როგორ ხვდებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ახალ – 2018-2019 სასწავლო წელს, რამდენად მზად არიან განათლების სამინისტროს მიერ დანერგილი სიახლეებისთვის, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის რამდენიმე სკოლის დირექტორს მივმართეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები უზრუნველყოფილნი არიან VII-XII კლასების სახელმძღვანელობით, პირველკლასელთა ბუკებით, საკლასო ჟურნალებით.
ახალი სასწავლო წლისთვის მზადება ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში გასული სასწავლო წლის დასრულებისთანავე დაიწყეს. სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე ამბობს, რომ სკოლის ინფრასტრუქტურა, საერთო ჯამში, ნორმალურია. ამის მიუხედავად, პირველი ამოცანა, უახლოეს პერიოდში, სკოლის სახურავის მოწესრიგებაზე ზრუნვაა. სკოლის შენობა 18 წლის წინ გადაიხურა და უკვე პატარ-პატარა პრობლემები გაჩნდა. სკოლის დირექტორმა ეს საკითხი განათლების სამინისტროსა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წინაშე დააყენა.
ვალერი გოგნაძე მიიჩნევს, სკოლას სპორტული დარბაზი აუცილებლად სჭირდება. ამისთვის დირექტორი, 3-4 წელია, აქტიურად იბრძვის. სკოლას ეზოში აქვს მოასფალტებული სპორტული მოედანი, რომელიც 12 წლის წინ საგრანტო დაფინანსებით მოაწყვეს, მაგრამ განათლების სამინისტროს მოთხოვნებიდან გამომდინარე, სკოლას სპორტული და ფიზიკური აღზრდის ბაზა აუცილებლად უნდა გააჩნდეს. კოსმეტიკური რემონტისათვის სკოლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 300 ლარი გამოიყო. ამ თანხით შეიღება შემოსასვლელი ჭიშკარი, ღობე, დაზიანებული კედლები შეკეთდა და პირველი კლასის საკლასო ოთახი მოწესრიგდა.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა სწავლის განსაახლებლად საჭირო ყველა ინვენტარით უზრუნველყოფილია. 29 მასწავლებლიდან 18 სერტიფიცირებულია, ორმა მასწავლებელმა წამყვანი პედაგოგის სტატუსისთვის ყველა საფეხური გაიარა და გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირდებიან.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში 200-მდე მოსწავლეა. წელს პირველ კლასში სწავლას 14 მოსწავლე შეუდგება.
ვალერი გოგნაძე კურსდამთავრებულების წარმატებებით ამაყობს – თორმეტი კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. მათგან ბერიკა ებანოიძემ 70%-იანი, ხოლო კესო შარიქაძემ 50%-იანი გრანტი მოიპოვეს.
გასულ წელს მეათეკლასელი ლიზა ბარბაქაძე რაიონის ეტალონი მოსწავლე გახდა და რესპუბლიკურ შეჯიბრში მე-10 ადგილზე გავიდა. ვალერი გოგნაძე თვლის, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა და #2 სკოლისათვის ეს დიდი წარმატებაა.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ I-VI კლასებში ახალი სასწავლო გეგმით სწავლებისთვის მასწავლებლები გადამზადნენ. სასწავლო გეგმის სიახლეებზე ტრენინგი დირექტორმაც გაიარა. ახალი საგნის – „მე და საზოგადოება“ – სწავლებისთვის პედაგოგი გადამზადებულია. სიახლეა ის, რომ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგმა ალექსანდრა ჭიპაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.
ვერტყვიჭალის სკოლაში 17 სექტემბერს 13 პირველკლასელს ელოდებიან. მათთვის გადასაცემი ბუკები სამინისტროსგან უკვე მიიღეს. სკოლის კონტინგენტი, გასულ წელთან შედარებით, 15 მოსწავლით გაიზარდა. ვერტყვიჭალის სკოლა ზამთრისთვის სათბობი შეშით უკვე მომარაგებულია. სრულად აქვთ სახელმძღვანელოები.
