თვენახევარია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, ჩიტაძეების უბნის მაცხოვრებლები, ზარალის შესაფასებლად ექსპერტს ელოდებიან.
რკინიგზის მშენებლობამ ექვსი ოჯახი სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა. ტრაქტორის მუშაობისას მათ ეზოებში ქვები მუდმივად ცვივა, აფეთქებების გამო საცხოვრებელი სახლები დაიბზარა.
მანუჩარ ღონღაძის დედას ეზოში საქმიანობისას ქვა ზურგში მოხვდა. დანგრევის პირას მისულ სამზარეულოს, დაზიანებულ სახლსა და ღობეს აღარ დაეძებს, რადგან დედა ცოცხალი გადაურჩა.
რკინიგზის მშენებელი კომპანიის – „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ – წარმომადგენლები მდგომარეობას ადგილზე გაეცვნენ და მანუჩარს დაჰპირდნენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 30 სამუშაო დღეში მოიწვევდნენ. თუმცა, მათთან ჯერ არავინ მისულა.
თინა ჩიტაძის საცხოვრებელი სახლიდან რკინიგზის მშენებლობა 50 მეტრის დაშორებით მიმდინარეობს. სახლის უკანა კედელი და ფანჯარა ჩამოინგრა. ფერდობის თავზე მავთულის ღობეა, რომელიც მშენებლებმა ქვების დასაჭერად გაავლეს. ქვებისგან მოსახლეობის დასაცავად მიწით სავსე ტომრების „მესერსაც“ იყენებენ.
თინა ჩიტაძის ვაჟი ზაზა ჩიტაძე ამბობს, რომ ერთი დიდი ლოდი მოჭრილი მუხის მორს უჭირავს. ლოდის სახლზე დაცემის საშიშროება ყოველ წუთსაა მოსალოდნელი.
დაბზარულია თავად ზაზა ჩიტაძის სახლის კედლები. შესასვლელში ჭერი ჩამოინგრა.
ზვარელები ამბობენ, რომ აფეთქების დროს მშენებელი დასაშვებზე მეტი დოზის ასაფეთქებელს იყენებს. მოსახლეობა უსაფრთხო მშენებლობას, კერძოდ კი მავთულის მესერის ნაცვლად დამცავი კედლის აშენებას ითხოვს.
ჩიტაძეების უბანში 27 აგვისტოს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები მოსახლეობის მოთხოვნით მივიდნენ. კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მრჩეველმა ზაზა ჯიქიამ აღნიშნა, რომ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მშენებლობის არეალში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ.
„განსაკუთრებულ სიფრთხილეს დავიცავთ აფეთქებისას, – მიმართა ჩიტაძეების უბნის მაცხოვრებლებს მშენებლობის ზედამხედველი ავსტრიული კომპანია „აილექსის“ ინჟინერმა გიორგი ქაჯაიამ, – ყველა აფეთქებას უსაფრთხოების ინჟინერი დაგეგმავს და თავადაც ადგილზე იქნება. მშენებელი კომპანია ზარალს აანაზღაურებს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივწერთ, რომ ზვარეში უახლოეს პერიოდში ჩამოვიდნენ.“
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი – ქვიშხეთი-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2011 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი