ქვეყნის მასშტაბით, არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობა იგეგმება.

ამის შესახებ მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით შერჩეულ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების მშენებლობა/მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ 2030 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს 4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის კომპლექსის მშენებლობა/მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება.

ნაგავსაყრელები უნდა მოეწყოს შემდეგი საპროექტო ზონების დაცვით: კახეთი, შიდა ქართლი – მცხეთა – მთიანეთი, იმერეთი-რაჭა-ლეჩუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.