ზვარის საჯარო სკოლა. ზვარეს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა და ამის გამო ყველა მასწავლებელს სახელფასო დანამატი დაერიცხება – განაკვეთზე 113 ლარი. სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი მოხარულია, რომ კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული ოთხი მასწავლებელი სტატუსს შეიცვლის და უფროსი მასწავლებელი გახდება.
ზვარის სკოლის ცხრა კურსდამთავრებულიდან ოთხი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. სკოლას სწავლების მეორე საფეხურზე ოთხი ათოსანი მოსწავლე ჰყავს, რომლებიც კომპიუტერებით დაჯილდოვდებიან.
ზვარის საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემები შარშან მოწესრიგდა. სკოლა გადაიხურა, მოეწყო სველი წერტილები, სარინელი, ცენტრალური გათბობა, გამოიცვალა კარ-ფანჯრები. წელს სკოლის ფინანსებით ეზო შემოიღობა. ეზოს კეთილმოსაწყობად ხარჯთაღრიცხვა შედგენილია. განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ნებართვის შემდეგ ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. წელს ზვარის საჯარო სკოლაში სწავლას ექვსი პირველკლასელი შეუდგება.
წიფის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე გასულ სასწავლო წელს აჯამებს. მისი ინფორმაციით, სკოლის ხუთი კურსდამთავრებულიდან სამმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ოთხი კურსდამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
იანვრიდან წიფის საჯარო სკოლის ექვსი პედაგოგი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს. სკოლა წელს ოთხ პირველკლასელს ელოდება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, შენობა ექვსი წლის წინ გარემონტდა. ახალი – 2018-2019 სასწავლო წლისთვის – სკოლის ბიუჯეტიდან ორ ოთახს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა, შეკეთდა ღობე.
წიფის სკოლის სტადიონთან არსებული საყრდენი კედელი შარშან ზამთარში დაინგრა. მისი აშენება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემის შესახებ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტო ინფორმირებულია. გოჩა კვინიკაძის თქმით, სკოლასა და საყრდენ კედელს შორის ნაყარი მიწაა. თუ პრობლემა მალე არ მოგვარდა, დროთა განმავლობაში შეიძლება საფრთხე სკოლას დაემუქროს.
მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ წიფის სკოლის კურსდამთავრებული სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში, ჯერჯერობით, შეღავათით ვერ სარგებლობენ. მესამე საფეხურის მოსწავლეები წიფის სკოლაში ხაშურიდან და ქარელიდან იმიტომაც გადმოვიდნენ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში შეღავათით ისარგებლონ. შეღავათების ამოქმედების დაჩქარების საკითხი სკოლის დირექტორმა პარლამენტარისა და გუბერნატორის წინაშე დააყენა.
სერიოზული და ძალიან მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებით ხვდება ახალ სასწავლო წელს კიცხის საჯარო სკოლა. სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ამბობს, ავარიულ შენობაში სწავლის გაგრძელება უსაფრთხო არაა. ის განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებს ელოდება. მათ უნდა განსაზღვრონ, შეიძლება თუ არა სკოლაში სწავლის განახლება. თუ შესაბამისმა კომისიამ სკოლის შენობაში სწავლის დაწყების ნება არ დართო, მაშინ ალტერნატიული ფართია მოსაძიებელი. მთავარი მოსწავლეთა უსაფრთხოებაა.
კიცხში ახალი სკოლის აშენება ინფრასტრუქტურის სააგენტოს სამოქმედო გეგმაში შეტანილია. კიცხის სკოლის მსგავსად საქართველოში უმძიმესი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა 578 სკოლაშია.
თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ კიცხის სკოლას კვალიფიციური და მოტივირებული პედკოლექტივი ჰყავს. პედაგოგთა თითქმის 70% სერთიფიცირებულია. წელს ამ სკოლაში სწავლას 10 პირველკლასელი შეუდგება. თამარ წიწილაშვილის მთავარი საზრუნავი კიცხში ახალი სკოლის აშენებაა.
თამთა გოგოლაძე
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი