კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ათი გამარჯვებული გუნდი უკვე გამოვლინდა.
ხარაგაულში, კერძოდ, სოფელ ღორეშაში, პრობლემებზე მომუშავე სტუდენტებისა და ადგილობრივების გუნდი, – ნინო გვასალიას, გვანცა სალიას, ზურაბ თაბუკაშვილის, შოთა ლომიძის, გოჩა კოპაძისა და ივერი სულაქველიძის – შემადგენლობით, გამარჯვებულთა ათეულში რეიტინგით მესამეა. ჯგუფის ხელმძღვანელია ნინო გვასალია.
გამარჯვებულები პოლონეთსა და გერმანიაში სასწავლო ტურით დაჯილდოვდნენ, – 25 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ისინი პოლონეთსა და გერმანიაში გაემგზავრებიან; ვარშავაში, გდანსკში, პოზნანში, ბერლინში, დრეზდენსა და პოტსდამში თვითმმართველობების საქმიანობას გაეცნობიან.
ა/ო „მოქალაქესა“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთობლივი კონკურსი „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ წელს მესამედ ჩატარდა.
შარშანდელ კონკურსში სტუდენტურმა გუნდმა, ნინო გვასალიას ხელმძღვანელობით, პირველი ადგილი დაიკავა. ნინო წლევანდელი გამარჯვებით შარშანდელზე მეტად გახარებულია, რადგან წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით, შედარებით რთულად, გაიმართა.
შარშან კონკურსის მონაწილე სტუდენტებს შერჩეული მუნიციპალიტეტის პრობლემები უნდა შეესწავლათ და მათი გადაწყვეტის მხოლოდ სტრატეგიული ხედვა წარედგინათ.
წელს პრობლემების შესწავლის შემდგომ სტუდენტებმა ანალიტიკური დოკუმენტი და შემდგომ კონცეპტუალური ხედვა მოამზადეს; შერჩეულ სოფელში, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – სოფელ ღორეშაში, – დასახლების კრება ჩაატარეს, მოსახლეობას კონცეპტუალური ხედვა გააცვნეს. მოქალაქეების ინფორმირებისა და პროცესში უშუალოდ ჩართვის შედეგად ხარაგაულის თვითმმართველობას დასახლების კრების პეტიცია წარუდგინეს და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე განხორციელებული ქმედებების ადვოკატირება გასწიეს.
წლევანდელ კონკურსში, შარშანდელთან განსხვავებით, ჟიურიმ საბოლოო შეფასებაში სტუდენტური გუნდების პრეზენტაციებიც ჩართო.
„შარშან გამარჯვებულმა ათმა გუნდმა კონფერენციაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ განვახორციელეთ პროექტი და როგორ მოვხვდით გამარჯვებულთა ათეულში, – ამბობს ნინო გვასალია, – წლევანდელი პრეზენტაცია კი კონკურსის შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენგან განხორციელებული ქმედებების პრეზენტაციებს შეფასების ძალიან მაღალი წონა ჰქონდათ. ნაშრომის ქულას პრეზენტაციის ქულები დაემატა.
კონკურსის ყველა ეტაპის მიმდინარეობით აქტიურად ინტერესდებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი. ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე განსაკუთრებით მოეწონა ღორეშის მოსახლეობის მზადყოფნა, რომ შრომითი მონაწილეობა მიიღონ კვადოურას უბანში გზის აღსადგენად და ამაში გამგეობას ფულს არ თხოვენ.
ღორეშაში კვადოურას უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზის პროექტის განხორციელება ძალიან იაფი დაუჯდება გამგეობას, – ჩვენგან მომზადებულ პროექტში გაწერილი 1000 ლარი ტექნიკისთვის საჭირო მხოლოდ საწვავის ფულია,“ – ამბობს ნინო გვასალია.
კონკურსში „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ გამარჯვებული გუნდის წევრი ზურაბ თაბუკაშვილი ამბობს, რომ მისთვის უმთავრესი მიზანი იყო, ღორეშაში მათ საქმიანობას რეალური შედეგი მოჰყოლოდა და ღორეშელთა პრობლემები გადაჭრილიყო; რაც, მეტნაკლებად, ხერხდება კიდეც.
ზურაბი კმაყოფილია კონკურსში „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ მიღწეული გამარჯვებით და ამბობს, რომ ამ კონკურსის ფარგლებში გამართული ტრენინგებით თვითმმართველობის უფლება-მოვალეობების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება მიიღო.
„ბუნებით აქტიური ადამიანი ვარ და ყოველთვის მაინტერესებდა, რომ კონკრეტული პრობლემა მოგვარებულიყო, – ამბობს ზურაბ თაბუკაშვილი, – თუმცა, ამ კონკურსამდე ჩემთვის ბუნდოვანი იყო, რომელი საკითხის გადაჭრა შეეძლო ადგილობრივ თვითმმართველობას და რის მოსაგვარებლად უნდა მიგვემართა ცენტრალური ხელისუფლებისთვის. ახლა ზუსტად ვიცი, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, რომელ საკითხზე რომელი უწყებაა კომპეტენტური.“
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტური გუნდის წევრი შოთა ლომიძე გერმანიისა და პოლონეთის ქალაქებში სასწავლო ვიზიტით იმ გამოცდილების მიღებას ელოდება, რაც ამ ქვეყნებში თვითმმართველობის განვითარების კუთხით დაგროვდა.
„ვფიქრობ, რომ პოლონეთსა და გერმანიაში მოქალაქეები თვითმმართველობის საქმიანობაში მეტად არიან ჩართულები და თავად წყვეტენ, რისი მოგვარება სჭირდებათ, – ამბობს შოთა ლომიძე, – გავიზიარებთ გამოცდილებას, როგორ მიაღწიეს ამ დონემდე, რა გზა გაიარეს იმისათვის, რომ მოსახლეობა მეტად დაინტერესებულიყო და გადაწყვეტილების პროცესში ჩართულიყო.“
კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და რეგიონებში „სამოქალაქო ლიდერების“ ფორმირების პროცესის ხელშეწყობა, რეალური თვითმმართველობის განხორციელების მხარდაჭერა.
ლაურა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში