თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკალმახე მეურნეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – შპს „ლომის მთა“ , რომელიც საკუთარი ფინანსებითა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ზაზა სახვაძემ 2017 წლის თებერვალში შექმნა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა ვალერი ქვაჭრელიშვილმა, იმერეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან ერთად მოინახულა.

შპს „ლომის მთა“ საკალმახე მეურნეობაში წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებენ. წარმოებული  პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციით, საკალმახეში „ლომის მთა“ პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ჯამურად 250,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 135,000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 115,000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

2013 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 845 -ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო. იმერეთის რეგიონში შექმნილია 10 ახალი საწარმო და გაფართოვდა 77 საწარმო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.