინი იყვნენ მომავალი გამარჯვების ლოკომოტივები.
პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე გვპირდება, რომ
– დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს;
– გაჩერებული პროექტები ამოქმედდება და ბიუჯეტი განაწილდება ისე, რომ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკურ განადგურებას გადაურჩეს;
– შეიქმნება პატარა ეფექტური მთავრობა, რომელიც ქვეყანას განვითარების გზაზე დააბრუნებს.
ზემოთ ჩამოთვლილ დაპირებებს გრიგოლ ვაშაძე საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ფონდებთან თანამშრომლობით გეგმავს. ამ ფონდებიდან თანხის მოზიდვით აპირებს, მაგალითად, ხარაგაულის მსგავს რეგიონებში საკურორტო ზონის განვითარებაზე ხელშეწყობას. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მსოფლიოში ისე ძვირად არაფერი ფასობს, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ჰაერი, საკვები და სიმყუდროვე. საქართველო და, მათ შორის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ოთხსეზონიანი ტურიზმისთვის საუკეთესო ადგილია.
-ეკონომიკა განათლებით იწყება. მეთორმეტეკლასელმა მხოლოდ ქართული ენა და ისტორია კი არა, ის სამყარო უნდა იცოდეს, რომელშიც ცხოვრება მოუწევს. ჩვენი სკოლა ამ ფუნქციას, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ასრულებს, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სერიოზული ბირთვის გამოყოფისა და მათ მიერ პარტია „ევროპული საქართველოს“ შექმნის მიზეზი, გრიგოლ ვაშაძემ გვიპასუხა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2017 წლის 21 იანვარს გაწევრიანდა და ამიტომ მისი მხრიდან არაკორექტული იქნება ისაუბროს იმაზე, რისი მონაწილეც არ ყოფილა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, პირველ ეტაპზე ეს იყო პარტიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი, ახლა კი უკიდურესად სასარგებლოა.
გრიგოლ ვაშაძე თავისი მოსაზრებების აუდიტორიამდე მიტანაში დამოუკიდებელი რეგიონული მედიის როლს უაღრესად დადებითად აფასებს, რადგან, მისი თქმით, სწორედ დამოუკიდებელი მედიის დამსახურებაა, მისი სიტყვა მოსახლეობაში რომ ვრცელდება.
პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად ხარაგაულელ მხარდამჭერებს მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე და გიორგი ვაშაძე შეხვდნენ.
შეხვედრაზე მურმან დუმბაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნების“ რიგებში ყოფნის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, ის გულწრფელად უჭერდა მხარს ბიძინა ივანიშვილს და ეგონა, სააკაშვილის ხელისუფლებას უკეთესით შეცვლიდა. მურმან დუმბაძის აზრით, გრიგოლ ვაშაძე მაღალი დონის პროფესიონალი, მებრძოლი და პრინციპული ადამიანია.
მედეა ვასაძემ ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მას „ქართული ოცნება“ „ჰარიჰარალოზე“ არ დაუტოვებია. ის ხელისუფლებაში მყოფი პირველი პირებიდან ელოდა რეაგირებას იმ უკანონობებზე, რასაც აჭარის რეგიონში ხედავდა, თუმცა – უშედეგოდ. მედეა ვასაძემ შეკრებილებს გრიგოლ ვაშაძის ნდობისკენ მოუწოდა.
გიორგი ვაშაძის აზრით, გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რაიონებს, ქალაქებსა და სხვა უწყებებს სათავეში პროფესიონალები, სამშობლოს მოყვარული პიროვნებები ჩაუდგებიან. ოპოზიციური გაერთიანების – „ძალა ერთობაშია“ – სოფლის გაძლიერების კომპლექსური გეგმით შემოსავალი ყველა ოჯახს უნდა გაუჩნდეს და ხარაგაული გაუკაცრიელებული აღარ უნდა იყოს.
მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში 2015 წელს გარემონტებული, ამჟამად ჭერ და კედლებჩამონგრეული, ე. წ. „ღია ესტრადა“ მოინახულეს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ამ ერთი ობიექტიდან ჩანს, რომ ხელისუფლებაში არიან არაპროფესიონალები, რომელთაც ქვეყანა არ უყვართ.
ნინო კაპანაძე
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ
სალომე ზურაბიშვილი – ხარაგაულში სამედიცინო ტურიზმის განვითარებაა შესაძლებელი
დავით ბაქრაძე – ინვესტორებს უნდა ვასწავლოთ, სად არის ხარაგაული, ზესტაფონი, ახმეტა…
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი