ეზოში მოფუსფუსე შავოსანი ქალბატონი იმედიან მზერას აყოლებს პატარა ლინდას და თვალები ცრემლით ევსება. როგორ ჰგავს ბაბუამისს, – ჩემდა უნებურად წარმომიდგა თვალწინ თანასკოლელის, თემური ბაბლიძის სახე. შემდეგ მის ფოტოს ვაკვირდები…
თემური ბაბლიძე აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მძიმეა შვილმკვდარი მშობლის – ანიკო ბაბლიძის ხვედრი. განსაკუთრებით ძნელი კი იმ რეალობასთან შეგუებაა, რომ შვილის საფლავიც კი არ აქვს…
„თემური ძალიან ჭკვიანი, ზრდილობიანი, კარგი მოსწავლე იყო, – გვიამობს თემური ბაბლიძის დედა ქალბატონი ანიკო, – სამხედრო სავალდებულო სამსახური რომ დაასრულა, ომში წაიყვანეს. ორი შვილი დამიტოვა – 4 წლის ნიკა და 2 წლის ირაკლი. ვიცი, რომ სოხუმში იბრძოდა, შემდეგ – გაგრაში…
24 სექტემბერი იყო, პარასკევი დღე. ხარაგაულის კომისარიატში მივედი ამბის გასაგებად. მითხრეს, თქვენი შვილი საომარ ტერიტორიაზეა და უახლოეს ხანში ყველაფერს შეგატყობინებთო. გაგვაგებინეს, რომ დაიღუპა. თუმცა, სად, რა ვითარებაში, არაფერი ვიცით. მას შემდეგ ვეძებთ, ტელევიზიაშიც ბევრჯერ გამოვაცხადეთ, მაგრამ მნახველი არავინაა.
მერე ქალთა ასოციაციას დავუკავშირდი. მათაც დაიწყეს ძებნა. თითქოს 2 ოქტომბერს გაგრაში ტყეში ცოცხალი უნახავთ. ამ დღიდან სად გაქრა, უცნობია.
ხარაგაულის რაიონის პრეფექტი ნოდარ ებანოიძე გვეხმარებოდა თემურის მოძებნაში. ჩემს მეუღლეს წაჰყვა კიდეც, მაგრამ სოხუმში აღარ შეუშვეს.
ხარაგაულის სამხედრო კომისარიატში პენსიის დასანიშნად საბუთები რომ მომთხოვეს, მაშინ გავარკვიეთ – თემური 21-ე ბრიგადაში ირიცხებოდა. დავით ქათამაძე ყოფილა მათი ხელმძღვანელი. ის ბატალონი მთლიანად განადგურებულა. მებრძოლებიდან ცოცხალს ვერავის მიაკვლიეს…“
მას შემდეგ თემურის მამა – სულიკო ბაბლიძე შვილის მოლოდინში ათენებდა და აღამებდა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე დარწმუნებული იყო, რომ თემური ცოცხალი დაბრუნდებოდა. სიზმარს ვნახულობ, ჩემი შვილი ცოცხალიაო, – თურმე ხშირად ამბობდა…
ომში თემურის წასვლამდე წლინახევრით ადრე ბაბლიძეების ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა უფროსი შვილის, თამაზის, გარდაცვალების გამო.
გაჭირვებამ უფრო გამაძლიერაო, – ამბობს ქალბატონი ანიკო. თემურის შვილები – ნიკა და ირაკლი ანიკო ბებიამ გაზარდა. ბიჭები დედამ დატოვა. არც ბაბლიძეებისა და არც რძლის ოჯახში იციან რაიმე მის შესახებ.
მძიმე წლები იყო – არც საჭმელი იშოვებოდა და არც წამალი. შვილიშვილებს ავადმყოფ მეუღლეს უტოვებდა, ხარაგაულში ღამით პურის რიგში რომ ჩამდგარიყო.
ჩემი ბიჭები რომ დამეღუპენ, პატარა ხის სახლში ვცხოვრობდი. მას შემდეგ ვწვალობ, ქალიც ვარ, კაციც, მუშაც და დიასახლისიცო, – ამბოს ქალბატონი ანიკო.
სახელმწიფო ზოგჯერ საკვები პროდუქტებით ეხმარებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლიდან, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახების ყოველთვიური დახმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თემურ ბაბლიძე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
თემური ბაბლიძის შვილი ირაკლი დღეს ორი ქალიშვილის – ლინდასა და ლილეს მამაა. ირაკლიმ ჯარისკაცობა აირჩია. ამჟამად თბილისშია საწვრთნელ ბაზაზე. შესაძლოა, სამი თვის შემდეგ ავღანეთში წაიყვანონ.
„…ხომ გაგიგონია, დედა სამშობლო დედასავით გიყვარდესო. წავიდა ჩემი შვილი მის დასაცავად, მაგრამ ვერ დაიცვა. ისევ დასაცავია ჩვენი ქვეყანა. დიდი ტერიტორიები დაკარგულია. ვერ გაიმარჯვეს ქართველებმა, – ამბობს ანიკო ბაბლიძე, – გმირის დედა რომ ვარ, ეს ძალიან მეამაყება, მაგრამ გაჭირვებაც არის და გაჭირვებაც. ადამიანი იმედით ცოცხლობსო, ნათქვამია. მე თემურის შვილებისა და შვილიშვილების იმედით ვცოცხლობ. რა ვქნა, ესენი მაძლებინებენ. ლინდა და ლილე ჩემი მალამოები არიან.“
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ანიკო ბაბლიძე შვილიშვილის მეუღლე თამუნა ჭანკოტაძესთან და შვილთაშვილებთან ერთად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი