„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას.

ამჯერად ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები, კერძოდ, არ
ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 50-მდე ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 4, ხოლო ხარაგაულში – 1 ფაქტი გამოვლინდა; ბაღდათის მუნიციპალიტეტში თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში;

გამოვლინდა კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც ავალდებულებს საჯარო მოსამსახურეს სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვას გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილები. ბაღდათში საწარმოში არსებული წილები სამართავად არ გადაუცია 4, ხოლო ხარაგაულში – 1 თანამდებობის პირს.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, კანონდარღვეები გამოვლინდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძის, მერის მოადგილე ფირუზ ბურჯანაძის, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძის, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გაბრიელ ღიბრაძისა და მისი მოადგილე ზაზა ზივზივაძის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მაია კბილაშვილისა და მისი მოადგილე მურად ბურჯანაძის ქონებრივ დეკლარაციებში. 

რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძემ 2018 წლის შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს საზაფხულო დასასვენებელი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკ „კლდეკარის“ 50%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

გარდა ამისა, რუსუდან გიორგაძეს დეკლარაციაში არ აუსახავს, რომ მისი მეუღლე, ბესარიონ ჭიჭინაძე, არის შპს „დ გრუპის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი.

წყარო