თაფლის ღვინო და არაყი მეფუტკრეობის უნიკალური პროდუქტებია. ისინი მოსახლეობაში უხსოვარი დროიდან დიდი ინტერესითა და მოწონებით სარგებლობენ. მეფე ლაშა გიორგის თანამედროვე ჟამთააღმწერელი თაფლის ღვინოს „თაფლუჭად“ მოიხსენიებს.

თაფლის ღვინის დასამზადებლად საჭიროა მაღალხარისხოვანი თაფლი. დიდი მნიშვნელობა აქვს დასადუღებელი ჭურჭლის (ჭური, ემალის, უჟანგავი ლითონის, მაღალხარისხოვანი პოლიეთილენის ავზები) სისუფთავეს.

თაფლი უნდა გავხსნათ მაღალხარისხოვან 20-25 გრადუსამდე შემთბარ წყაროს წყალში – 10 ლიტრ წყალზე 2,5-3 კილოგრამის ოდენობით. ხსნარს უნდა დავამატოთ ხილის ან ყურძნის დაჭყლეტილი ბუნებრივი მადუღარი პროდუქტები ან მეღვინეობაში მიღებული დედო მადუღარი – 10 ლიტრზე 0,5-1,5 ლიტრის ოდენობით და მოვათავსოთ დასადუღებელ ავზში ან ჭურში. ჭურჭლის სახურავი არ უნდა იყოს ჰერმეტული. ამასთან ერთად დაცული უნდა იყოს ფუტკრის მიწვდომისაგან. აქტიური დუღილის პერიოდში უნდა შენარჩუნდეს 20-22 გრადუსი ტემპერატურა. 2-3 თვის განმავლობაში მოხდება მარტივი შაქრების გარდაქმნა სპირტად. მაგრამ თაფლში არის ისეთი რთული შემადგენლობის შაქრები, რომელსაც ძნელად გადაამუშავებენ დუღილის ბაქტერიები. არის ისეთი შაქრები, რომლებსაც ეს ბაქტერიები საერთოდ ვერ გარდაქმნიან. ამიტომ რაც არ უნდა დიდი დრო დავუთმოთ დადუღების პროცესს, აბსოლუტურად მშრალი თაფლის ღვინის მიღება შეუძლებელია.

აქტიური დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინო გადავიღოთ (გავწუროთ, გავფილტროთ) და ჩამოვასხათ ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭლებში.

თაფლის ღვინო სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სადესერტო სასმელია. არაა რეკომენდირებული მისი დიდი რაოდენობით (სათრობად) მიღება.

თაფლის არაყი თაფლის ღვინის გამოხდით მიიღება. ამ შემთხვევაში გამოსახდელი თაფლის ღვინის დასამზადებლად გამოიყენება დაბალხარისხიანი, მინარევებიანი თაფლი, აგრეთვე თაფლიანი ფიჭის ნახარში, თაფლიანი ჭურჭლისა და ინვენტარის ნარეცხი და თაფლიანი ხელის ნაბანიც კი.

თაფლის არაყი მეტად სასარგებლო, სასიამოვნო სასმელია. იგი ალკოჰოლიან სასმელებში ყველაზე ძვირად ფასობს.

ნუგზარ ლომსაძე
მოყვარული მეფუტკრე