ვლადიმირის უნივერსიტეტის რექტორად, მეორე ვადით, ხარაგაულელი ანზორ სარალიძე აირჩიეს.
ამ სასიხარულო და საამაყო ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს თანამემამულეს დავუკავშირდით. ანზორ სარალიძეს ხარაგაულში გატარებული ბავშვობის წლების გახსენება ვთხოვეთ. დავინტერესდით, როგორ მოიპოვა პროფესორების, ასპირანტებისა და სტუდენტების ასეთი მაღალი ნდობა და რამდენად უკავშირდება მისი სამომავლო გეგმები მშობლიურ ხარაგაულს.
-დიდი მადლობა, რომ მომილოცეთ და შემეხმიანეთ. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. გამარჯვების სიხარულს მიათკეცებს ის ფაქტი, რომ მშობლიური ხარაგაულიდან დამიკავშირდით, – გვითხრა ანზორ სარალიძემ, – ჩემს წარმატებაში დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ხარაგაულს – პირველ საშუალო სკოლას, ჩემს მასწავლებლებს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძლიერი ფესვებია. მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი თამარა მუმლაძე წერა-კითხვას როგორ გვასწავლიდა. ყველას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს განათლებასა და გამარჯვებაში – მშობლებს, მეგობრებს, ოჯახს.
ხარაგაულში #1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ვლადიმირის ინსტიტუტში გავაგრძელე. თავიდანვე აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საზოგადოებრივ აქტივობებში. ვცდილობდი, რუსულ ენას კარგად დავუფლებოდი, მეტად მემუშავა საკუთარ თავზე, რომ არ შევრცხვენილიყავი. დღეს მე მენდობიან და მაფასებენ.
დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გარემოში დაიბადე, გაიზარდე და ჩამოყალიბდი. მეამაყება ჩემი მშობლები – დედა ეთერი და მამა მიშა, ჩემი ძმები, ჩემი ხარაგაულელი მეგობრები და ჩემი მასწავლებლები. ყოველთვის სასიამოვნოდ ვიხსენებ ამხანაგებთან ერთად გატარებულ პერიოდს, საბავშვო ბაღიდან დაწყებული.
დღემდე ვმეგობრობ და ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს საბავშვო ბაღის ამხანაგებთან – მაია ფხალაძესთან, მაია ტორაძესთან, ირაკლი ებანოიძესთან, სერგო კიკნაძესთან. მათ სწავლა რკინიგზის #10 საშუალო სკოლაში გააგრძელეს. გოჩა გელაშვილი, გოჩა კვინიკაძე, გელა ფცქიალაძე, ბესო მაღრაძე, ლელა ბარბაქაძე, ინგა ღამბაშიძე ჩემი უახლოესი თანაკლასელები არიან და დღემდე აქტიურად ვურთიერთობთ.
ძალიან ძვირფასია ჩემთვის ხარაგაულში სულიკო სარალიძის ოჯახი, ღარიხევში ეჯიბაძეები – ნანული ბიცოლა და გურამი ბიძია. ჩემთვის საუკეთესო ადგილია ღარიხევი. როცა მანდ ჩამოვდივარ, თუ ხარაგაულში ვერ მნახავთ, ღარიხევში ვიქნები. ჩემი ძმა ხაშურში ცხოვრობს,
მოსკოვში მცხოვრებ ხარაგაულელ გოჩა და გელა ბუაჩიძეებს ხშირად ვუკავშირდები. ვიზიარებთ ყველა იმ სიხარულს, რაც ხარაგაულში ხდება. ამაშია ჩემი ძალა, – მშობლებში, მეგობრებსა და ჩვენს ლამაზ ხარაგაულში.
ვლადიმირში ჩემი შესაძლებლობები, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის უნდა დამემტკიცებინა – რომ მე, ხარაგაულში, მდინარე ჩხერიმელას პირას გაზრდილ ბიჭს, შემიძლია რუსეთში ერთ-ერთ წარმატებულ უნივერსიტეტს ვუხელმძღვანელო.
2012 წლის 3 მაისს, დედაჩემის დაბადების დღეს, ვლადიმირის პოლიტექნიკური და პედაგოგიური ინსტიტუტები გაერთიანდა. მე რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დამნიშნეს. 2013 წლის იანვარში კი არჩევნები ჩატარდა. ახლა, 2018 წლის 7 თებერვალს, რექტორად მეორე ვადით ამირჩიეს. 7 თებერვალი მამაჩემის დაბადების დღეა…
რაც შეეხება უნივერსიტეტს, ულამაზეს ისტორიულ ადგილზეა ვლადიმირის მხარეში. ვლადიმირი, ფაქტობრივად, რუსეთის ცენტრშია, – მოსკოვიდან 180 კილომეტრში. ამ რეგიონში მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ქალაქში – 350 ათასი კაცი. ვლადიმირი 990 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი 1958 წელს ჩამოყალიბდა. 1996 წელს კლასიკური უნივერსიტეტის სახელი მიენიჭა. მე, გოჩა გელაშვილმა და რუსიკო ფოფხაძემ რომ აქ სწავლა დავიწყეთ, მაშინ პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერქვა. ჩვენ პატარა ხარაგაულის წარმომადგენლები ვიყავით დიდ რუსეთში.
2017 წლიდან საყრდენი უნივერსიტეტი გავხდით. რუსეთში ათი ფედერალური უნივერსიტეტია. რეგიონებში საყრდენი უნივერსიტეტების კონკურსში გავიმარჯვეთ 2015 და 2017 წლებში – 22 უნივერსიტეტს შორის პირველ ადგილზე გავედით. სააგენტო „ინტერფაქსის“ რეიტინგში 264 უნივერსიტეტს შორის 66-ე ადგილს ვიკავებთ. ეს დიდი აღიარებაა.
