საფრანგეთში, ემიგრაციაში მყოფმა ხარაგაულელმა ზურაბ ცუცქირიძემ ცეკვის საკუთარ სტუდიას მშობლიური სოფლის სახელი დაარქვა.

„დეისი ჩემი უსაყვარლესი კუთხეა ხარაგაულში, ჩემი ძირი, ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონება. ამიტომ გადავწყვიტე, სტუდიისთვის „დეისი“ დამერქმია. ალბათ, ისევ ბავშვობაში დაბრუნება მსურს,“ – ასე ხსნის ზურაბი თავის გადაწყვეტილებას.

ოთხი წლის იყო ზურაბ ცუცქირიძე, მშობლებმა ცეკვისადმი განსაკუთრებული ინტერესი რომ შეატყვეს და სტუდია „მართვეში“ მიიყვანეს. მალე ზურაბი ამავე სტუდიის საკონცერტო ანსამბლში გადავიდა. ცეკვა იმდენად უყარდა, რომ მძიმე 90-იან წლებში, უშუქობის დროს, დარბაზში ლამფა მიჰქონდა და მეგობარ კახა დაშნიანთან ერთად ღამეებს ცეკვაში ათენებდა. 16 წლის ასაკში სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ უმაღლესი კატეგორიის მოცეკვავე გახდა. ფრიდონ სულაბერიძესთან და ანზორ ერქომაიშვილთან ურთიერთობით მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. თვლის, რომ ანსამბლი „რუსთავი“ მისთვის მეორე ოჯახია.

შემდეგ ზურაბ ცუცქირიძის ცხოვრებაში რთული დღეები დადგა. მას მშობლები გარდაეცვალა. ცეკვის ხსენებაც კი აღიზიანებდა…

ზურაბი მეუღლე ნინო გეთიაშვილთან და ქალიშვილებთან –  ქეთისა და დოდოსთან ერთად 2013 წელს ემიგრაციაში წავიდა. ახალი ცხოვრება საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში დაიწყეს. სამი წლის წინ მათ ოჯახს კატო შეემატა.

-ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, ყოველდღიურად ერთმანეთს ვამხნევებდით, – გვიამბობს ზურაბ ცუცქირიძე, – საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ძირითად ნაწილს ქართულად ლაპარაკი უჭირს. ბევრს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საქართველო საერთოდ არ უნახავთ, ჩვენი კულტურა და ისტორია არ იციან. ამიტომ გადავწყვიტე ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც ემიგრანტებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის.

შარშან ნიცაში ქართული ცეკვის სტუდია ჩამოვაყალიბე. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საფრანგეთში სახელი ძალიან მალე გავითქვით. ემიგრანტები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებიდან მიკავშირდებოდნენ და ცეკვის სტუდიების გახსნას მთხოვდნენ. ამჟამად ჩემი სტუდიები პარიზში, ნიცაში, ლიონში, სტრასბურგსა და ვალენსში ფუნქციონირებს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველებთან ერთად ჩემს სტუდიაში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ფრანგები, აზერბაიჯანელები და სომხები სწავლობენ. დიდ სიხარულსა და ძალას მმატებს, როდესაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ. სტუდიის წევრებისთვის ქართული ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა სავალდებულოა. ასე რომ, სხვა ეროვნების ბავშვებიც ქართულად ლაპარაკობენ და ცეკვავენ.

რეპეტიციების დროს თითოეული ცეკვის ისტორიას ვუხსნი. ბედნიერი ვარ, ცეკვის დროს ახალგაზრდების ანთებულ თვალებს რომ ვხედავ. არასდროს მომბეზრდება მათთან ერთად ცეკვა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა წინაპრებისგან გადმოცემული ტრადიციები არ დავკარგოთ.

ოქტომბერში პარიზში დიდი ღონისძიებისთვის ვემზადებით. ვცდილობ, სხვადასხვა ქალაქებში მოქმედი სტუდიის მოცეკვავეებს თავი ერთად მოვუყარო. ამით ერთმანეთისადმი სიყვარული, მეგობრობა და ერთობა უფრო გამყარდება.

და კიდევ ერთი – ვამაყობ, რომ საფრანგეთში პატარა საქართველო და ჩემი დეისი შევქმენი.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ზურაბ ცუცქირიძე რეპეტიციაზე, სტუდია „დეისის“ მოცეკვავეებთან ერთად;
ხელოვნების ასოციაცია „დეისის“ პრეზენტაციას ვალენსში საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე დაესწრო