39 წლის წინ ბიოლოგიის მასწავლებლად მარელისში გაანაწილეს. მალე იჩქიტიძეების რძალი გახდა და ბინა სამუდამოდ მარელისში დაიდო. ამბობს, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინეს ხარაგაულელებმა. ერთ-ერთ წარმატებულ ლიდერ ქალბატონზე, ვერა ოდიკაძეზე გიამბობთ.

ქალბატონი ვერა ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურში დაიბადა და გაიზარდა. ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა, წითელ დიპლომზე – ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი. 39 წელია, საყვარელ საქმეს ემსახურება – სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. 12 წელია, მარელისის სკოლის დირექტორია. ბოლო ორი წელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერია მილენიუმის პროექტში.

ფიქრობს, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე დაკისრებულ როლებს თავი წარმატებულად გაართვა. 39 წლის მანძილზე არა მარტო მეუღლე და დედა იყო, არამედ მასწავლებელი, მეგობარი, რძალი… როგორ შეძლო? შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

თუ ადამიანი შრომისმოყვარეა, მან იცის, დრო სწორად როგორ გაანაწილოს. ადვილი არ არის, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული და ამავე დროს ქართული ტრადიციული ოჯახის კარგი რძლის სახელი დაიმკვიდრო.

-ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც მთავარი ღირებულება საქმისადმი ერთგულება იყო, – გვიამბობს ქალბატონი ვერა, – დედაჩემი სკოლის დირექტორი გახლდათ, მამა – მასწავლებელი. ხარაგაულელებისთვის კარგად ცნობილი, ძალიან კეთილშობილი და თბილი ქალბატონის, მზია კახნიაშვილის ნამოწაფარი ვარ. მან ადამიანობა მასწავლა.

ცხოვრებაში დროს უნდა მოუფრთხილდე. მეც ვანაწილებდი დროს ისე, რომ ყველა როლში თავი ბედნიერად მეგრძნო და თითოეული ვალდებულება კარგად შემესრულებია. პირველ რიგში, დედა ვიყავი და შვილებს ვერ ვუღალატებდი – საზოგადოების ღირსეულ წევრებად უნდა აღმეზარდა. ჩემს ფორიაქს, დარდსა და საფიქრალს საკლასო ოთახის კართან ვივიწყებდი, რადგან ვიცოდი, რომ გაკვეთილზე მოსწავლისთვის ყველაზე მთავარი ადამიანი ვიყავი. ასე მგონია, როცა შენი საქმე გიყვარს, ყველა სირთულეს დაძლევ.

საერთოდ ასეთი ვარ – ყველა სიახლეს მინდა ფეხი ავუწყო. კარგად დავეუფლე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მერე ინგლისური ენის რამდენიმე თვიანი კურსი გავიარე. შემრცხვებოდა, ჩემს მოსწავლეს გაკვეთილის ბოლოს მითითებული ლინკი ამოეკითხა და მე ეს არ შემძლებოდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ბევრი უძილო ღამეც ახლდა. თუმცა ვერ წარმომიდგენია, აქტიურ ცხოვრებას რომ ჩამოვშორდე. ახლა წამყვანი მასწავლებლობისთვის ვემზადები. კარიერაში წინსვლა აუცილებელია.

დედობა ყველაზე საპასუხისმგებლო და მძიმე ტვირთია. ბედნერი ვარ, რომ შევძელი და დღეს ჩემი შვილები რეალიზებულები არიან, ძალიან მეიმედებიან. არ მაქვს იმის ფიქრი, რომ სადმე შემარცხვენენ. სკოლასთან ახლოს ვცხოვრობთ და იყო ასეთი შემთხვევებიც, პატარები რომ იყვნენ ჩემი შვილები, გამოსულან სახლიდან და ჩუმად ზარი დაურეკავთ, სახლში რომ მალე მივსულიყავი.

ორი შვილი მყავს. ქალიშვილი სტომატოლოგია და თბილისში რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. მეუღლეც დანტისტი ჰყავს. რაც შეეხება ვაჟს, ის რკინიგზელია – ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს. ჩემს ქალიშვილს ორი გოგონა ჰყავს. ბებიობა მართლაც საოცარი, განსხვავებული განცდა ყოფილა. უფროსი შვილიშვილი მეორე კლასელია და ძალიან წარმატებული გოგონაა. კინგსის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი აიღო საქართველოს მასშტაბით, ოლიმპიადა „ევერესტში“ მეთორმეტე ადგილზე გავიდა.

-ქალბატონო ვერა, რას ურჩევთ მომავალ თაობას?

-იყვნენ მუდამ ლაღები და თავისუფლები. ყოველთვის ვცდილობდი, მოსწავლეებთან უშუალო ურთიერთობები მქონოდა. გასულ წლებში მიმიღია შენიშვნა, როცა მოსწავლეებთან ერთად ეზოში ქალაქობანას ვთამაშობდი, ან მათთან ერთად შაბათ-კვირას სადმე წასვლას ვგეგმავდი.

მოსწავლეებთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა მქონდა. ამიტომაა, რომ მათგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ. ამქვეყნად არაფერი მახარებს ისე, როგორც ჩემი მოსწავლეების წარმატება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მარელისის სკოლის კუსდამთავრებულთა უმრავლესობა ყოველწლიურად დამატებით საგნად ბიოლოგიას აბარებს და მაღალ ქულებსაც იღებენ.

ახლანდელ თაობაზე ამბობენ, წიგნს დაშორდნენ და განათლებას არ იღებენო. მე ასე არ ვფიქრობ. პირიქით, მათ ძალიან ბევრი რამ იციან. რაც მთავარია, დიდ თანადგომას, სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ მათგან. ამიტომ ვერ ველევი სკოლას. იყო შემოთავაზებები, რომ სხვაგან გადავსულიყავი სამუშაოდ, მაგრამ ყველაზე ბედნიერი სკოლაში, მოსწავლეებთან ვარ.

-რას უსურვებთ ქალბატონებს?

-ყველა ქალი უნდა ეცადოს, რომ რეალიზებული იყოს, აკეთოს საყვარელი საქმე და გაზარდოს ღირსეული შვილები. მთავარია, რომ გვერდით მყოფს გამოადგე, უბრალო თბილი სიტყვით მისი ცხოვრება შეცვალო, ანუგეშო, გაახარო. ქალბატონებს სიმშვიდეს ვუსურვებ.

ბოლოს მინდა, რომ ხარაგაულის საზოგადოებას მადლობა გადავუხადო. აქ ძალიან თბილად მიმიღეს და გამანებივრეს. უფრო ხარაგაულელი ვარ, ვიდრე ზესტაფონელი. ჩემ გულთან და სულთან მეტად ახლოს ხარაგაულელები არიან. მადლობა იმ ადამიანებს, ვისთანაც დღემდე ურთიერთობა მქონია და ახლაც მაქვს. მადლობა ხარაგაულს, სითბო და სიყვარული რომ მაჩუქა.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ვერა ოდიკაძე მოსწავლეებთან ერთად