ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, ავტომობილების მოძრაობა თითქმის ერთი კვირაა, შეფერხებულია. გზის სავალი ნაწილი, სასტუმრო „უღელტეხილის“ მიმდებარე ხიდი, ჩანგრევის პირასაა.

„გზა მწყობრიდან მაღალგამავლიანი, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების გამო გამოვიდა, – განმარტავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ფხალაძე, – მოგეხსენებათ ახალი სარკინიგზო მაგისტრალი შენდება და ნორმაზე მეტად დატვირთული მანქანები ხშირად დადიან ზვარედან ძირულას მიმართულებით.“

მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, ახალი რკინიგზის მშენებელი კომპანიის შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლები ხარაგაულის მუნიციალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ დავით დევდარიანს შეხვდნენ.

„შეთანხმდნენ, რომ ხიდს ახალი რკინიგზის მშენებელი კომპანია აღადგენს, – ამბობს მალხაზ ფხალაძე.“

მისივე ინფორმაციით, ე. წ. რახიელას ღელეს ყველაზე რთული მონაკვეთი ამ ხიდის რეაბილიტაციის პროცესში გასუფთავდება.

დღეს, 18 ოქტომბერს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გზის სავალი ნაწილი დაათვალიერეს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ დავით დევდარიანს შეხვდნენ.

გზის მოვლა-პატრონობის ვალდებულება ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბორანის“ ქვეკონტრაქტორს გოგი თხელიძეს ეკისრება. მან დღეს გზაზე ამკრძალავი ნიშნები დააყენა, რომელთა მიხედვით, 10 ტონამდე წონის ავტომანქანები 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით უნდა გადაადგილდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ცენტრალური გზის მონაკვეთზე  – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობიდან რკინიგზის ხიდამდე – ავტომობილების გადაადგილება საერთოდ აიკრძალოს, ხოლო 9 აპრილის ქუჩაზე დაწესდეს შეზღუდვა და მანქანები მხოლოდ 20 კმ სიჩქარით გადაადგილდნენ.

დავით დევდარიანის ინფორმაციით, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ გზის რეაბილიტაციის პროექტს გამგეობაში ხვალ წარადგენს. თავის მხრივ მუნიციპალიტეტის გამგეობა პროექტს შესათანხმებლად საავტომობლო გზების დეპარტამენტს გადაუგზავნის.

ფოტოებზე: დაზიანებული ხიდი ხარაგაულში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან

shkhevedra