ხარაგაულში, სოფელ მარელისში, მდინარე ჯოლიხევის ულამაზეს ხეობაში,მერვე თვეა, საკალმახე მეურნეობაა. ოცი პატარა და ერთი დიდი ზომის აუზში გაშვებული ამერიკული ჯიშის ლიფსიტებიდან დაზამთრებამდე 20 ტონა კალმახს ელოდებიან.
საკალმახეს მეპატრონე ზაზა სახვაძე გვიამბობს, რომ ბიზნესის მარელისში წამოწყების იდეა მშობლიური მხარისადმი სიყვარულის გამო გადაწყვიტა. ხეობას ლომისმთა გადმოჰყურებს და ამიტომ საკალმახეს „ლომისმთა“ დაარქვა.
„ბავშვობა აქ, ამ სოფელში, გავატარე, – ამბობს ზაზა სახვაძე, – ამიტომ ჩემი იდეის განხორციელება მარელისში გადავწყვიტე. ვიფიქრე, რომ აქაურებს დავასაქმებდი. ამჯერად საკალმახეში ექვსი ჩემი თანასოფლელი მუშაობს.“
ძმასთან და მეგობრებთან ერთად დაწყებულ ბიზნესში თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამით მიიღო. საკალმახე მეურნეობის შექმნაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ დაეხმარა.
„პირველ რიგში, წყლის ანალიზი გავაკეთე, – გვიამბობს ზაზა სახვაძე, – საკალმახეს მშენებლობა 2015 წელს დავიწყეთ. მშენებლობაზეც მარელისელები მუშაობდნენ. პირველი ლიფსიტები წელს, მარტში ჭიათურის სალიფსიტე მეურნეობიდან წამოვიყვანე. მომავალ კვირაში უკვე თევზის რეალიზაციას დავიწყებ. დაზამთრებამდე 20-30 ტონა თევზის მიღებას ველოდები. მომავალი წლის გაზაფხულიდან მეურნეობა უნდა გავაფართოო, მთელ ტერიტორიაზე აუზებს გავაკეთებ.“
როგორ მოეწყო აუზები და როგორ მოევლო ლიფსიტებისთვის, ამის შესახებ ზაზა სახვაძე კონსულტაციებს ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯისგან“ და მისი ხელმძღვანელის, სოფო დიასამიძესგან იღებდა.
კალმახს კი მართლაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება – კვების ნორმისა და ტემპერატურის ზუსტად დაცვა აუცილებელია, აუზებში წყლის ჭავლი მუდმივად უნდა არეგულირო.
„ლომისმთის“ კალმახი საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივ ბაზარზე, გაიყიდება. საკალმახეს მეპატრონე გვარწმუნებს, რომ მარელისში, მდინარე არჯოლას წყალზე გაზრდილ კალმახს საუკეთესო გემო აქვს. მან მდინარეში სამი ათასი ლიფსიტა გაუშვა, – სურს, რომ კალმახი მომრავლდეს.
ზაზა სახვაძე თვლის, რომ თუკი ადამიანი რამეს მოინდომებს და გულით მიუდგება, ყველა საქმე გამოვა, მთავარია შრომა და ღმერთის წყალობით შედეგი მიიღწევა.
ნინო კაპანაძე
ლაურა გოგოლაძე (ვიდეო)
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი