

„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე მოსწავლე სწავლობს, თუ როგორ იცვლებოდა და ყალიბდებოდა საზოგადოება, სახელმწიფო; როგორ გავლენას ახდენდა ხელისუფლებების გადაწყვეტილებები ადამიანების მომავალზე.
ამიტომ ისტორიის მასწავლებელი ვალდებულია, მომავალ თაობას კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაეხმაროს“, – ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი, მარელისის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ის ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარია.
– გიორგი, რატომ აირჩიეთ ისტორიის მასწავლებლობა და რა იყო ამ პროფესიის არჩევისას თქვენთვის მთავარი მიზეზი?
– ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ ისტორიას ბატონი შალვა თავაძე მასწავლიდა. სწორედ მან შემაყვარა ისტორია და მასწავლებლობა ისე, რომ საბოლოოდ ისტორიის პედაგოგობა გადავწყვიტე. სკოლის დამთავრებისთანავე, 2020 წელს, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე.
2024 წლის სექტემბერში, როგორც მაძიებელმა მასწავლებელმა, მუშაობა მარელისის სკოლაში დავიწყე. წელს მაგისტრატურაც დავამთავრე. მესამე სასწავლო წელია, რაც მარელისის საჯარო სკოლაში ისტორიას ვასწავლი.
ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი მარელისის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ვერა ოდიკაძეს და სკოლის კოლექტივს გულთბილი მიღებისა და მხარდაჭერისთვის.
– თქვენი აზრით, რა როლი აქვს ისტორიის სწავლებას და ისტორიის მასწავლებელს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში?
– არა მარტო ისტორიის, არამედ ნებისმიერი საგნის მასწავლებლის როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 12 წლის განმავლობაში მოსწავლე უმეტეს დროს სკოლაში ატარებს. მოსწავლისთვის მასწავლებელი ავტორიტეტული პიროვნებაა.
პედაგოგი პატივისცემით უნდა მოეპყროს თითოეულ მოსწავლეს. ეს თუ არ იგრძნო, მოსწავლე გაკვეთილზე არ დაგესწრება. მოსწავლეს მარტო საგანი ხომ არ უნდა ვასწავლოთ?! ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ, საზოგადოების აქტიური წევრი გახდეს.
– თქვენ როგორ ეხმარებით?
– მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, – გამოთქვით თქვენი აზრი თამამად, ნებისმიერ ისტორიულ ფაქტთან, მოვლენასთან თუ ისტორიულ პიროვნებასთან დაკავშირებით. კლასში განვლილი თემის შემაჯამებელ დისკუსიებს ვაწყობთ. მათი აზრები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.
აბა, რად გვინდა საზოგადოება, რომელსაც ყველაფერზე ერთი და იგივე მოსაზრება ექნება?! ასე ნელ-ნელა მოსწავლეები კამათს, განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამოთქმასა და მიღებას სწავლობენ.
ვცდილობ, მოსწავლეებს შევაყვარო ჩვენი ქვეყნის წარსული, კარგად გავააზრებინო გასულ საუკუნეებსა და წლებში დაშვებული მარცხი და შეცდომები, დავაკავშირო დღევანდელობასთან, რომ მომავალში მსგავსი აღარ გაიმეორონ, პასუხისმგებლობით იმოქმედონ საკუთარი და სამშობლოს უკეთესობისთვის.
– გიორგი, თქვენს მოსწავლეებს რამდენად აინტერესებთ საზოგადოებრივი საკითხები?
– ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეებს საკუთარი სოფლისა და მუნიციპალიტეტის განვითარება სურთ. რამდენად ჩაერთვებიან ისინი ამ პროცესში, ეს მათ აქტიურობაზეცაა დამოკიდებული. ისეთი მოქალაქეების აღზრდას მინდა შევუწყო ხელი, პასუხისმგებლობას რომ არ გაექცევიან, ქვეყნის წინსვლისთვის ერთ აგურს მაინც დადებენ, საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად რომ იბრძოლებენ.
მჯერა, ჩვენი ნიჭიერი და აქტიური მომავალი თაობა საკუთარ სათქმელს იტყვის. მომავალ თაობაში საკუთარ თავსაც მოვიაზრებ.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– წინსვლა და განვითარება აუცილებელია. ჩემს თავს მხოლოდ მოსწავლეებთან ვხედავ. ყველაზე ბედნიერი ვარ და დიდ სიხარულს მანიჭებს ის, როცა მათ ცოდნას ვუზიარებ.
– რას უსურვებთ კოლეგებსა და მოსწავლეებს?
– ჩემს კოლეგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. მოსწავლეებს კი ვეტყვი, რომ განვითარების სურვილი არასდროს დაკარგონ.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან