დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მრავალი შვილის გაზრდა კიდევ უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ხარაგაულელი ახალგაზრდა დედები, რას ურჩევენ მომავალ მშობლებს, – ამ თემებზე რამდენიმე მრავალშვილიან დედას ვესაუბრეთ.
„შვილს, დედმამიშვილზე და მის სიყვარულზე უფრო ძვირფას მატერიალურ სიმდიდრეს ვერ დაუტოვებ“, – ამბობენ ჩვენი რესპონდენტები და მიიჩნევენ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, აუცილებელია ოჯახში სამი და მეტი შვილი იზრდებოდეს.
ხარაგაულში ოჯახებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არასრულყოფილი სამედიცინო მომსახურებაა.
„როცა ბავშვი ექიმთან ზესტაფონში მიმყავს, ქუჩებში დამონტაჟებული საქანელებისა და სხვადასხვა ატრაქციონებისკენ მირბის. გასართობი სკვერი ბავშვებისთვის ხარაგაულში აუცილებლად უნდა იყოს. გართობა ყველა ბავშვს სჭირდება, – ამბობს ხარაგაულში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა თამარ ჩერქეზიშვილი.
ლევანმა და თამარმა ოჯახი ცხრა წლის წინ შექმნეს. თამარი ამბობს, რომ პირველი შვილის გაჩენა მისთვის რაღაც უცნობი, თუმცა სასიამოვნო გრძნობა იყო. ნამდვილი, დედობრივი სიყვარული მეორე და მესამე შვილის გაჩენის შემდეგ იგრძნო.
„მესამე შვილის გაჩენა რომ დავაპირე, ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, – გვიამბობს თამარი, – სოციალური შემწეობის გარდა, სხვა შემოსავალი არ გვქონდა. გაჭირვებას არ შევუშინდი და გავაჩინე. მას მოჰყვა მეოთხე, შემდეგ – მეხუთე. რამდენიმე თვეში კი მათ რიცხვს ტყუპი გოგონა შეემატება. პატარა არსებას სიცოცხლეს ვერ მოვუსპობ. უარს ვერ ვიტყვი ბავშვზე. ისინი ისე საოცრად თბილები და ტკბილები არიან…“
თამარ ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ უფროსი ვაჟი ნიკოლოზი ძალიან პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარეა, მომდევნო დაიკო – მარჯვე და ენერგიული. პატარები უფროს და-ძმას ბაძავენ, თუმცა თავისებურ ხასიათებსაც ავლენენ.
„ახლა ბავშვები თითქოს უფრო განვითარებულები იბადებიან, თანამედროვე ტექნოლოგიებს დაბადებისთანავე უღებენ ალღოს. სულ პატარებმა იციან, რომელი ტელეფონი და რომელი კომპიუტერული თამაშია უკეთესი. თავად უფროსებთან ძალიან მორიდებული ვიყავი. ჩემი შვილები კი, თუ რამე შემეშალა, აუცილებლად შენიშვნას მაძლევენ.“
ჩერქეზიშვილების ოჯახს თითქმის ყოველ წელს ახალი წევრი ემატება. ბავშვები ერთმანეთის მიმართ ძალიან ყურადღებიანი და თბილები არიან. „როცა ერთ-ერთს რაიმე სტკივა, დანარჩენები თავს დასტრიალებენ და მასზე ზრუნავენ, – ამბობს მრავალშვილიანი დედა.
თამარი მიიჩნევს, რომ ხარაგაულში ახალგაზრდა ოჯახებს საკმარისი ხელშეწყობა არ აქვთ. მისი მეუღლის ოჯახი ფარცხნალში ცხოვრობს. თამარი ამბობს, რომ ფარცხნალში საბავშვო ბაღი და ელემენტალური პირობები რომ იყოს, იქ იცხოვრებდა.
„ახალგაზრდა ოჯახები სამი და მეტი შვილის გაჩენისაგან თავს იკავებენ, ეს სწორედ მატერიალური გაჭირვების ბრალია. გული მტკივა, როცა ვგებულობ, რომ რომელიმე ოჯახი ხარაგაულიდან სხვაგან წავიდა. თუ ადამიანი ცოცხალი და ჯანმრთელი ხარ, შვილის გაჩენის არ უნდა შეგეშინდეს. ღმერთი რამდენსაც მოგცემს, იმდენი უნდა გააჩინო, მაშინ ხარ ნამდვილი დედა,“ – ამბობს თამარ ჩერქეზიშვილი.
17 წლის იყო მეგი ფერაძე, ოჯახი რომ შექმნა და საღანძილეში ყრუაშვილების რძალი გახდა. მეგი და ლევანი ოთხ შვილს ზრდიან. მათგან ორი – პატრიარქის ნათლულია. 18 წლისას უკვე ნიკოლოზი ჰყავდა. მეგი ამბობს, რომ ნამდვილი დედობრივი გრძნობა მხოლოდ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, 26 წლის ასაკში, შეიგრძნო.
„ყველაფერს თავისი დრო აქვს, – ამბობს მეგი, – როცა დავოჯახდი, დაგეგმილი არ მქონდა, რომ ოთხ შვილს გავაჩენდი. თუმცა ბავშვობაში მინდოდა, რომ ორი გოგონა და ორი ბიჭი მყოლოდა. დედობა ჩემთვის უფლის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობაა.
მაქსიმალურად ვცდილობ, შვილები ასაკის შესაბამისად დავტვირთო – მუსიკაზე, ცეკვაზე, სპორტზე ვატარო. მინდა, ნაკლები დრო დარჩეთ კომპიუტერული თამაშებისათვის. ბავშვისთვის გართობა აუცილებელია. კარგი იქნება, თუ ხარაგაულში გასართობი პარკი მოეწყობა“.
მაია ნანიტაშვილმა და პაატა ფცქიალაძემ ოჯახი15 წლის წინ შექმნეს. მაია თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ახლა მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ჯაფაროულში ცხოვრობს.
„პირველი შვილი – მარიამი დღენაკლული დაიბადა, – იხსენებს მაია, – მისი გაზრდა ძალიან რთული იყო. ამიტომ მეორე შვილის გაჩენაზე ვეღარ ვფიქრობდი. მაგრამ, უფლის წყალობით, ნიკოლოზი გაგვიჩნდა, ნიკოლოზის შემდეგ პატრიარქის ნათლულები – ლაზარე და ანა მოევლინენ ამ ქვეყანას.
დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. სიტყვა „დედა“ ჩემთვის ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს მოიცავს.“
მაია ამბობს, რომ მისი შვილები ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან. მარიამი, უმცროსი ანასგან განსხვავებით, დამჯერე გოგოა. ნიკოლოზი დამოუკიდებელია და შენიშვნებს ნაკლებად იმსახურებს, ლაზარე კი უდარდელი და ანცი ბიჭია.
მაია ნანიტაშვილი ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. ის თვლის, რომ თუ ბავშვები არ გიყვარს, ბაღში მუშაობას ვერ შეძლებ. „ვცდილობ დრო და ენერგია ოჯახსა და სამსახურზე თანაბრად გადავანაწილო. თუმცა როცა შვილები მთხოვენ, ერთად ვხატოთ, ვიკითხოთ და ვითამაშოთ, დრო და ენერგია აღარ მაქვს. მეუღლე რომ არ მეხმარებოდეს, ოთხი შვილის გაზრდას ვერ შევძლებდი. დილით სახლიდან 8 საათზე გამოვდივარ. ბავშვებს სასკოლოდ პაატა ამზადებს და სკოლაში აცილებს.
დედაშვილობა მხოლოდ გამოკვება და ჩაცმა არაა, ეს ურთიერთობაა. დედები გაჭირვებას არ უნდა შეუშინდნენ და შვილები უნდა გააჩინონ. შვილს, დედმამიშვილზე უფრო ძვირფასს, ვერაფერს დაუტოვებ. ყოველგვარ მატერიალურ სიკეთეზე კარგი მათი ურთიერთსიყვარულია,“ – ამბობს მაია.
თამთა გოგოლაძე
ფოტოებზე: თამარ და ლევან ჩერქეზიშვილების, მეგი ფერაძისა და ლევან ყრუაშვილის, მაია ნანიტაშვილისა და პაატა ფცქიალაძის ოჯახები
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.