სოფელ ღორეშის დასახლების საერთო კრებამ 29 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს განცხადებით მიმართა და პეტიცია წარუდგინა.
პეტიციაში აღწერილია კვადოურას უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზისა და კვადოურას უბნის სასაფლაოს შემოღობვის პროექტი. პეტიციაში განხილული და დასაბუთებულია ამ პრობლემების მოგვარებისა და ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში ფინანსური რესურსების მოძიების გზები.
სასაფლაომდე მისასვლელი ალტერნატიული გზის 150 მ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის
საჭირო რესურსი 1002,4 ლარით განისაზღვრა, ხოლო სასაფლაოს შემოღობვისთვის – 4058,5 ლარით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პეტიცია გამგეობას განსახილველად და კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად გადაუგზავნა.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს გამგებელმა ნიკო თოფურიძემ წერილობით აცნობა შემდეგი:
„2017 წელს მოხდება ღორეშაში კვადოურას უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა, 2018 წელს კი განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება სასაფლაოს შემოღობვას, ვინაიდან 2017 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხები არ არის გათვალისწინებული, პრობლემა მოგვარებული იქნება 2018 წელს, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის გათვალისიწნებული იქნება გარკვეული თანხები.“
გამგებლის პასუხი კოლეგებს მანანა ბარბაქაძემ ბიუროს სხდომაზე გააცნო.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ღორეშაში სასაფლაოს შემოღობვას და გზის რეაბილიტაციას მცირე თანხა სჭირდება და საგაისოდ ამ საქმის გადადებით ადგილობრივი ხელისუფლება სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„გზების მოსაწესრიგებლად, – გარდა იმ თანადაფინანსებისა, რაც რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელ პროექტებს უნდა მოვახმაროთ, – ადგილობრივი ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ გახარჯულა,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილი ღორეშაში პროექტების დაფინანსების თანხებს ვერ ხედავს.
ბიუროს სხდომაზე მას უპასუხეს, რომ პეტიციაში კონკრეტულადაა გაწერილი პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ფინანსების გამოძებნის გზები.
„ბიუროს არც ერთი წევრი არ ვეთანხმებით გამგებლის ამ პასუხს პეტიციაზე, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, – ღორეშელები ორი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. წელს მინიმუმ ერთი მაინც უნდა დაფინანსდეს.“
მანანა ბარბაქაძემ საკითხი განსახილველად საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის; ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებს გადასცა.
კომისიებმა, საკრებულოს 3 ივლისის სხდომისთვის, პეტიციის თაობაზე დასაბუთებული პასუხი უნდა მოამზადონ.
ღორეშაში დასახლების საერთო კრება კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ სტუდენტური ჯგუფის (გვანცა სალია, ნინო გვასალია, ზურაბ თაბუკაშვილი, შოთა ლომიძე) ხელშეწყობით გაიმართა. სტუდენტური კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქესა“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებისა და ახალგაზრდებში თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში