CENN-ის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, 2016 წლის მაისში გამოცხადდა სასკოლო კონკურსები: ფოტო-სინთეზი-2017 და კონკურსი ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, 19 სექტემბერს აღნიშნულ კონკურსებთან დაკავშირებით, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან გაიმართა შეხვედრა-ტრენინგი. შეხვედრის მიზანი კონკურსში რაც შეიძლება ბევრი სკოლის ჩართვა და არეალის გაფართოებაა.

შარშან CENN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ფოტო-სინთეზი-2016 ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ორი სკოლა, ლაშისა და ბაზალეთის, მონაწილეობდა. წელს კი იმედი გვაქვს, ტრენინგზე დამსწრე თითოეული პედაგოგი თავის მოსწავლეებთან ერთად შექმნის გუნდს და აქტიურად ჩაერთვება გარემოსდაცვით აქტივობებში.

ტრენინგზე დამსწრე პედაგოგებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კონკურსთან დაკავშირებით. მათ გადაეცათ CENN-ის მიერ მომზადებული ელექტრონული მასალები, რაც საშუალებას მისცემთ თავიანთ სკოლაში გამართონ პრეზენტაციები და დააინტერესონ მოსწავლეები.

კონკურსის – ფოტო-სინთეზი-2017 – თემაა „ეს ჩემი ტყეა.“ ხარაგაულელ მოსწავლეს ტყის სურათის გადაღება არ უნდა გაუჭირდეს. გადაიღეთ ტყე, აღნიშნეთ როგორი ტიპის ტყეა, რატომაა თქვენი, დაურთეთ მოკლე ანოტაცია, თქვენი და თქვენი სკოლის მონაცემები და 20 იანვრამდე გააგზავნეთ მისამართზე photo@cenn.org

კონკურსი „ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად“ მრავალ აქტივობას მოიცავს. შექმენი გუნდი, დაგეგმე გარემოსდაცვითი აქტივობა, გააშუქე დაგეგმილი აქტივობა მედიის საშუალებით, წადი ლაშქრობაში, გაიარე ნიკო კეცხოველის მიერ განვლილი გზა, თითოეული აქტივობა ასახე ფეისბუქგვერდზე, დააგროვე ქულები და გახდი გამარჯვებული.

CENN-ის კონკურსები მომავალი გარემოსდამცველების, ბუნების ქომაგების აღზრდას ემსახურება. თუ მომავალი თაობა აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ აქტივობებში და გაითავისებს, რომ ტყე მხოლოდ შეშა არ არის და ბუნებას, როგორც ადამიანს, გაფრთხილება-მზრუნველობა სჭირდება, ჩვენს პლანეტას აღარაფერი გაუჭირდება.

თეა ტალახაძე

ფოტოზე: ტრენინგის შემდეგ