ერთ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის საავადმყოფოს ახალი მენეჯერის თანამდებობაზე ლაშა ელბაქიძე დაინიშნა. რა პრობლემები დახვდა საავადმყოფოში, რა გეგმები აქვს საიმისოდ, რომ პაციენტებმა ადგილზე მიიღონ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება, – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ლაშა ელბაქიძეს ვესაუბრეთ.

-ბატონო ლაშა, პირველ რიგში, გაგვეცანით და თქვენი ბიოგრაფია გვიამბეთ.

-წარმოშობით ჩვენი გვარი რაჭიდაანაა – სოფელ წესიდან. თუმცა დავიბადე და გავიზარდე სამაჩაბლოში. 2008 წლის ომის შემდეგ თბილისში მოგვიწია საცხოვრებლად გადმოსვლა. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. 2013 წლის შემდეგ რეგიონული ჯანდაცვის სისტემაში ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე. ბოლო ხუთი თვე ლენტეხის სამედიცინო დაწესებულების მენეჯერი ვიყავი.

-რა პრობლემები დაგხვდათ ხარაგაულის საავადმყოფოში?

-ხარაგაულის საავადმყოფოს უმთავრესი პრობლემა სამედიცინო კადრების სიმცირეა. არ არის შესაძლებლობა, რომ საავადმყოფო ყველა სპეციალისტით დაკომპლექტდეს. ამ კუთხით სერიოზული ღონისძიებებია გასატარებელი. მოსულ პაციენტს რომ არ ხვდება მისთვის საჭირო სპეციალისტი, ეს ძალიან ხელისშემშლელია. მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად აქვს ინფორმაცია მოსახლეობას იმის შესახებ, ამჟამად რა სახის მომსახურების გაწევა შეგვიძლია.

ენდოკრინოლოგი დადის ხუთშაბათობით. თვეზე მეტია, ხარაგაულის საავადმყოფოში მუდმივად გვყავს გამოცდილი კარდიოლოგი ვლადიმერ თხელიძე. ექოსკოპისტი კვირაში ორჯერ მოდის. უახლოეს დღეებში ავიყვანთ კიდევ ერთ ექოსკოპისტს, რომელიც თბილისში მუშაობს და ორი დღე ხარაგაულის საავადმყოფოში იმუშავებს. ასე რომ, ექოსკოპისტი კვირაში ოთხი დღე გვეყოლება.

გვყავს საკმაოდ კვალიფიციური რეანიმატოლოგი იოსებ სეფაშვილი. ის ორი კვირა მუშაობს ხარაგაულის საავადმყოფოში, შემდეგი ორი კვირა კი სხვა რეანიმატოლოგები არიან. ეს პრობლემაა და კადრის მოძიებაში ცენტრალური ოფისი გვეხმარება. ყველა კარგი რეანიმატოლოგი უკვე დასაქმებულია. ქირურგიული განყოფილება აბსოლუტურად გამართულია. მენეჯერად ჩემი დანიშვნის შემდეგ ორი ქირურგიული ოპერაცია გაკეთდა ჩაჭედილ თიაქარზე. კვალიფიციური ქირურგი გვყავს – ლევან კობახიძე, რომელიც ამავდროულად საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერია.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურასა და აპარატურას, თანამედროვეა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

ჩვენი ძირითადი საზრუნავი საკადრო პრობლემების მოგვარება. ხარაგაულის საავადმყოფო სახელმწიფო დაწესებულებაა განახლებული სერვისებით, ინფრასტრუქტურით, აპარატურით. ყველა შესაძლებლობა გვაქვს საიმისოდ, რომ მოსახლეობას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მივაწოდოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს მედპერსონალს, მათ კვალიფიკაციას, რომ ყველა პაციენტს კეთილსინდისიერად მოემსახურონ.

კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, ხარაგაულის საავადმყოფოში მუშაობს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი. მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილზე კეთდება ოტოლარინგოლოგიური ოპერაციები. ამჟამად სამ პაციენტზეა მოთხოვნა გაგზავნილი სოციალური მომსახურების სააგენტოში. ხარაგაულის საავადმყოფოში წარმატებით კეთდება თვალის ოპერაციები. ექიმმა ალექსანდრე ალექსიძემ ახლახან რვა პაციენტს გაუკეთა ოპერაცია. გვყავს ოფთალმოლოგი ირინე ბიბიჩაძე. თვალის ექიმი ალექსანდრე ალექსიძე ჩვენი ცენტრის სხვადასხვა კლინიკებში ატარებს ოპერაციებს.

პედიატრი ნანი არევაძე სხვა სამედიცინო დაწესებულებაშიც მუშაობს. რეგიონის სპეციფიკიდან და საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, არასწორად მიმაჩნია ექიმს უთხრა, რომ მხოლოდ ჩვენთან იმუშაოს. ამავე დროს ყველა სპეციალისტს ვერ მოვიწვევთ. ხარაგაულის სააავადმყოფო სახელმწიფო დაწესებულებაა და ექიმის მოწვევით ხარჯი ძალიან იზრდება.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო იმუნიზაციის პროგრამა. უკვე დაინიშნა ექთანი. ვთანამშრომლობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან და იმუნიზაციის კუთხით პრობლემები აღარ იქნება.

უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი ჩვენი ლაბორატორია. აქ შესაძლებელია ყველა ძირითადი ანალიზის გაკეთება.

ალერგოლოგი, საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურად თანამშრომლობს ჩვენთან. კარგი იქნება, რომ გვყავდეს ტოქსიკოლოგი, დერმატოლოგი, რომ პაციენტს ყველა სპეციალისტი ადგილზე ხვდებოდეს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხარაგაულის ამბულატორიასა და საავადმყოფოში მოსული პაციენტი კმაყოფილი დარჩეს და მაღალხარისხიანი მომსახურება მიიღოს. მერე მომართვიანობაც თანდათან გაიზრდება. შემიძლია თამამად ვთქვა – ხარაგაულის საავადმყოფოში მოსულ პაციენტებს ეჭვი არ უნდა შეეპაროთ აქ დასაქმებული ექიმების კეთილსინდისიერებასა და კვალიფიკაციაში.

-ბატონო ლაშა, ხარაგაულის საავადმყოფოში დასაქმებულმა პერსონალმა მაისში გასული წლის ნოემბრის ხელფასი აიღო. რა არის ანაზღაურების ასე დაგვიანებით გაცემის მიზეზი და რა ნაბიჯებს დგამთ მდგომარეობის გამოსასწორებლად?

-ხელფასების დაგვიანება შესრულებული სამუშაოს დაანგარიშებაზეა დამოკიდებული. ჩვენ დოკუმენტებს ვაგზავნით ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში. ლენტეხში, მაგალითად, ერთ თვის დაგვიანებით იცემოდა ხელფასები ანუ მაისში აპრილის შესრულების მიხედვით აიღებენ ხელფასებს.

ჩემს კომპეტენციას ეს საკითხი ცდება, მაგრამ რამდენიმეთვიანი დაგვიანება გარკვეულმა პრობლემებმა წარმოშვა. ხშირად კორექტირდებოდა დიდი რაოდენობით ისტორიები. ამას მოჰყვებოდა კლინიკის დაჯარიმება. შიდა სპეციფიკიდანაც მომდინარეობს ეს პრობლემა, თუმცა მონაცემების დამუშავებასა და შესწორებას ხუთი თვე რამდენად სჭირდება, ვერ გეტყვით.

-ბატონო ლაშა, ხარაგაულის საავადმყოფომ წლის დასაწყისში სამედიცინო აქციები მოაწყო რამდენიმე სოფელში. თქვენც თუ გეგმავთ მსგავს ღონისძიებას?

-17 მაისს, ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღეს, სათნოების სახლში გავედით და ბენეფიციარები გავსინჯეთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა თერაპევტმა და კარდიოლოგმა შეამოწმა. ელექტროკარდიოგრამაც გადავუღეთ. მათ შესაბამისი კონსულტაციები მიიღეს. ვიყავით სოციალურად დაუცველ ოჯახებში. ასეთი ჰუმანიტარული აქციები გაგრძელდება.

ხარაგაულის მოსახლეობას მივმართავ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოვიდნენ საავადმყოფოში. აქ ბევრი რამ შეიცვალა მენეჯმენტისა და კადრების კუთხით. დიდი ალბათობით ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით.

ნინო კაპანაძე