ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამორჩეულია ხელუხლებელი ტყეებით, უნიკალური ეკოსისტემებითა და იშვიათი ბიომრავალფეროვნებით. ამ ბუნებრივი სიმდიდრის მოსანახულებლად, ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროს ლევან თაბუნიძის ინფორმაციით, ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

„გასული წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, – ამბობს ლევან თაბუნიძე, – უცხოელი ვიზიტორები ძირითადად რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან გვსტუმრობენ.“

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამთო-ველო და თოვლის ფეხსაცმელების ტურებს სთავაზობს. ეროვნულ პარკში 12 მარკირებული ბილიკია. ბილიკების  გასწვრივ ტურისტული თავშესაფრები და საკარვე ადგილებია. შესაბამისად, ვიზიტორს შეუძლია ეროვნულ პარკში დაგეგმოს როგორც ერთდღიანი, ისე რამდენიმედღიანი ლაშქრობა და დატკბეს უმშვენიერესი ბუნებით.

ლევან თაბუნიძის ინფორმაციით, ეროვნულ პარკში 2016 წელს ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის მნიშნელოვანი სიახლე იგეგმება.

„ეკოტურიზმთან ერთად აგროტურიზმის გაძლიერებას ვგეგმავთ. ეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას გულისხმობს, – ამბობს ლევან თაბუნიძე, – კონკრეტულად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში აგროტურიზმის შესაძლებლობებს შევისწავლით. ერთი გერმანელი და ერთი ესტონელი ექსპერტი აგროტურიზმის განვითარების კონცეფციას შეიმუშავებენ. ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება. ახალი სერვისების შეთავაზებით, პირველ რიგში, შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს.“

ამავე დროს ეროვნული პარკის ტურიზმის განვითარების სტრატეგია კავკასიის ბუნების ფონდის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს (CNF) მხარდაჭერით მუშავდება. ამ კონცეფციის ძირითადი მიზანი ეროვნული პარკის პოპულარიზაციაა, – განსაკუთრებით იმ ადგილების, სადაც ტურისტების ნაკლებობაა. სტრატეგიის თანახმად, ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი განახლდება და ახალი  ტურისტული ბილიკი დაიგეგმება.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, მიმდინარე წლის ექვს თვეში, ლევან თაბუნიძის ინფორმაციით, ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა სხვადასხვა სახის დარღვევები გამოავლინეს. შედგენილია 74 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აქედან – 30 ოქმი ხე-ტყის უკანონო ჭრაზე; 25 ოქმი – ნადირობის წესების დარღვევაზე;  8 ოქმი – იარაღით უკანონო გადაადგილებაზე, 9 ოქმი – რეჟიმის სხვადასხვა დარღვევაზე, 1 ოქმი – სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე და 1 ოქმი – ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზე.

ლევან თაბუნიძე ამბობს, რომ ბუნების დაცვა-მონიტორინგი, ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებები, ბუნებისდაცვითი ცნობიერების ამაღლება – ეროვნული პარკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნით ეროვნული პარკისგან ორგანიზებულ ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში წელს 11 154 სტუდენტი, მოსწავლე, პედაგოგი და ადგილობრივი მოსახლე ჩაერთო, რაც წინა წლის ექვსი თვის მონაცემებთან შედარებით 10%-ითაა გაზრდილი.

-ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ესაა ეროვნული სიმდიდრე, რომელსაც დაცვა სჭირდება. ამისათვის კი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა გვჭირდება, – ამბობს ლევან თაბუნიძე, – მოსახლეობა, პირველ რიგში, უნდა აცნობიერებდეს, რომ ამ ბუნებრივ სიმდიდრეს დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. ამასთანავე ეროვნული პარკი მოსახლეობისთვის შანსია, რომ სხვადასხვა სახის ტურისტული სერვისები დანერგონ, განავითარონ და დამატებითი შემოსავლები მიიღონ ჩვენთან მოსული ტურისტებისგან.

ნინო კაპანაძე