უმაღლესი სასწავლებლების მიმართ ერთ-ერთი მოთხოვნაა, თუ რამდენი კურსდამთავრებული დასაქმდება სწავლის დასრულების შემდეგ. ამ რეიტინგში რუსეთში 26-ე ადგილზე ვართ. განათლების სამინისტრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას აფასებს. ამ კუთხითაც საუკეთესო შედეგებს მივაღწიეთ. მეორე ვადით რექტორად ამ მიღწევების გამო ამირჩიეს.
ვლადიმირის მხარის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 ათასი სტუდენტი სწავლობს და დასაქმებულია 2 332 ადამიანი. უნივერსიტეტი 16 ინსტიტუტს, 11 ლაბორატორიას, 11 სტუდენტურ საცხოვრებელს, 4 სპორტულ კომპლექსსა და 35 სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს აერთიანებს. ასეთი უნივერსიტეტის მართვა ადვილი არაა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. როცა საქმე თავდავიწყებით გიყვარს, სირთულე მეორე რიგში ინაცვლებს.
თუ მე გამოვამჟღავნე, რომ კონკრეტული საქმე ძნელია შესასრულებლად, ვერც თანამშრომლები გაიზიარებენ. მათ უნდათ ლიდერი, რომელსაც გაჰყვებიან. პირველ რიგში, დიდ მოთხოვნებს საკუთარ თავს ვუყენებ და ასე ვთხოვ ჩემ კოლეგებსა და კოლექტივს. მთავარია, ერთმანეთის პატივისცემა და თანადგომა.
ფიზიკურად ეს არ არის ადვილი. ადრე სპორტით ვიყავი დაკავებული, – ინტენსიურად ვთამაშობდი ფეხბურთს, ვმოგზაურობდი. ახლა ვეღარ ვასწრებ. ხარაგაულში რომ ჩამოვდივარ, მორალურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვისვენებ. არანაირი წამალი არ მშველის ისე, როგორც ხარაგაულის ჰაერი, სილამაზე და ბუნება.
ჩემ ოჯახზე გეტყვით. მოსამზადებელ განყოფილებაზე რომ ჩავირიცხე, მაშინ პირველ კურსზე სწავლობდა აქსანა, ჩემი მომავალი მეუღლე. დიპლომის დაცვის მეორე დღეს ვიქორწინეთ. აქსანას ძალიან უყვარს ხარაგაული. დიდ პატივს სცემდა ჩემ მშობლებს. ჩემმა ოჯახმაც გულთბილად მიიღო. ვლადიმირში ცხოვრობს ჩემი ძმა ამირანი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
უფროსი ქალიშვილი ქრისტინა 1991 წელს შეგვეძინა. მან ჩვენი უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი დაამთავრა. ამ ეტაპზე ასრულებს ყველაზე საპატიო მისიას – პატარა ლანას ზრდის. მისი მეუღლე ანდრეი სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობს. უმცროსი გოგონა დიანა უნივერსიტეტის მესამე კურსელია. ფასიან განყოფილებაზე სწავლობს. ეს ამბავი უკვირთ ხოლმე. მას ჩემი რექტორობის გამო პრივილეგიით არ უსარგებლია.
nორმოც ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ასეთი ლამაზი, სუფთა და საამაყო ადგილი, როგორიც ხარაგაულია, არსად მინახავს. გამორჩეულად მშობლიური შეხვედრა მხოლოდ ხარაგაულში იციან. 20-30 წლის უნახავ ადამიანს შეხვდები და ისე გესაუბრება, თითქოს გუშინ დავშორდით ერთმანეთს. არც ერთ კუთხეში არ არის ასეთი სითბო. ბევრი ამხანაგი და მეგობარი მყავს რუსეთში. მამაჩემი რომ ცოცხალი იყო, ჩემი მეგობრები მაშინ ხარაგაულში ჩამომყავდა. რომ იცოდეთ, მათაც როგორ ენატრებათ ხარაგაული. როცა ვიკრიბებით, პირველად საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ.
2011 წლის ნოემბერში გავცივდი. ვიმკურნალე, მაგრამ თავს კარგად მაინც ვერ ვგრძნოდი. დეკემბერში მამა გარდაიცვალა და ხარაგაულში ჩამოვედი. წესით, უფრო ცუდად უნდა გავხდარიყავი ფიზიკურად, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხარაგაულში ყოფნამ წარმოუდგენლად სწრაფად გამომაჯანმრთელა.
ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ხარაგაული ჩემი ფესვებია, ჩემი ძალაა. არ შემიძლია დავივიწყო წარსული და მარტო მომავალზე ვიფიქრო. დღევანდელი დღე ხიდია წარსულსა და მომავალს შორის.
ხუთი წელი არჩეული რექტორი უნდა ვიყო და ეს აღარ შეიცვლება. რაც შეხება მომავალს, უნდა დავუცადოთ, ცხოვრება ყველაფერს გვიჩვენებს – რომელ გზაზე წასვლაა უმჯობესი. ვინ მოიფიქრებდა, რომ ხარაგაულელი პატარა ბიჭი, თბილისი-მოსკოვის მატარებელით ბოლო სადგურამდე მგზავრობაზე რომ ოცნებობდა, ვლადიმირის მხარის უნივერსიტეტის რექტორი გახდებოდა. დრო გვიჩვენებს, როგორ გაგრძელდება მომავალში მშობლიურ ხარაგაულთან ჩემი ურთიერთობა.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ანზორ სარალიძე სტუდენტებთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.