28 ივლისს, წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს, ხარაგაულელები წმ. გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმოდ აღნიშნავენ კახორობის დღესასაწაულს.

კახორის მთა სოფელ ფარცხნალთან მდებარეობს და ამაყად დაჰყურებს ხარაგაულს.

ტრადიციულად, ადამიანები 28 ივლისს გამთენიისას მიემართებიან სალოცავისკენ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის, რომ ის, ვინც ფიზიკურად ვერ შეძლებს მთის მწვერვალზე მდებარე ეკლესიაში მისვლას, შეუძლია ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის ნანგრევებს მიაკითხოს, სანთელი აანთოს და ილოცოს. ძალიან ცოტამ თუ იცის სხვა რამ ამ ეკლესიის ნანგრევების შესახებ.

პატარა ხარაგაულის ეს ადგილი ძალიან ლამაზი ხედებით იწონებს თავს. ამჟამად ეკლესიის ნანგრევები სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს. აქვე წააწყდებით უძველეს საფლავებს, ქვაზე კვეთის იშვიათ ნიმუშებს. არავინ იცის ამ ეკლესიის ნანგრევების ზუსტი ისტორია. წყაროებშიც ძალიან მწირად მოიპოვება ინფორმაცია.

ვინაიდან მე ყოველი წლის 28 ივლისს ვსტუმრობ ამ ადგილს, ხშირად გამჩენია ამ ეკლესიის აღდგენის სურვილი. ეს იქნებოდა მშვენიერი ისტორიული ადგილი და ხალხიც მშვიდად დაანთებდა სანთელს და ილოცებდა.

ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციით, ამ ტაძრის აღდგენა შეიძლებოდა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით. მათთან საუბრიდან კი გავარკვიე, რომ ჯერ უნდა მოგვეპოვებინა ინფორმაცია, ვისი სახელობის იყო ეკლესია და რომელ საუკუნეში აშენდა ის.

წერილობით მივმართე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დახმარება ვთხოვე. მალევე შექმნეს სპეციალური კომისია, რომელიც ხარაგაულში ჩამოვიდა და ამ ნანგრევების ისტორია ადგილზე შეისწავლა.

2017 წლის 29 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც პატარა ხარაგაულში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამიერიდან სახელმწიფო და ჩვენ ერთად ვიზრუნებთ მის აღდგენასა და დაცვაზე. შესაბამისად, მისი აღდგენა კანონიერად და ყველა კანონიკური წესების დაცვით მოხდება.

ვცდილობ, მისი აღდგენის საკითხი ნელ-ნელა დავძრა და ძველთან მიახლოებულად ავაშენოთ. ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია. შემდგომ უკვე სახელმწიფო დაიცავს მას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.

ყველა ხარაგაულელს ვულოცავ ამ დღესასწაულს და ვისურვებ მთელი გულით, რომ მალე აღდგეს ჩვენი მაცხოვრის სახელობის ეკლესია და ხარაგაულს დაუბრუნდეს ძველებური სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ცხოვრება.

ხათუნა ბრეგვაძე