ხარაგაულში, ცენტრალურ ქუჩაზე, რახიელას ღელეზე არსებულ საავტომობილო ხიდზე, დროებითი გადასასვლელი მოეწყობა.

სამუშაოები დღეს, 28 ნოემბერს, დაიწყო.

საავტომობილო ხიდი, რომელიც 18 ოქტომბრის შემდეგ გადაკეტილია, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობიდან სამშენებლო მასალებით ნორმაზე მეტად დატვირთული მანქანების გადაადგილებამ დააზიანა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით კაჭახიძე ამბობს, რომ რკინიგზის მშენებელი კომპანია, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო,“ ხიდზე ლითონის კონსტრუქციას დაამონტაჟებს.

„ამ გადასასვლეთით ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს და ეს ერთგვარი შვება იქნება დასახლებისთვის, – ამბობს დავით კაჭახიძე, – ხიდზე დროებითი კონსტრუქცია იმ დრომდე იქნება, სანამ კომპანია სამშენებლო სამუშაოებს არ დაასრულებს. როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ახალი რკინიგზის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.“

დავით კაჭახიძე განმარტავს, რომ პირველი პროექტი კომპანიას საფუძვლიანად შეაცვლევინეს.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ხიდით ადგილობრივ მოსახლეობას ესარგებლა, – ამბობს დავით კაჭახიძე, – პროექტის თავდაპირველი ვარიანტით დროებით ხიდზე მხოლოდ მათი მანქანები ივლიდნენ. ახლა უკვე ისეთი გადასასვლელი იქნება, რომელზეც მსუბუქი მანქანებიც გადავლენ და მოსახლეობაც უპრობლემოდ ისარგებლებს.“

ნინო კაპანაძე