ცნობილ ხარაგაულელ კინორეჟისორს, ხარაგაულის საპატიო მოქალაქეს, გივი ვეფხვაძეს დღეს, 19 თებერვალს, 80 წელი შეუსრულდა.
გივი ვეფხვაძემ ქართული კინომატოგრაფიის განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისი რეჟისორობით გადაღებული ფილმები – „ყოველი გოჯი მიწა,“ „მიწის პატრონი,“ „მიწის შვილები,“ „თეთრი მიწები,“ „კუმისი – ივერთა და დიდებულთა,“ „9 მარტი კადრში და კადრს გარეთ,“„ციმბირის პაპა,“ „ბავშვები,“ „კეთილი კაცი,“ „მახსოვს ხარაგაული,“ – სამშობლოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, მხატვრულ ხერხებთან ერთად ფაქტებისა და მოვლენების ზუსტი გადმოცემით გამოირჩევა.
„რამდენი ვინმე და რამდენი რამე გვენატრება იმ შორეული წარსულიდან, როცა ყმაწვილები „ავჭალურს“ ვკენწლავდით, ჩიკორს ვაბზრიალებდით, რიყის ქვაფენილიან ქუჩაში ბურთაობის შემდეგ დაგლეჯილი ფეხსაცმელებით ვბრუნდებოდით შინ, „გრძელი ვირითა“ და „სააკაძის ცხენით“ ვერთობოდით, „ლახტის“ თამაშისას ერთმანეთს ფეხებში გამეტებულად ვურტყამდით ქამრებს, კნაჭა გოგოს გულისთვის მუშტი-კრივზე გადავდიოდით და ცხვირ-პირს ვისისხლიანებდით…
დგება დრო, როცა მხოლოდ წარსულის მოგონებები გახალისებს და გაცოცხლებს. ამ დროს სიბერის ჟამი ჰქვია,“ – წერს გივი ვეფხვაძე 2011 წელს გამოცემული წიგნში „მოგზაურობა წარსულში.“
წიგნში კინორეჟისორი მისთვის გამორჩეულ ხარაგაულელებსაც იხსენებს. განსაკუთრებული სიყვარულით გვიამბობს ფილმზე „ხსოვნა,“ რომლის დიდი ნაწილი გივი ვეფხვაძემ ხარაგაულში გადაიღო.
მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ ნაწყვეტს წიგნიდან „მოგზაურობა წარსულში.“
„ხსოვნა“
ამ ფილმის დასრულებას თითქმის სამი წელი მოვუნდი. თავდაპირველად სცენარი სამ სერიად ჩაეშვა წარმოებაში. მოულოდნელად ტელეფილმების ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ფილმის ქრონომეტრაჟი ორ სერიამდე უნდა შემემცირებინა. სცენარის საბოლოო ვარიანტი სამხატვრო საბჭომ დაამტკიცა და 1986 წელს გავუდექით ხარაგოულის გზას.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩვენი მრავალრიცხოვანი შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი გულთბილად მიიღო. ჯგუფი კი მართლაც დიდი იყო: რეზო ჩხიკვიშვილი, აბესალომ ლორია, დავით დვალიშვილი, ნელი ჯავახიშვილი, ჯემალ მონიავა, ვაჟა ფირცხალაიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ავთანდილ მიქაძე, ქეთევან ბოჭორიშვილი, კუკური ბექაია, გელა რევაზიშვილი, სოსო ხაინდრავა, მერაბ შარიქაძე, ჯემალ მაზიაშვილი, ლია კაპანაძე, ნათელა მიქელაძე, თამარ სვანი, თამაზ კიკნაძე, მამუკა ლორია, ნიკო დეკანოსიძე, ნონო მესხი, ქეთო ვეფხვაძე, ნინო ნანიტაშვილი, დარეჯან ხარშილაძე, ამირან ბეჟუაშვილი, აკაკი ბაქრაძე, სვეტლანა არუსლანოვა, აკაკი აფხაზავა, პაშა გიორგაძე, ლევან შარიქაძე, ხათუნა ჩაგელიშვილი, ლეო სოხაშვილი…
იმხანად რაიონს თავკაცობდნენ შოთა დევდარიანი, ელისო ბერიძე, მერაბ მაღრაძე, ჯუდი უჩიძე, დარეჯან მშვენიერაძე, ჰენრი შარიქაძე, ომარ შარიქაძე, რუსუდან რევაზიშვილი, ნელი იაშვილი, ნოდარ ჭანკვეტაძე, ომარ გორგაძე…
ორი წელი ვიღებდით ფილმს ხარაგოულში და არ მახსოვს, თუნდაც ერთი დღით უყურადღებოდ დავეტოვებინეთ ჩვენს ხარაგოულელ მასპინძლებს. ქალბატონი დარეჯანი ხომ ისე იყო გადაყოლილი გადამღებ ჯგუფზე, რომ ვალერი დონღუზაშვილს ხშირად ასე ვეხუმრებოდით, – ვერ გაგვიგია ვინაა ფილმის დირექტორი, შენ თუ დარეჯანიო?
და მართლაც, რაიკომის მდივანი იდეოლოგიის დარგში, როცა რაიმე მიზეზით გადაღებას ვერ ვახერხებდით, ისევე ნერვიულობდა, როგორც ჩვენ. არაერთხელ უთქვამს, – წუხელის მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ცას შევცქეროდი, ამინდი ხომ არ ფუჭდება-მეთქი. მისი წყალობით გადამღებ ჯგუფს მცირედითაც არ შეშლია ხელი.
მისგან ასეთი „მოთხოვნაც“ იყო – ყოველ საღამოს გამაგებინეთ, ხვალ სად გექნებათ გადაღებაო და ვალერიც ზუსტად აბარებდა ანგარიშს. მეორე დღისთვის კი, სადაც უნდა ყოფილიყო გადაღება, სოფლისა თუ წარმოებების ხელმძღვანელებს რაიკომის მდივნისგან დავალება ჰქონდათ მიცემული , – ყოველნაირად ხელი შეეწყოთ ჩვენთვის.
რაც უნდა დაგვჭირვებოდა – ბულდოზერი, თვითმცლელი მანქანები, ამწე, ტრაქტორი თუ მუშახელი, – ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავით.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ დაღლილ-დაქანცულებს არც პურ-მარილს გვაკლებდნენ. აი, ამ ბოლო „ყურადღებისთვის“ ქალბატონ დარეჯანთან „შეტაკებაც“ კი მომიხდა, – ძალიან გთხოვ, ჩვენს „გამოკვებას“ თავი დაანებე, ასეთი პურ-მარილები საჭირო არაა! მეორე დღეს კი ღვინით თავდამძიმებულებს მუშაობა გვიძნელდება-მეთქი.
თავი იმართლა – ეს ჩვენებური თვისებაა და მე არაფერ შუაში ვარო! რა თქმა უნდა, იცრუა. თუმცა, ამ ტყუილში სიმართლეც ერია. ასე იციან თუნდაც უცხო სტუმრის შეხვედრა რიკოთს იქით!
ჯუდი უჩიძე ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე გახლდათ. სასტუმრო „რიკოთის“ თანამშრომლები გაფრთხილებული ჰყავდა, – ჩვენი ჯგუფი უსაუზმოდ არ დაეტოვებინათ და ნომრებიც განსაკუთრებულ წესრიგში ჰქონოდათ. ერთ-ერთი ეპიზოდის გადასაღებად ჯუდიმ თავისი კაბინეტი დაგვითმო და ორი დღით მოადგილეს შეეკედლა. ფილმის მხატვარმა გიგა ლაპიაშვილმა კაბინეტის დეკორირება დაიწყო.
კედელზე ჩამოკიდებული ლენინის პორტრეტის ჩამოხსნა რომ გადაწყვიტა, უჩიძეს ფერი ეცვალა – რას შვრებით კაცო, ხომ არ გადაირიეთ? მომხსნიან! – თქვა და ჩვენც „შევიბრალეთ“ აღმასკომის თავმჯდომარე. რაკიღა მივხვდი, რომ „დიდი სიყვარულით“ იყო განმსჭვალული ბელადის მიმართ, გადავწყვიტე, პაწა გავხუმრებოდი.
ერთ დღეს შემეკითხა – სასტუმროში ხომ ყველაფერი რიგზეაო. კი, – ვუპასუხე, ოღონდ ეგაა, საერთო ტუალეტში ვერ შევსულვარ.
-რავა?! უსუფთაობაა? – სახე აუჭარხლდა და ტელეფონს დასწვდა.
-არა, არა, მაგიტომ არა! უბრალოდ, მერიდება! -ავუხსენი, – ტუალეტში ფანჯრიდან ლენინი მიყურებს და მისი მრცხვენია-მეთქი.
გულიანად გადაიხარხარა. „ხარვეზი“ დაუყოვნებლივ გამოასწორა. ფანჯრის მინები თეთრად გადააღებინა და იმ დღიდან რაიკომის წინ აღმართული ილიჩი ტუალეტში შესულებს ვეღარ „უთვალთვალებდა.“ ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას, ეს ამბავი ცნობილ სატირიკოსს, ევგენი პეტროსიანს, მოვუყევი.
ეტყობა, მოეწონა და სულ მალე საკუთარი ინტერპრეტაციით ახარხარებდა მაყურებელს. ცხადია, ხარაგოულის ნაცვლად რუსეთის რომელიღაც ქალაქს ახსენებდა.
ჯგუფში საოცარი ერთსულოვნება სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებში იყვნენ დაკავებულები, არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმეს გადაღების დღე გაეცდინოს.
დარეჯან ხარშილაძემ ხომ საერთოდ გამაოცა. როგორც კი შევატყობინებდით, ხვალ შენი ეპიზოდის გადაღებას ვაპირებთო, ღამით, წარმოდგენის დამთავრების შემდეგ, თეატრიდან პირდაპირ რკინიგზის სადგურზე მირბოდა და განთიადისას სასტუმროში დაგვადგებოდა თავს. რის გამოძინება! სასწრაფოდ გადაიცვამდა და სულ რაღაც ოც წუთში მზად იყო გადაღებისთვის. აი, ნამდვილი პროფესიონალიზმი.
და განა მარტო მსახიობები? ორი წლის მანძილზე ასე ცხოვრობდა თითოეული ჩვენგანი – ოპერატორები, ასისტენტები, თანაშემწეები, გამნათებლები თუ მძღოლები. დაბრკოლებებსაც ვაწყდებოდით, მაგრამ არა ჯგუფის რომელიმე რგოლიდან.
დაბრკოლებებს სტუდიის ხელმძღვანელობა გვიქმნიდა. ჯერ იყო და, რომელიღაც ფილმის წარმოებაში ჩასაშვებად საჭირო დრო, ერთი საათი, ჩვენ ჩამოგვაჭრეს. შემდეგ ფილმის დირექტორი, მართლაც გულიანი და საქმის მცოდნე ვალერი დონღუზაშვილი ჩამოგვაშორეს და ბათუმის ფესტივალის გადასაღებად გაამწესეს. საერთოდ, სტუდიას თუ რამე დასჭირდებოდა, – ფირი, აპარატურა, ტრანსპორტი, – მაინცდამაინც ჩვენს ჯგუფს ეძგერებოდნენ ხოლმე.
იყო ერთი ასეთი შემთხვევაც, – შემოდგომა იწურებოდა. გადაღებული მასალის სანახავად თბილისში ჩამოვედით. სამი დღის შემდეგ ისევ უნდა დავბრუნებულიყავით ხარაგოულში. მსახიობები გავაფრთხილე, – ხვალ დილაადრიან უნდა გავემგზავროთ-მეთქი. როგორც ველოდი, არავის დაუჩივლია.
შევდივარ სტუდიის დირექტორთან და ვითარებას ვუხსნი – საცაა თოვლი მოვა და უნდა მოვასწროთ შემოდგომის ეპიზოდების გადაღება, მსახიობები მზად არიან, ხვალისთვის ერთი დღით ავტობუსი გამომიყავით-მეთქი. უარი მივიღე – მანქანები დაკავებულიაო. როგორმე ჯგუფი ხარაგოულში გადამაყვანინე და ავტობუსს იმავე წუთში უკან გამოვაბრუნებ-მეთქი.
-იცი რაა? – ხელი ამიქნია, – აი, როცა საკუთარი ავტოფარეხი მექნება, ერთი დღით კი არა, ერთი თვით მოგამაგრებ, ანდა სულაც გაჩუქებო. ეს შემთხვევა თავის ზუსტი დიალოგით ფილმში იმ ეპიზოდად შევიტანე, როცა გოგი ჩხეიძე, – ფილმის მთავარი გმირი, რაიკომის მდივანს სოფლის ხიდის მშენებლობისათვის რამდენიმე დღით ბულდოზერს სთხოვს.
სასწრაფოდ დავუკავშირდი ხარაგოულს. ქალბატონმა დარეჯანმა იმწამსვე მოაგვარა პრობლემა და ხარაგოულიდან გამოგზავნილი ავტობუსი დილაუთენია უკვე ტელევიზიის ეზოში იდგა.
მუშაობისას რაც უფრო მეტ წინაღობას ვაწყდებოდი, მით უფრო მიმძაფრდებოდა სურვილი, გზადაგზა ახალი, ადეკვატური ეპიზოდები შემეტანა. მართალია, წინასწარ ვგრძნობდი, ასეთი თვითნებობისთვის ფილმის დამთავრებისას რაც მელოდა, მაგრამ მე მაინც ჩემსას „მივერეკებოდი.“
მოლოდინი გამიმართლდა – ყველაფერი მუქ ფერებში გაქვს დახატული! სინამდვილეში ისე არ ხდება, როგორც შენ ხედავ!.. პარტიული ხელმძღვანელებიც დაკნინებული გყავს… და ა. შ. და ა. შ. ვისმენდი ასეთ გაწიწმატებულ შემოტევებს სტუდიის ხელმძღვანელებისგან. მე კი გუნებაში მეცინებოდა, არაერთმა მათგანმა ფილმში ეტყობა საკუთარი თავი ამოიცნო.
თუმცა, რა ძნელი ამოსაცნობი იყო. კულმინაციურ ეპიზოდში ხომ მაღალმთიანი „აღორძინებული სოფლების“ გასაშუქებლად მივლინებიდან დაბრუნებულ კორესპონდენტ გოგის გაზეთის რედაქტორი ნარკვევს ცხვირწინ უფრიალებს და მუქარით მიმართვას – რა არის ეს! ამისთვის გაგაგზავნე მივლინებაში?! ყველაფერი შავ ფერებში გაქვს წარმოდგენილი!
და კიდევ ერთი „შემზარავი ფაქტი“, რამაც სტუდიის ხელმძღვანელობას თავზარი დასცა, ეს იყო ფილმის ბოლო ტიტრი, სადაც საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდია ხელის შეწყობისთვის მადლობას უხდის „ხარაგაულისა“ და არა „ორჯონიკიძის“ რაიონის მშრომელებს. იმ „ხანის“ ხანაში ხომ ხარაგოული ორჯონიკიძედ მოიხსენიებოდა!!! მიუხედავად ასეთი შემოტევისა, ეს ტიტრი არ შემიცვლია.
ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ფილმი მოეწონა, გახლდათ სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი მერაბ კოკოჩაშვილი.
„ხსოვნამ“ თავისი გაიტანა და სულ მალე საკავშირო ტელევიზიამაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არაერთხელ უჩვენა მაყურებელს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.