„ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილმა დირექტორმა მიხეილ ჭიპაშვილმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მიხეილ ჭიპაშვილი არის რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ასევე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე.

მიხეილ ჭიპაშვილი ითხოვს თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ელენე ოსაძემ მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ბათილად ცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 ნოემბრის ბრძანება მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, გამგეობას დააკისრა მიხეილ ჭიპაშვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა 2015 წლის 30 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

„ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც დაიწყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის განცხადების საფუძველზე 2015 წლის 20 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

ვარლამ ჭიპაშვილის მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მიხეილ ჭიპაშვილმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ხელი შეეშალა მუშაობაში. ვარლამ ჭიპაშვილმა ამ ფაქტის შესახებ მეორე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებს უამბო და მოითხოვა მათგან რეაგირება.

ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, რადგან განერვიულებული და შეურაცხყოფილი იყო,  ვერ შეძლო კომისიის სხდომის ჩატარება. ვარლამ ჭიპაშვილსა და მიხეილ ჭიპაშვილს შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრთა უმრავლესობის პროტესტის გამო ჩაიშალა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 ოქტომბრის სხდომაც.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 18-მა დეპუტატმა განცხადებით მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, შეესწავლა ფაქტები, ვინაიდან ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“ მის დაქვემდებარებაშია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაასკვნა, რომ მიხეილ ჭიპაშვილისგან ადგილი ჰქონდა ეთიკის ნორმების დარღვევას.

„მხარეთა განმარტებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2015 წლის 20 ოქტომბერს მიხეილ ჭიპაშვილსა და ვარლამ ჭიპაშვილს შორის მოხდა კამათი, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, – საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მიხეილ ჭიპაშვილი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა ვარლამ ჭიპაშვილის სამუშაო კაბინეტში.

ასევე არ დგინდება, რომ აგინა მას უცენზურო სიტყვებით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფაქტის თვითმხილველები არ არსებობენ.

მოწმეების, – გივი თხელიძის, ნონა ზურაბიანის, ჯამბულ გამცემლიძის, დავით ლურსმანაშვილის, ვარლამ თავზარაშვილის, მანანა ბარბაქაძის, დავით კიკნაძისა და გიორგი გრიგალაშვილის განმარტებებით დგინდება, რომ ისინი ფაქტის მხილველი არ არიან და მხოლოდ ვარლამ ჭიპაშვილის გადმოცემით იციან, რომ ადგილი ჰქონდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მიხეილ ჭიპაშვილის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას.“

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ ჭიპაშვილსა და ვარლამ ჭიპაშვილს შორის მომხდარი ფაქტის გამო საკრებულოს მუშაობას ხელი ვერ შეეშლებოდა და ვერც ზიანი მიადგებოდა საჯარო ინტერესებს.

„მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტები არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელის ქმედებაში ეთიკის ნორმების, ქცევის სტანდარტების ისეთ დარღვევად, რომელიც გამოიწვევდა თანამდებობიდან მის გათავისუფლებას და არა სხვა დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას, – აღნიშნულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, – სასამართლოს მიაჩნია, რომ მიხეილ ჭიპაშვილის მიმართ გატარებული დისციპლინური ღონისძიება არაადეკვატურია მის მიერ ჩადენილი გადაცდომის მიმართ.“