ხარაგაულში მუნიციპალური ააიპ-ების შეერთება დასრულდა, თუმცა რეორგანიზაცია გრძელდება. ხუთი ააიპ-ის (ისტორიული მუზეუმი, ცენტრალური ბიბლიოთეკა, კულტურის ცენტრი, ლიტერატურული თეატრი და ხალხური შემოქმედების სახლი) შერწყმით კულტურისა და ხელოვნების ცენტრი შეიქმნა.
საფეხბურთო კლუბის – „ჩხერიმელა 2009,“ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრისა“ და „სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გაერთიანებით“ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ჩამოყალიბდა.
გაერთიანდა „ხარაგაულდასუფთავება“ და „ხარაგაულკეთილმოწყობა.“
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ცალკე დამოუკიდებელ ააიპ-ად დარჩა. ამის მიზეზი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონით“ დაგეგმილი რეფორმებია. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ხარაგაულში მოსწავლეთა სახლსა და სამუსიკო სკოლას უერთებდნენ. რადგან ეს ააიპ რეორგანიზაციის პროცესის მიღმა აღმოჩნდა, ამიტომ სამუსიკო სკოლა და მოსწავლეთა სახლიც დამოუკიდებლად აგრძელებენ ფუნქციონირებას.
რეორგანიზაცია არ შეეხო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რადგან ჯანმრთელობის დაცვა თვითმმართველობისთვის დელეგირებული უფლებამოსილებაა.
ააიპ-ების საყოველთაო რეორგანიზაცია არ შეეხო მუნიციპალურ ააიპ-ებს – „სათნოების სახლი“ და „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრი“. ადგილობრივი ხელისუფლებისგან საბიუჯეტო თანხების ეფექტურად ხარჯვის პირობებში უპოვართა კვება და საინფორმაციო მომსახურება ტენდერით უნდა განიკარგებოდეს. ტენდერი უკეთესი ხარისხის მომსახურების იაფად შესყიდვის ეფექტური შესაძლებლობაა.
ააიპ-ების შეერთების პროცესის დაწყებისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ამბობდა, რომ უპოვართა კვება და საინფორმაციო მომსახურება, შესაძლოა, ტენდერზე გასულიყო, თუმცა, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ამ საკითხზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
ააიპ-ების შეერთების უმთავრესი მიზანი, მერის განმარტებით, ფინანსების დაზოგვაა. მერია რეორგანიზაციის შედეგად 180 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე თანხის გამოთავისუფლებას გვპირდებოდა. დაზოგილი თანხების ნაწილი ააიპ-ების განვითარებაზე და ნაწილი – სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე უნდა მიმართულიყო.
რა ღონისძიებები გაატარეს რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე, რა თანხა დაიზოგა და რის ხარჯზე, რა მიმართულებით გამოიყენებენ ფინანსებს და როგორ ესახებათ ააიპ-ების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, – ამ შეკითხვებით კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორებს – ნიკოლოზ მაჭავარიანსა და გრიგოლ (გია) ჭიპაშვილს მივმართეთ.
ნიკოლოზ მაჭავარიანი, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი:
-ააიპ-ების შეერთების მთავარი მიზანი არსებული ფინანსების ეფექტურად და შედეგებზე მიზანმიმართულად გამოყენებაა. ფინანსების რაციონალურად ხარჯვა ყოველთვის მნიშვნელოვანია. სამსახურმა რომ ნორმალურად იფუნქციონიროს, საკმარისი ოდენობით თანხა უნდა გამოიყოს ხარჯებისთვის. ცენტრალური ბიბლიოთეკის ხარჯი არასდროს ყოფილა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების 28%-ზე ნაკლები. სამწუხაროდ, კულტურის ცენტრისა და ხალხური შემოქმედების სახლის ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხა 1%-იც კი არ იყო. საჭირო გახდა სერიოზული ცვლილებების გატარება. პირდაპირ ვიტყვი, ბევრი რამ სამართლებრივად გასასწორებელია. თანამშრომლებს ფუნქციებიც კი არ ჰქონდათ განსაზღვრული.
ფოლკლორული ანსამბლების – „კახორი“ და „ოდილა“ წევრებს ხელშეკრულებები შევუწყვიტეთ. ანსამბლების წევრები სამსახურში ყოველდღე არ დადიოდნენ. ისინი ამიერიდან ანაზღაურებას ღონისძიებებში მონაწილეობის მიხედვით მიიღებენ.
ჯერჯერობით, რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე, თანამშრომლები გათავისუფლდნენ კულტურის ცენტრიდან, ლიტერატურული თეატრიდან, ისტორიული მუზეუმიდან და ხალხური შემოქმედების სახლიდან – ჯამში 21 ადამიანი. რაც შეეხება ცენტრალურ ბიბლიოთეკას, აქ რეორგანიზაცია (შტატებისა და ხელფასების შემცირება) 2017 წელს განხორციელდა. ხელშეკრულებები ორ-ორი თვით გავაფორმეთ გაერთიანებული ააიპ-ის ყველა თანამშრომელთან. მიმდინარეობს დაკვირვება და შესაბამისად ვიმოქმედებ.
„კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ 16 თანამშრომელს (გარდა ბიბლიოთეკაში დასაქმებულებისა), ხელფასები შეუმცირდა. ხელფასები კონკრეტულ შტატზე მომუშავეს ფუნქციისა და დატვირთვის მიხედვით განვუსაზღვრეთ. ვცდილობთ, რომ ერთი და იგივე რანგის თანამშრომლებს ერთნაირი ხელფასი დავუნიშნოთ.
მნიშვნელოვანია, თუ როგორ განაწილდება დაზოგილი ფინანსები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი წელს იქნება სოფლებში კუტურული ღონისძიებების ჩატარება. ზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით კონცერტები და თოჯინების თეატრის სპექტაკლები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სოფელში აუცილებლად ჩატარდება. ასე რომ, გამოთავისუფლებული თანხები სამსახურის გამართულად ფუნქციონირებას მოხმარდება. რეორგანიზაცია ზოგისთვის მწუთხეა, ზოგისთვის გაუგებარი, ზოგისთვის ძალიან მტკივნეული, მაგრამ საბოლოო ჯამში სარგებელს მოგვიტანს – გვექნება თანხა ღონისძიებების დასაფინანსებლად და მომსახურების გასაუმჯობესებლად.
გრიგოლ (გია) ჭიპაშვილი, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი: -ახალშექმნილ ააიპ-ში შეერთების შემდეგ არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა. თანამშრომლებს ორ-ორ თვიანი ხელშეკრულებები გავუფორმეთ. საჭიროდ ჩავთვალე და შვიდ თანამშრომელს ხელფასები შეუმცირდათ დაახლობით 100-100 ლარის ოდენობით, სამ მოადგილესა და ოთხ პენსიონერს. რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. ვაკვირდები თითოეულ თანამშრომელს, ვის რა ფუნქცია აქვს და როგორ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
შემოგვიერთდა საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა 2009“. საფეხბურთო სტადიონი მოსავლელად ჩვენ გადმოგვეცა. შესაბამისად, დაგვემატა მინდვრის მომვლელის ორი შტატი, დარაჯისა და დამლაგებლის შტატები. ამიტომ ხელფასების შემცირებით გამოთავისუფლებული თანხა ამ შტატების დასაფინანსებლად მიიმართა. სტადიონს 2018 წლის პირველ იანვრამდე „ხარაგაულკეთილმოწყობა“ უვლიდა. თითქმის სამი თვე სტადიონს უხელფასოდ უვლიდნენ.
სპორტის მიმართულებით ჩემი ხედვა ასეთია, რომ სპორტში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა დაინტერესებული მოსწავლე უნდა ჩაებას. სოფლებში სპორტის სხვადასხვა სექციები ფუნქციონირებს და მათ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ინფრასტრუქტურა მხოლოდ ხარაგაულის სპორტულ დარბაზში გვაქვს. სოფლებში ინვენტარი სჭირდებათ. ხევში გვყავს ჭიდაობის ძალიან წარმატებული მწვრთნელი სოსო ხაჩიძე. როგორც კი საშუალება გაჩნდება, მას ინვენტარს შევუძენთ. უახლოეს ხანში ადგილზე გავეცნობი სოფლებში მოქმედი სპორტული წრეების საჭიროებებს.
ახალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ალექსანდრე ავალიშვილისა და შოთა ჭიპაშვილის სახელობის ტურნირის ჩატარებას ფეხბურთში მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ვფიქრობთ, რომ ეს ტურნირი ტრადიციული გახდეს.
ტურიზმის მიმართულებით პირველი, რაც გავაკეთეთ ის იყო, რომ „დევის ხვრელთან“ მისასვლელი ბილიკი მოვაწყვეთ. გაკეთდა კიბეები, მოაჯირები ისე, რომ „დევის ხვრელში“ მისვლა უსაფრთხოა. დავასუფთავეთ ცაშეკრულას კანიონის ტერიტორია, თუმცა იქ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
ვფიქრობთ, რომ წელს კარვების ბანაკი ზვარეში მოვაწყოთ. ვგეგმავთ ტურ-თამაშებს, რომელშიც მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ჩაერთვება. ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებს დავავალე, რომ წარმოადგინონ თავიანთი გეგმები და პროექტები. მოწონებულ პროექტებს განვახორციელებთ. ცვლილებების შემთხვევაში ყურადღებას პროფესიონალიზმს მივანიჭებთ. ტურიზმის სამსახურში უცხო ენების მცოდნე ახალგაზრდები უნდა დასაქმდნენ.
რეორგანიზაციის შედეგებს ორი თვის შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენებთ.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ნიკოლოზ მაჭავარიანი და გრიგოლ ჭიპაშვილი
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.