ხარაგაულელმა მათემ საბავშვო ბაღი უკვე დაამთავრა. იმის გამო, რომ ექვსი წელი ნოემბერში უსრულდება, სკოლაში არ იღებენ. მათეს დედამ, ნათია გელაშვილმა, ახლახან შეიტყო, რომ ხარაგაულში სასკოლო მზაობის ჯგუფი ამოქმედდება.

„ჩემი ინფორმაციით, ბავშვი სკოლისთვის უკეთ მოემზადება, – ამბობს ქალბატონი ნათია, – ვფიქრობ, სასკოლო მზაობის ჯგუფში მეცადინეობა უფრო სასარგებლო იქნება.“

მეორე წელია, რაც საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ და პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი“ საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერის პროექტს ახორციელებენ.

პროექტის კოორდინატორი საქართველოში ალექსანდრე კალანდაძე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ორი ტიპის ჯგუფები იქმნება – ერთია სასკოლო მზაობის ცენტრები იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში ასაკის გამო ვერ მიდიან და მეორეა – შერეული ასაკობრივი ჯგუფი სამი, ოთხი და ხუთი წლის ასაკის ბავშვებისთვის.

„ამ პროექტის ფარგლებში ხარაგაულში ორი ჯგუფი გაიხსნება, – გვიამბობს ალექსანდრე კალანდაძე, – დაბა ხარაგაულსა და ნადაბურში. დაბა ხარაგაულში სასკოლო მზაობის ჯგუფი გვექნება, ნადაბურში – შერეული ასაკობრივი ჯგუფი.“

ალექსანდრე კალანდაძის თქმით, პროექტის მიზანია, განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის გაზრდა.

აღსაზრდელები ჯგუფებში დღეში მხოლოდ 3-4 საათს გაატარებენ და მთელი ეს დრო მეცადინეობას დაეთმობა. ისინი არც საუზმე-სადილს მიიღებენ და არც დაიძინებენ. აქცენტი განათლების მიღებაზე, სკოლისთვის მოზადებასა და იმ უნარების გამომუშავებაზე გამახვილდება, რაც პატარებს სკოლაში და შემდგომ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.

ალექსანდრე კალანდაძის ინფორმაციით, მასწავლებლები თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად შეირჩნენ. მათ ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ. სექტემბერში, ჯგუფების გახსნისა და პრაქტიკული საქმიანობის დაწყების შემდეგ, ტრენინგების მეორე ეტაპი გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებელთა ხელფასი პროექტის ფარგლებში გაიცემა.

„ადგილობრივ თვითმმართველობებთან მემორანდუმები გავაფორმეთ, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია ერთი სასწავლო წლის შემდეგ მასწავლებლებს ხელფასი გადაუხადოს, – ამბობს ალექსანდრე კალანდაძე, – ინვენტარს თავიდანავე თვითმმართველობას გადავცემთ.

სასკოლო მზაობის ჯგუფში ექიმისა და ფსიქოლოგის ერთჯერადი ვიზიტი განხორციელდება. ეს შემდგომში მასწავლებელს ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.

ჯგუფებში ბავშვების მინიმალური რაოდენობა 16, მაქსიმალური კი – 20 უნდა იყოს.

ჯგუფები აღიჭურვება სათამაშოებით, წიგნებით, თვალსაჩინოებებით, საკანცელარიო ნივთებით – ფერადი ქაღალდებით, ფანქრებით, ფუნჯებით, საღებავებით და სხვ.“

ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე სოფელში სასკოლო მზაობის ჯგუფის შექმნით გახარებულია. სოფლის მოსახლეობა, წლებია, რაც სოფელში საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვს.

„სასკოლო მზაობის ჯგუფი ნადაბურში ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე განთავსდება, – გვიამბობს ქალბატონი დოდო, – ამ ზაფხულზე ეზოში საპირფარეშო უნდა მოეწყოს. წყალს სკოლიდან გაიყვანენ. ნადაბურში 3-5 წლის ასაკის 16 ბავშვია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია როგორც სოფლისთვის, ასევე სკოლისათვის.“

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: გამოსაშვები ჯგუფის ზეიმი ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში