#3 salome maWavariani8 ნოემბერს ჭიათურაში ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური საფორტეპიანო კონკურსი „შემოდგომის ჭიათურა“ მესამედ ჩატარდა. კონკურსი ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. დაარსების დღიდან კონკურსში მონაწილეობს ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა. ხარაგაულელი კონკურსანტები მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ. თამარ კიკნაძემ და ბარბარე ლურსმანაშვილმა გასულ წლებში საპრიზო ადგილები დაიმსახურეს. მათ რიცხვს წელს სალომე მაჭავარიანი შეუერთდა – ჟიურის გადაწყვეტილებით მან მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

„კონკურსში მონაწილეობდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და თბილისის სამუსიკო სკოლების 30 მოსწავლე, – გვიამბობს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე, – კონკურსის ორგანიზატორია ჭიათურის კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლა. სამუსიკო სკოლის დირექტორმა თამარ ტაბიძემ განსაკუთრებული მადლობა გვითხრა იმისთვის, რომ ხარაგაულიდან ყოველთვის კარგად მომზადებული მოსწავლეები მონაწილეობენ. წელს ჟიურს პროფესორი ლია ნიქაბაძე თავმჯდომარეობდა. კონკურსი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მონაწილეებს ოთხი ნაწარმოები უნდა შეესრულებინათ. ჩვენმა მეოთხეკლასელმა მოსწავლემ შესანიშნავად დაძლია კონკურსის პირობა. სალომემ ბახის „ინვენცია,“ გრიგისა და შუმანის პიესები და შოსტაკოვიჩის ვალსი დაუკრა. ძალიან კმაყოფილები ვართ. 30 მოსწავლეს შორის რომ საპრიზო ადგილს დაიმსახურებ, ეს დიდი წარმატებაა. აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე თბილისის სამუსიკო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე გავიდა, ხოლო მეორე ადგილზე – ჭიათურის სამუსიკო სკოლის მეექვსეკლასელი.

#1 SALOME MACHAVARIANI PEDAGOGS DREJAN GVAZABIASTAN DA SKOLIS DIREQTOR LALI ALEQSIZESTAN ERTADსალომემ სწავლის დაწყებიდან მოკლე დროში დაძლია და შესანიშნავად შეასრულა საფორტეპიანო ნაწარმოებები. ეს მისი პედაგოგის, დარეჯან გვაძაბიას დამსახურებაა. დიდი ძალისხმევა გასწია ჩვენი სკოლის კონსულტანტმა ზურაბ ვასაძემ.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სალომეს დედას, ქალბატონ მაკას. მას კიცხიდან კვირაში სამჯერ დაჰყავს სალომე და მისი ძმა მუსიკაზე. სალომე გაკვეთილს არ აცდენს და ყოველთვის მოწესრიგებულია. მისი წარმატება დედის თანადგომის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.“

სალომე მაჭავარიანის მასწავლებელი დარეჯან გვაძაბია ამბობს, რომ სალომე ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარეა. ამავე დროს მას არაჩვეულებრივი სმენა აქვს და შესანიშნავად მღერის. „სალომეს დედა ძალიან უწყობს ხელს. მშობელზე ბევრი რამეა დამოკიდებული. კონკურსის შემდეგ სიხარულისგან მთელი გზა ვტიროდი,“ – გვიამობს დარეჯან მასწავლებელი.

თავად სალომე მაჭავარიანი ამბობს, რომ ძალიან უყვარს სიმღერა და საკრავები, განსაკუთრებით – ფორტეპიანო. „ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მასწავლებელს დარეჯან გვაძაბიას და სამუსიკო სკოლის დირექტორს ლალი ალექსიძეს. თავიდან ვნერვიულობდი, მერე კი ძალიან გამიხარდა გამარჯვება. დღეში ორ საათს ვუთმობ კლასიკურ მუსიკას,“ – გვიამბობს სალომე. აღსანიშნავია, რომ სალომე ბორის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის წარჩინებული მოსწავლეა.

მეორე წელია სალომე დედასთან, მაკა ავალიშვილთან ერთად კვირაში სამჯერ დადის სოფელ კიცხიდან ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში. „გვიჭირს სიარული, მაგრამ აქ ისეთი სასიამოვნო გარემოა, სიხარულით მოვდივართ. მასწავლებლების გვერდში დგომა ძალიან გვამხნევებს,“ – ამბობს მაკა.

მიღწეული წარმატების გამო, სამუსიკო სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, სალომე მაჭავარიანი ერთი წლის მანძილზე სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებულია.

ხარაგაულის სამუსიკო სკოლის კოლექტივს სერიოზული გეგმები აქვს: დეკემბერში სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კონცერტზე ეპატიჟებიან მსმენელს, გაზაფხულზე თბილისში ხელოვნების აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ჩაერთვებიან. „გვყავს მოსწავლეები, რომლებიც დაძლევენ საკონკურსო პროგრამას. კლასიკური მუსიკის შესწავლას სისტემატური მუშაობა სჭირდება. ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და ვზრდით კარგ, გემოვნებიან მსმენელს, კარგ მოქალაქეს. სამუსიკო სკოლაში ორი წელიც რომ ისწავლოს მოსწავლემ, ეს მის სულიერ სამყაროზე დადებითად მოქმედებს. სალომეს წარმატება ყოფილიყოს ჩვენთვის ფეხბედნიერი,“ – დასძენს ლალი ალექსიძე.

ნინო კაპანაძე