ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე აღუდგენელი დაზიანებით მიმდინარეობს და ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
ცოფს უხსოვარი დროიდან იცნობდნენ. ჰომეროსისის „ილიადაში“ ბერძნები ჰექტორს „ცოფიან ძაღლს“ უწოდებდნენ. ჩვ.წ.აღ-მდე პირველ საუკუნეში კორნელიუს ცელსმა აღწერა ცოფი ადამიანში და შემოიტანა ამ დაავადების დასახელება, – „ჰიდროფობია“ ანუ წყლის შიში უწოდა. 1884 წელს ცინკემ დაამტკიცა დაავადების გადატანის შესაძლებლობა დაავადებული ცხოველის ნერწყვით, ხოლო 1903 წელს რელანემ დაამტკიცა ცოფის ვირუსული ეტიოლოგია.
ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით მე-16 საუკუნეში დაავადება უკვე კარგად ცნობილი იყო. ჩვენამდე მოღწეულ ქართულ ლიტერატურულ ძეგლში „შუშანიკის წამება“ იაკობი ასე ახასიათებს ვარსქენს „ყიოდა და იზახდა, ვითარცა ცოფი“. იადიგარ დაუდში აღწერილია ცოფიანი ცხოველი: „ძაღლის სიბრაზიანე ერთი სენი არს, რომე მონობასავითა ვისცა მიიეახლების და უკბენს იმასაცა შეექმნების და გადაედების და ესე სენი ძაღლსა, მგელსა, ტურასა, მელასა, კატასა და კატუნასა ყველასა შეექნების და გაბრაზიანდების“.
ცოფი ადამიანს ცხოველებისგან გადაეცემა, მას ვირუსი იწვევს. ამ ვირუსის ორი ტიპია ცნობილი: ქუჩის ვირუსი, რომლის მტარებლებიც ცხოველები არიან და ფიქსირებული, რომელსაც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის დასამზადებლად იყენებენ (სავაქცინე შტამი).
ცოფის წყარო არის, საზოგადოდ, უმთავრესად – ძაღლი და კატა, ასევე მგელი, კურდღელი, მღრნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონელი, ღამურები. უნდა ითქვას, რომ ღამურების ცოფი სხვებზე გამძლეა. ღამურების ცოფი გავრცელებულია ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ კავკასიაში. საქართველოში 2012 წლიდან დაიწყო და მიმდინარეობს ღამურების კვლევა ცოფის ვირუსის მტარებლობაზე.
გარეჯისა და სათაფლიის ტერიტორიაზე შეგროვილი ნიმუშები გაგზავნილია ატლანტის CDC-ში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, ცოფი პრაქტიკულად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მისგან ყოველწლიურად იღუპება 55 000 ადამიანი; მ.შ-ის 40% 15 წლამდე ასაკის ბავშვები. შემთხვევათა 95% მოდის აზიისა და აფრიკის ქვეყნებზე. ადამიანთა დაავადების უმრავლეს შემთხვევაში ინფექციის წყარო ძაღლია. ცოფისაგან თავისუფალ ტერიტორიებად გამოცხადებულია ავსტრალიის კონტინენტი და სკანდინავიის ქვეყნები.
ცოფით ადამიანი ინფიცირდება, თუ ავადმყოფმა ცხოველმა დაკბინა, დაკაწრა ან დადორბლა. თეორიულად არის შანსი, ცოფი არ განვითარდეს, თუმცა პრაქტიკულად ის ყოველთვის ვითარდება. ვირუსმტარებელი ცხოველის ნერწყვი დიდი რაოდენობით შეიცავს ფერმენტ ჰიალურონიდაზას, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის არჩევითად ნერვულ ქსოვილში შეჭრას. ჭრილობაში ნერწყვთან ერთად მოხვედრილი ვირუსი ნერვული ბოჭკოების საშუალებით ცენტრალური ნერვული სისტემისაკენ მიემართება და თავისა და ზურგის ტვინს აზიანებს.
ცოფის საინკუბაციო პერიოდი კბენიდან ათი დღიდან 1 წლამდე მერყეობს. მისი განვითარება დამოკიდებულია როგორც ვირუსის რაოდენობაზე, ასევე კბენის ადგილზე, ჭრილობის დაზიანების ხარისხზე, ნაწილობრივ დაზარალებულის ასაკზე.
განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი თავზე, სახეზე, ყელსა და ხელის თითებზე. ბავშვებს დაავადება მოზრდილებთან შედარებით ადრე გამოაჩნდებათ, რადგან ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე უფრო მალე აღწევს.
