დღეს, 8 აპრილს, მართლმადიდებელი ქრისტიანები უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ზეიმობენ.
სააღდგომო წირვის შემდეგ ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) მრევლს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი მელქისედეკის (ხაჩიძე) სააღდგომო ეპისტოლე გააცნო:
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო!
გულითადად მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გახარებთ: ქრისტე აღსდგა!
განსრულდა დღესასწაულის წინა ორმოცდღიანი პერიოდი. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი შეგვაგონებს, „დადგა დრო მარხვის ტვირთის დატევებისა და მისი ნაყოფის შეგროვებისა. გავიდა დრო მოღვაწეობისა და მუშაკობისა, მაგრამ არ გასულა დრო კეთილი საქმეების კეთებისა. დამთავრდა ხორციელი მარხვა, მაგრამ არ დამთავრებულა სულიერი მარხვა.“
დავფიქრებულვართ კი, რას ნიშნავს აღდგომის დღესასწაული?! ეს სიკვდილის სიკვდილით დათრგუნვა და სიცოცხლის გამარჯვება, ჯოჯოხეთის ძლევა, დაცემული ადამიანის წამოყენება და მისთვის უკვდავების ბოძებაა. როგორც წინასწარმეტყველი ბრძანებს: „ერმან მავალმან ბნელსა შინა იხილა ნათელი დიდი დამკვიდრებული სოფელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი გაბრწყინდა თქვენზედა“ (ეს. 9,2).
განა არ შეეძლო უფალს, არ განკაცებულიყო, არ ჯვარცმულიყო, არ გვემულიყო და არ აღდგომილიყო? რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ განკაცდა, ივნო, დაეფლა და აღსდგა. საკუთარ თავს ვკითხოთ, თუ რატომ მოიმოქმედა ქვეყნიერების შემოქმედმა ეს ყოველივე. შეუძლებელია სხვა პასუხი ვიპოვოთ, თუ არა სიყვარული.
დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისადმი, საკუთარი ხატებისა და მსგავსებისადმი უკიდეგანო და განუსაზღვრელი სიყვარულის გამო მოევლინა ძე ღმერთი ქვეყნიერებას, რათა კაცობრიობას „ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოანე 10.10).
ეს უბრალო სიყვარული კი არა, ამ გრძნობის უზენაესი გამოხატულება გახლდათ. ასე იქადაგა მაცხოვარმა და ქადაგება საქმით სრულყო: უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის.“ (იოანე 15,13).
დიახ, ქრისტემ, თვით სიყვარულმა, მაშინ მიგვიღო ჩვენ მეგობრად, როდესაც ოცდაათ ვერცხლად გავყიდეთ, უმოწყალოდ ვგვემეთ, ჯვარზე მივამსჭვალეთ და დავფალით. აი, ასეთი გრძნობაა სიყვარული და ასე უნდა გვიყვარდეს ადამიანებს ერთმანეთი და ღმერთი.
ჩვენი საუბარი ამ უმაღლეს გრძნობაზე მხოლოდ საუბრადვე დარჩება, თუ ერთმანეთს გულს ადრინდელივით ვატკენთ, განვიკითხავთ, არ დავეხმარებით სოციალურად დაუცველებს, გულცივად ჩავუვლით ჩვენს გარშემომყოფ შეჭირვებულს.
კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ყველაფერი ამაო იქნება, თუკი სიყვარული არ დაივანებს ჩვენში. ამას გვასწავლის წმინდა წერილი და ზოგადად ქრისტიანობა: „კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არ მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი; წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ“ (1 კორ. 13.1).
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ გამოგვიხსნა, ჩვენს გარშემო ყოველდღიურად უამრავი სულიერი თუ მატერიალური უბედურება ხდება, ბოროტი კვლავ მძლავრობს, თუმცა, არ უნდა შევდრკეთ. როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი გვასწავლის, ეს ყოველივე იმ გველის უკანასკნელი გაბრძოლებაა, რომელსაც თავი აღარ აქვს და გამწარებული მხოლოდ ტანსღა იქნევს. ქრისტემ ძლია ამ სოფელს, ბოროტებას, დაბრკოლებებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუკი სიყვარული გვექნება.
საუბარს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იმედისმომცემი სიტყვებით დავამთავრებ: „როგორც მაცხოვარმა საღვთო ძალით შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი, ჩვენც მხოლოდ ქრისტეს მადლითა და ძალით აღვსილთ ძალგვიძს მათი დამარცხება. ჩვენ ყველას ჩვენი გოლგოთა გველის და ყველა მართალს – აღდგომა და ამაღლება.“
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.