სკოლამდელი აღზრდის სისტემაში მიმდინარე რეფორმის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებმა ინდივიდუალური გეგმები უნდა შეიმუშაონ.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით სისტემაში რევოლუციური რეფორმა მიმდინარეობს. რეფორმა 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. მისი მიზანი საქართველოში ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობის, თანასწორი შესაძლებლობებისა და ხარისხის გაუმჯობესებაა.
31 მარტს და 1 აპრილს თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ამ კანონის ავტორებმა და დარგის ექსპერტებმა დასავლეთ საქართველოს თვითმმართველობების წარმომადგენლებს ის პასუხისმგებლობები გააცვნეს, რაც მუნიციპალიტეტებს ამ რეფორმის განსახორციელებლად ეკისრებათ.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა“ და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონმა განსაზღვრა შემდეგი სავალდებულო ეროვნული სტანდარტები:
ამჟამად ასევე მუშავდება სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სტანდარტი. ჩამოთვლილი სტანდარტები 2020 წლისთვის ყველა საჯარო და კერძო საბავშვო ბაღში უნდა დაინერგოს.
რეფორმის ბოლო ეტაპზე დაგეგმილია საბავშვო ბაღების ავტორიზაცია. ავტორიზაციისთვის საჭირო სტანდარტს ასევე მთავრობა დაამტკიცებს. საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის წარმართვა მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა. ავტორიზაციაზე ზედამხედველობა, სავარაუდოდ, მერიის აუდიტის სამსახურს დაევალება.
ზემოთ ჩამოთვლილი ეროვნული სტანდარტების განხორციელებისთვის თვითმმართველობებში უნდა შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მათ შესრულებას. მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, ამ მიზნით ახალი სამსახური შეიქმნება თუ ეს მერიაში დღეს არსებულ რომელიმე სტრუქტურულ ერთეულს დაევალება.
განათლებისა და აღზრდის სტანდარტის გასაუმჯობესებლად აღმზრდელები უნდა გადამზადდნენ. ამაზე განათლების სამინისტროა პასუხისმგებელი. საბავშვო ბაღების მეთოდისტები ტრენინგს გაივლიან, მიიღებენ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსს და შემდეგ თავად დაატრენინგებენ საბავშვო ბაღების პერსონალს.
მეთოდისტების გადამზადების თანხას განათლების სამინისტრო გაიღებს, ხოლო საბავშვო ბაღებში აღმზრდელთა გადამზადება მუნიციპალიტეტმა უნდა დააფინანსოს.
მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ბოლო ეტაპზე, ანუ 2020 წლის ბოლოსთვის, საბავშვო ბაღის თითოეულ ჯგუფში 13 აღსაზრდელზე მეტი არ უნდა იყოს.
საბავშვო ბაღების შენობები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ ბავშვებისათვის.
მუნიციპალიტეტებმა თანდათან უნდა უზრუნველყონ შენობების გაზიფიცირება.
რეფორმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა და საზოგადოების ინფორმირება.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა აღინიშნეს, რომ ახალი კანონით განსაზღვრული სტანდარტების დასანერგად თვითმმართველობებს ფინანსები არ გააჩნია.
დღემდე პრობლემაა საბავშვო ბაღების შენობების, ეზოების კეთილმოწყობა და გაზიფიცირება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კანონით დადგენილი ხუთივე სტანდარტის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.
„ინფრასტრუქტურის სტანდარტი ჯერ შემუშავებული არ არის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ კუთხით ავტორიზაციის პრობლემა პირველ ეტაპზე იმ საბავშვო ბაღებს შეექმნებათ, თუკი სადმე სიცოცხლისთვის საშიში პირობებია, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა ხარაგაულში დღეს მოქმედი 17 საბავშვო ბაღიდან, უმეტეს შემთხვევაში, გამართულია. წელს ვერტყვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. რეფორმის ყველა ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა დაგვჭირდება.“
რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს ჭიათურის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი მაკა წერეთელი. ის ამბობს, რომ საზოგადოების სწორად ჩამოყალიბების ფუნდამენტი სკოლამდელი აღზრდაა. ყველაზე რთულად მოსაგვარებელ პრობლემად მაკა წერეთელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მიიჩნევს, რადგან შენობების რემონტი, გაზიფიცირება და შშმ პირებისთვის ადაპტირება დიდ თანხებს მოითხოვს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.