ერთ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ანიულაში მცხოვრები ნიკოლოზ კაკიაშვილი და ფირუზი გოგნაძე ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მძიმედ დაშავდნენ. ორივე მათგანს ხერხემლის მეორე და მესამე მალები აქვთ მოტეხილი. ისინი ამჟამად მკურნალობას შინ აგრძელებენ.
„ფეხზე დგომა მიჭირს, მაგრამ სულ წოლაც არ შეიძლება, – ამბობს ნიკოლოზ კაკიაშვილი, -ძლიერი ტკივილები მაწუხებს და გამაყუჩებლებს მიკეთებენ. როდის გამოვჯანმრთელდები და მუშაობას როდის შევძლებ, არ ვიცი. ბიულეტენზე ვარ, თანხას მინაზღაურებენ და მკურნალობის ხარჯებსაც ფარავენ, მაგრამ ამ მდგომარეობის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ახალი რკინიგზის გვირაბების მშენებლობაზე ყველა საფრთხეშია.“
შრომის უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ამ პრობლემის მოგვარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.
„სამწუხაროდ, ვერ შევძელით 2014-2016 წლებში შრომის უსაფრთხოების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და 2018-2020 წლების დღის წესრიგში გადმოვიტანეთ, – ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი, – ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ სახელმწიფომ პრევენციული და საზედამხედველო ფუნქციებით აღჭურვილი შრომის ინსპექცია შექმნას. ქმედითი შრომის ინსპექციის არსებობა ევროკავშირისთვის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვაჭრობის ურთიერთობების შესახებ თავშიც ასახა – საქართველომ ისეთი პროდუქცია უნდა აწარმოოს, რომელიც არ იქნება იაფი მუშახელისგან შექმნილი და ევროკავშირის ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქციას კონკურენციას გაუწევს.“
ლელა გვიშიანი მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექციამ არა მარტო შრომის უსაფრთხოება, არამედ მშრომელთა შრომის პირობებიც უნდა შეამოწმოს. შრომის ინსპექციას საწარმოსა და ობიექტებზე უპირობოდ დაშვების მექანიზმი უნდა ჰქონდეს – 24 საათის მანძილზე ნებისმიერ დროს. ამჟამად შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს სამუშაო პირობების შემოწმება მხოლოდ დამსაქმებლის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია. დარღვევების აღმოჩენისას ერთადერთი მექანიზმი გაფრთხილებაა. რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელს შეუძლია არც კი წაიკითხოს შრომის ინსპექტორების მიერ დაწერილი შენიშვნები და პასუხს არავინ მოსთხოვს, მან ეს რეკომენდაციები შეასრულა თუ არა.
„შეგვიძლია ღიად და თამამად ვთქვათ, რომ ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას ხელს მთავრობის ეკონომიკური გუნდი უშლის, – ამბობს ლელა გვიშიანი, – შრომის ინსპექტირება ძალიან ვიწრო სფეროზე გავრცელდება – ეს არის მომეტებული საფრთხის შეცველი, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაო ადგილები.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული კანონის მიზანია, რომ დასაქმების ადგილებზე არსებული პოტენციური საფრთხეები აღმოფხვრას და პროფესიული დაავადებების რისკები დაარეგულიროს. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა, რომ ეს კანონი ყველა სახის დასაქმების ობიექტზე 2019 წლის ივლისამდე გავრცელდეს, პარლამენტმა არ გაითვალისწინა.“
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა ამბობს, რომ ახლადმიღებული კანონი შრომის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისი არ არის და ახალგამოგონილი ქართული ველოსიპედია, რომელიც ეფექტურად ვერ იმუშავებს. შრომის ინსპექცია მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე საწარმოებს შეამოწმებს. გამოდის, რომ ქვეყანაში მსგავსი საწარმოების არსებობას ვეგუებით. ამ საწარმოთა ჩამონათვალში კვების წარმოება, სამედიცინო სფერო, ბინათმშენებლობა გამოტოვებულია.
კანონის ავტორები გვირაბების მშენებლობას გვერდს ვერ აუვლიდნენ და ახალი რკინიგზის მშენებარე ობიექტებს შეამოწმებენ. თუმცა, გვირაბში შრომის ინსპექტორი მხოლოდ უსაფრთხოებას დააკვირდება და არა დასაქმებულთა მდგომარეობას. შრომითი პირობები პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. ადამიანი, რომელიც ხუთი დღე და ღამე გადაბმულად მუშაობს, მას რაც არ უნდა უსაფრთხო გარემო შეუქმნა, მისი საქმიანობა ეფექტური ვერ იქნება და წარმოების უსაფრთხოებაზეც მოქმედებს. შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციამ შეამოწმოს შრომის უფლებები, ხელშეკრულებები, როგორია დასაქმებულის სამუშაო კვირა, ზეგანაკვეთური შრომა უნაზღაურდება თუ არა, იყენებს თუ არა ბიულეტინს და შვებულებას. ეს ყველაფერი შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტში არ ჩანს.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ შრომის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დრულად შესრულდეს. მაქსიმალურად მკაცრი და ქმედითი შრომის ინსპექცია უნდა მივიღოთ, რომ ყოველდღიურად ადამიანები სამუშაო ადგილებზე არ იღუპებოდნენ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ვერ შეძლეს. „შევთანხმდით, რომ 2019 წლის პირველი ივლისიდან შრომის ინსპექციას დასაქმების ყველა ობიექტის შემოწმების უფლება ექნება, – ამბობს აკაკი ზოიძე, – კონსესუსი იმას ნიშნავს, რომ რაღაცას გავითვალისწინებთ, რაღაცას – არა. ჯერ ვიწყებთ საშიში, მავნე და მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაოებიდან. რაღაცით ხომ უნდა დაგვეწყო.“
შრომის ინსპექცია დასაქმების ადგილზე გაუფრთხილებლად შევა გეგმიური შემოწმების დროს და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მონიტორინგისას. სხვა შემთხვევებში შრომის ინსპექტორს სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდება.
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გაიზარდა ჯარიმები – კონკრეტული ბიზნესის შემოსავლიდან გამომდინარე. შრომის ინსპექცია კანონის დამრღვევ დამსაქმებელს ასი ლარიდან 50 ათას ლარამდე თანხით დააჯარიმებს. კანოპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ეს თანხა 50-დან 5 ათას ლარამდე იყო.
2019 წლის პირველი სექტემბრიდან მიენიჭება შრომის ინსპექტორს უფლება, რომ შრომის პირობებთან ერთად დასაქმებულთა ხელშეკრულებები და მათი მდგომარეობა შეამოწმოს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, 2016 წ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.