დღეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელის განხილვა გაგრძელდა.

მიხეილ ჭიპაშვილმა გაასაჩივრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ბრძანება, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.

სხდომა მოპასუხე მხარის მოწმის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ჯამბულ გამცემლიძის, დაკითხვით დაიწყო.

მოწმის დაკითხვის შემდეგ სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა.

სასამართლო სხდომაზე მოისმინეს მოპასუხე მხარისგან წარდგენილი ვიდეო და აუდიო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ იშლებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები. საკრებულოს სხდომების ჩაშლა მოპასუხე მხარის თქმით, ვარლამ ჭიპაშვილსა და მიხეილ ჭიპაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს მოჰყვა.

„საკრებულოს სხდომები ჩაიშალა, ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის იმიჯს და შესაბამისი საკითხები ვერ გადაწყდა მოცემული დროისთვის,“ – აღნიშნა მოპასუხე მხარის ადვოკატმა ინგა ლურსმანაშვილმა სასამართლოს სხდომაზე.

საქმის მასალების გამოკვლევის შემდეგ მხარეთა შორის პაექრობა გაიმართა.

მოსამართლე ელენე ოსაძის გადაწყვეტილებით, სასამართლო მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელზე სარეზოლუციო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს, 10 მარტს, 16:00 საათზე, გამოაცხადებს.

ნინო კაპანაძე

sasamartlo-1 sasamartlo-4

sasamarTlo-2 sasamartlo-5