გივი გოგოლაძის წიგნიდან „კეთილ გულით მოძღვნილია“

გასული საუკუნის მეორე ნახევარში ხარაგაულში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ღიმილის დიდოსტატად ცნობილი ავტოტრანსპორტელი კოწია კიკნაძე, რომელმაც დაწყებული ,,პალტარა ტონვადან“ მოყოლებული, თითქმის ყველა მარკის ავტომანქანა გაატარა თავის ხელში „იკარუსამდე“.

ავტოსატრანსპორტო საწარმოს ეკონომიკური სამსახურიდან დავადგინეთ, რომ კოწიას საწარმო გეგმის მაჩვენებელი არ ჩამოსულა 150%-ზე დაბლა იმ დროს, როცა მძღოლთა უმრავლესობა გეგმას ძლივს ასრულებდა.

მიზეზი ძალზე მარტივი აღმოჩნდა. მგზავრების დიდი ნაწილი არ გაჰყვებოდა ავტობუსს, თუ იმავე მიმართულებით მოკლე დროში კოწიას ავტობუსსაც უწევდა გასვლა. ამას კი ღიმილის დიდი ნიჭით აღწევდა.

 

„ხურდა გერგება, ქალბატონო“

ერთ ქალბატონს ზესტაფონის ბაზარზე შაფრანი ვაშლი წაუღია. ნახევარი გაუყიდავი დარჩენია და კოწიას ავტობუსით უკან მოაქვს. ავტობუსიდან ჩასვლისას კოწიასთვის ბილეთის ღირებულების ნაცვლად შაფრანის ვაშლები მიუცია.

ჩამოურთმევია მასაც ზრდილობიანად და – მოითმინეთ, ქალბატონო, ხურდა გერგებათო და რამდენიმე ცალი პანტა ვაშლი გაუწოდებია. დღემდე არ გაუცვდათ მგზავრებს ეს ამბავი საღიმილოდ.

kowias_qorwili

კოწია ქორწილში

70-იანი წლების ერთ ნაკლებმოსავლიან წელს კოწიას თავისი ავტობუსით მაყრიონი გადაჰყავს სოფელ მარელისიდან წყალაფორეთში. კოწიას გამოჩენისთანავე წინასწარ გამხიარულდა მაყრიონი. ერთმა მაყარმა უთხრა: -ბატონო კოწია, რატომ კარგავ დროს, რატომ არაფერს გვეუბნებიო.

-მე რა უნდა გითხრათ, ახლა სულ მალე თამადას ავირჩევთ და იმ თამადას ვთხოვ პირველი სადღეგრძელო მაჭანკლების შესვას, ამ შიმშილობის დროს ამდენი გოჭის ხორცი და ხაშლამა რომ დაგვიყარა წელზეო.

kowias_vajebi

 

კოწიას ვაჟები

სამი შესანიშნავი ვაჟი ჰყავს კოწიას: ტარიელი, ავთანდილი და კოტე. ომის ინვალიდს, თუ ფეხში იყო დაჭრილი, უფასოდ აძლევდნენ ავტომანქანა „ზაპოროჟეცს“.

შემოესივნენ კოწიას ბიჭები და უსაყვედურეს: რომ ჩაძვერი იმ ,,აკოფში“ და გაბუნაგდი, ვერ ამოყავი ერთი წუთით ფეხი, „ზაპოროჟეცს“ შენც მოგცემდნენო.

– ფეხს კი არა, რომ მცოდნოდა თქვენ გამიჩნდებოდით, პირდაპირ იმას ამოვყოფდიო, – იყო კოწიას პასუხი.

partiuli_wukebi

 

პარტიული ჭუკები

კოწიამ შემთხვევით გზაზე ინდაურის ჭუკი მოკლა ავტობუსით. პატრონი ქალბატონი გაცხარდა:

– ეს რა ჰქენი, მე შენ პარტიის რაიკომში გიჩივლებო.

– რატომ პარტიის რაიკომში, ქალბატონო, თქვენი ჭუკი პარტიული ხომ არ იყოო, – იკითხა ზრდილობიანად კოწიამ.