ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, გვირაბის ფრაგმენტი ჩამოინგრა. მძიმედ დაშავდა ორი მუშა; მათ შორის ერთის, თამაზ ტალახაძის, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის თბილისის კლინიკაშია გადაყვანილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სს „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით, სარკინიგზო ხაზს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ აშენებს.
გამომცემლობა „ჩემი იმერეთი“, შრომითი პირობების ინტენსიური გაშუქებით, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე დასაქმებულების გვერდით ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან იდგა, როცა ისინი, სამუშაოდან დათხოვნის შიშით, დუმდნენ.
აღნიშნულ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები მიმდინარე წელს, „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ სპეციალისტებმა შეისწავლეს და აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, დამსაქმებელს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართეს.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისგან სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი რემონიტორინგის პროცესი სექტემბერში უნდა შემდგარიყო. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია რამდენად შეასრულა დამსაქმებელმა რეკომენდაციები.
პროფკავშირმა და 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯერ კიდევ 2016 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რკინიგზის მშენებლობისას შრომის უსაფრთხოების დარღვევებზე სპეციალური მიმართვა გაავრცელეს:
„არასამთავრობო ორგანიზაციები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და სს „საქართველოს რკინიგზას“, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მუშებს შორის 3 ნოემბერს დაწყებული დაპირისპირება 9 ნოემბერს, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებით ამოიწურა (ასევე შეთანხმებით დასრულდა სექტემბრის თვეში მიმდინარე გაფიცვები), დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რისკები კვლავ არსებობს.
აღნიშნული პროტესტების შინაარსი და მუშათა მოთხოვნები, მათი შრომითი ექსპლუატაციის სისტემურობაზე მეტყველებს. ამასთან, სახელმწიფო კონტროლის არაეფექტური მექანიზმებისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობის გათვალისწინებით, ისევ არსებობს დამსაქმებლის მხრიდან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი, რამაც, შესაძლოა, კვლავ განაპირობოს მუშათა უფლებების განგრძობადი დარღვევა“, – ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ანტი-ჩინური განცხადებები მჩაგვრელი პოლიტიკის სასიკეთოდ მუშაობს, რამდენადაც რასობრივ თუ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებების სახელით, რეალური ეკონომიკური მოთხოვნებისა და სოციალური წინააღმდეგობის გადაფარვა ხდება.
ღია მიმართვის ხელმომწერები სს „საქართველოს რკინიგზას“ მოუწოდებენ, გამოიყენონ „23-ე ბიუროსთან“ ხელშეკრულებით გაფორმებული უფლებამოსილება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კონტრაქტორისგან მოითხოვონ დარღვევის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეწყვიტონ კონტრაქტი დაქირავებულ კომპანიასთან.
ღია მიმართვის ხელმომწერლები პარლამენტს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემის დაუყოვნებლივ შექმნისკენ მოუწოდებენ, ხოლო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მიმართავენ, კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროვოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ახალ სარკინიგზო ხაზზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგები.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში