წითლად შეფერილი მდინარე ჩხერიმელას ფოტომ, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მდინარეში ბანაობის შემდეგ ბავშვებს ტანზე გამონაყარი შენიშნეს, მოგვიანებით კი ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდათ.

ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურების მიზეზად ჩხერიმელას სანაპიროზე საღანძილეში ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საწარმო შპს „ნიუ სფეისს“ მიიჩნევს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივლისის ბოლოს მიღებული შეტყობინების საფუძველზე საწარმოში ინსპექტირება განახორციელა.

„საწარმოს ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და შლამის დასაწყობებისთვის სპეციალური ბაქანი, – განმარტავს დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე,  – ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საწარმოს ფუნქციონირების შედეგად ზედაპირული წყლები ბინძურდება.“

რაც შეეხება წითლად შეფერილი მდინარე ჩხერიმელას ფოტოებს, ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ საწარმოდან წითელი ფერის გამომწვევი არანაირი ქიმიური ნივთიერება არ გამოდის. მისივე განმარტებით, შეწონილი ნაწილაკები მოყვითალო ფერისაა.

ამჟამად დეპარტამენტში ადინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში გარემოსთვის მიყენებული ზიანი დაანგარიშდება და მასალები სასამართლოს გადაეგზავნება. სასამართლოს შედეგიდან გამომდინარე, დეპარტამენტი საწარმოს მიმართ ადმინისტრაციულ ღონისძიებებს გააგრძელებს. საწარმომ სამინისტროსგან დადგენილ ვადაში ისეთი გამწმენდი ნაგებობა უნდა მოაწყოს, რომ ზედაპირული წყლები შეწონილი ნაწილაკებით არ დაბინძურდეს.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი გულნაზი ვეფხვაძე ამბობს, რომ შეწონილმა ნაწილაკებმა შეუძლებელია რაიმე დაავადება, ინფექცია ან გამონაყარი გამოიწვიოს.

„ხარაგაულის ემერჯენს ამბულატორიაში მომართვიანობა არ არის გაზრდილი, – ამბობს გულნაზი ვეფხვაძე, – ბავშვებში ძირითადად კვებითი ინტოქსიკაციისა და ალერგიული ბრონქიტის ნიშნები აღინიშნება.“

ქიმიური ნივთიერებით მოშხამვა, გულნაზი ვეფხვაძის განმარტებით, სხვა კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს.

mdinare

ფოტოებზე: მდინარე ჩხერიმელა; შპს „ნიუ სფეისის“ საწარმო საღანძილეში.