დაავადების მიმდინარეობაში სამ პერიოდს გამოყოფენ. პირველი პერიოდი ჭრილობის ქავილით, წვით და ტკივილით იწყება. ამ პერიოდის სიმპტომატიკა ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას: შეინიშნება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ცხელება, ინტოქსიკაციური მოვლენები, გულის რევა, ღებინება, მძაფრდება მხედველობითი და სმენითი შეგრძნებები. კლინიკური სურათის სრული გაშლის პერიოდში თავს იჩენს ჰიდროფობია (წყლის შიში), ჰაეროფობია – ჰაერის შიში, სინათლის შიში.
შემდგომ იწყება აღგზნების პერიოდი. ამ სტადიაში ცხელება ყოველთვის არ არის გამოხატული. ავადმყოფი აჟიტირებულია, გარბის, წყლის არათუ დანახვა, ხსენების დროსაც კი შიში იპყრობს, შიში უმძაფრდება ჰაერისა და ხმაურის მიმართაც. დაავადების ამ პერიოდში ავადმყოფი, შესაძლოა, გულის ან სუნთქვის გაჩერებით დაიღუპოს. თუ ამ პერიოდს გადაურჩა, დაავადება დამბლის სტადიაში გადავა. ამ სტადიას ავისმომასწავებელ სიმშვიდის პერიოდად იხსენიებენ. პაციენტი მშვიდდება, იწყებს წყლისა და საკვების მიღებას… მალე გულისა და სუნთქვის ცენტრის დამბლით კვდება.
წესისამებრ კლინიკური სურათის მიხედვით ხდება ცოფის დიაგნოსტიკა. ავადმყოფის სიცოცხლეში რთულია ლაბორატორიული, თუმცა შესაძლებელია ვირუსის გამოყოფა თავ-ზურგ ტვინის სითხიდან, ნერწყვიდან და ცრემლიდან. ცოფით დაავადებული ადამიანი პრაქტიკულად არ არის საშიში დაავადების გადატანის თვალსაზრისით.
თუმცა გასული საუკუნის ბოლოს აღირიცხა ცოფის შემთხვევა, რომელიც ცოფით გარდაცვლილის რქოვანას გადანერგვით იყო გამოწვეული. დაავადებული ადამიანის ნერწყვში ცოფის ვირუსი გხვდება, თუმცა მისი კონცენტრაცია დაბალია და საფრთხეს პრაქტიკულად არ წარმოადგენს.
ცოფის თავიდან აცილება გულისხმობს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას:
ნაკბენი ჭრილობა მუშავდება საპნიანი წყლის ჭავლით, რაც გულისხმობს ჭრილობის კარგად მობანვას. ჭრილობის ასეთი დამუშავება ახანგრძლივებს ცოფის ფარულ პერიოდს და ზრდის სპეციფიკური მკურნალობის ეფექტს. ჭრილობა არ უნდა გაიკეროს 3 დღის განმავლობაში განსაკუთრებული სასიცოცხლო ჩვენების გარდა, რადგან მისმა გაკერვამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსის მოთესვა. დაუშვებელია ჭრილობის ამოწუწვნა.
დაკბენილმა ჭრილობის დამუშავებისთანავე უნდა მიმართოს ქირურგ-რაბიოლოგს, რომელიც განსაზღვრავს დაზარალებულის სწორ და ოპერატიულ მკურნალობას.
გახსოვდეთ: 1. აცრის დროს და მათი დამთავრების შემდეგ 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია მაგარი სასმელის მიღება, ლუდისაც კი.
ცოფის თავიდან აცილებისათვის საჭიროა აგრეთვე შემდეგი ღონისძიებების გატარება: შინაური ძაღლების მოვლა-პატრონობა, წესების მკაცრად დაცვა, მათთვის ყოველწლიურად პროფილაქტიკური აცრების ჩატარება. უპატრონო ძაღლებისა და კატების დაჭერა და ვოლიერებში გადაყვანა და ვაქცინაციის ჩატარება.
გახსოვდეთ: ცხოველთა მიერ ყოველი დაკაწვრის, დადორბვლის და დაკბენის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ქირურგ რაბიოლოგს და ჩაიტარეთ ანტირაბიული აცრები (აცრების კურსს განსაზღვრავს რაბიოლოგი). აცრა უფასოა!
გულნაზი ვეფხვაძე
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში