
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდი 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია ამომრჩევლის სავარუდო მოსყიდვის სამ ფაქტზე.
„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოიმატა საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებმა. საარჩევნო კანონმდებლობის არაერთი აკრძალვის მიუხედავად, საარჩევნო სუბიექტები და მათი წარმომადგენლები ამომრჩეველთა ფულადი სახსრებით დაინტერესებას თუ საჩუქრების გადაცემას სხვადასხვა მეთოდებით ახერხებენ.
სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანოებმა მოსყიდვის ფაქტებზე არაეფექტური და არადროული რეაგირება მოახდინეს, რაც აღნიშნული სამართალდარღვევის წახალისებას იწვევს.
პოლიტიკური კორუფციის ეს ფორმა ხელისუფლების მხრიდან, ფაქტობრივად, სათანადო ყურადღების მიღმაა დარჩენილი და არც ერთ სავარაუდო სამართალდამრღვევს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
რა ითვლება მოსყიდვად
პოლიტიკური პარტიის, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის, საჩუქრის ან მომსახურების გადაცემა როგორც პირადად ისე სხვა პირის მეშვეობით, უკანონო დაპირება ან შეთანხმება, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება – მოსყიდვააა.
„სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად პ/გ „ცენტრისტების“ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საარჩევნო რეკლამას და რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პენსიაზე ამომრჩეველთან ხელშეკრულების გაფორმებას მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ ცესკომ პ/გ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა.
„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა მარნეულში. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის აზერ სულეიმანოვის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, რაგიმ ასკეროვმა მოქალაქე ბ.მ-ს შშმ პირისთვის განკუთვნილი ეტლი გადასცა.
ორგანიზაცია მოსყიდვად მიიჩნევს ხულოში, კერძოდ ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესგან ახლადდაქორწინებულ წყვილზე ოქროს ბეჭდების ჩუქებას.
როგორ ისჯება მოსყიდვა
არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე მოსყიდვა „საარჩევნო კოდექსის“ 47-ე მუხლით იკრძალება.
თუ მოსყიდვის ფაქტები დადასტურდა, საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ, თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა მოსყიდვას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია.
მოსყიდვის შესახებ სანქციებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონიც ითვალისწინებს.
კანონის 342-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია სანქცია: საარჩევნო მიზნით ფიზიკური პირის უკანონო საჩუქრის, შემოსავლის, მომსახურების მიღება, თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით.
რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, „სისხლის სამართლის კოდექსის“ მიხედვით ამომრჩევლის მოსყიდვა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ან ჯარიმით ისჯება იმ შემთხვევაში თუ:
ამომრჩეველს საარჩევნო მიზნით – პირდაპირ ან არაპირდაპირ – ფულს, ფასიან ქაღალდს, ქონებას ან ქონებრივი უფლებას შეთავაზებენ, გადაცემენ ან დაჰპირდებიან.
ქონებაში არ იგულისხმება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები – მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები.
პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სადღესასწაულო ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში მცირე ღირებულების მქონე, წლის განმავლობაში არა უმეტეს 5 000 ლარის საერთო ღირებულების ნივთების საჩუქრად შეთავაზებისათვის, დაპირებისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე ამგვარი საჩუქრის მიღებისათვის.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება პირი, თუ მან მოსყიდვის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არც იმ პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებებისთვის დაეკისრება, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.
პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანხის ოდენობა (გარიგების ღირებულება) 100 ლარს არ აღემატება.
ნინო კაპანაძე
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან