საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხარაგაულში ისტორიული მუზეუმიდან დაიწყო.

მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას ახალგაზრდებმა 1918 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების შესახებ უამბეს. ამ დღეს ამიერკავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში შეკრებილი ეროვნული საბჭოს წევრებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. ასი წლის წინ ქართველმა ხალხმა აისრულა საუკუნოვანი ნაოცნებარი და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა.

მუზეუმში შეკრებილი საზოგადოებისთვის დიდი პატივი იყო რუმინეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულის, პუბლიცისტის, მწერლისა და მთარგმნელის, ქალბატონ ზაირა სამხარაძის სტუმრობა.

„გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, როცა ხელმეორედ დაიწყო საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, იმ პროცესებში ჩართულ ხარაგაულელებს დიდ ძალას გვაძლევდა ჩვენი უფროსი მეგობარი, ბუქარესტში მცხოვრები საზოგადო მოღვაწე, ქალბატონი ზაირა სამხარაძე, – აღნიშნა ღონისძიების შემდეგ მუზეუმის ფონდების მთავარმა მცველმა ეკა შველიძემ, – მას განცდილი და გამოვლილი ჰქონდა რუმინეთის ეროვნული მოძრაობის პერიპეტიები. ამიტომ გვმოძღვრავდა და გვარიგებდა. დღეს ბედნიერები ვართ, რომ ქალბატონი ზაირა ჩვენს გვერდითაა და 30 წლის შემდეგ კვლავ გვეტყვის თავის სიტყვას.“

„ბევრგან მიმოგზაურია მსოფლიოში, მაგრამ ხარაგაულელებისთანა ნიჭიერი ხალხი არსად მინახავს, – ბრძანა ქალბატონმა ზაირა სამხარაძემ, – დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილე ახალგაზრდების შემოქმედება სწორედ მათი ნიჭიერების დასტურია. უცხოეთში პატარა ჩანჩქერის გარშემო გასაოცარ ისტორიებს ქმნიან. ჩვენთან, რკინისჯვარისკენ მიმავალ გზაზე, 32 ჩანჩქერია. რეალურად, არ უნდა გვიჭირდეს, უფრო უკეთესად უნდა ვიყოთ. ძალიან მტკივა გული და გეტყვით, რომ საქართველოში დიდი წინსვლა ვერ დავინახე. ჩამოვიყვანოთ ახალგაზრდები უცხოეთიდან აქ, საქართველოს გასაცნობად. არ არის აუცილებელი სასტუმროში იცხოვრონ, კარვებში გაათევენ ღამეს. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა.“

მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და საკრებულოს წევრმა დავით კიკნაძემ.

ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა მხოლოდ განათლებასა და წიგნიერებაშია. მან მუზეუმს საჩუქრად გადასცა გია ხუციშვილის მიერ შესრულებული ნახატი „ტრაგედია.“ თავის მხრივ ააიპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნინო დიდიძემ მუნიციპალიტეტის მერი „მუზეუმის მეგობრის“ სიგელით დააჯილდოვა.

ხარაგაულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონცერტით კინოთეატრში გაგრძელდა.

დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო 40 დღის წინ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ სოლისტების, ალექსანდრე ავალიშვილისა და შოთა ჭიპაშვილის ხსოვნას.

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, სიმღერა და ცეკვა. მსმენელის წინაშე წარსდგნენ ვაჟთა ვოკალური ანსამბლი გიორგი ჩოგოვაძის ხელმძღვანელობით, ფოლკლორული ანსამბლი „კახორი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები), ინდივიდუალური შემსრულებლები ირინე ჩხეიძე, თიკო ჯანიაშვილი, ბათუ კიკნაძე.

დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში გამოიფინა ხარაგაულელი ფოტოგრაფების – შოთა ლომიძის, მიხეილ ჯოგლიძის, ლაშა ღონღაძის, გივი კურტანიძის, შოთა გოლუბიანის, ლაშა ნიქაბაძისა და გიორგი შარიქაძის ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოსა და ხარაგაულის უმშვენიერესი ხედები.