დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, მოწყალება გაიცა, – მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ეპარქია ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებისგან შედგება, – ამბობს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეკონომოსი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე, – ჩვენი მეუფე, მამობრივი მზრუნველობითა და დიდი სიყვარულით, ყოველთვის ცდილობს, შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მათ, ვისაც ეს სჭირდება. დღეს ხარაგაულსა და ზესტაფონში სამოცზე მეტი ადამიანის დახმარება შევძელით.

მინდა თითოეულ მათგანს და ჩვენი ეპარქიის მრევლს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მრავალს დაგვასწროს და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარის მადლი შეგვეწიოს“, – ამბობს დეკანოზი პავლე ცერცვაძე.

დღეს ხარაგაულში სააღდგომო ნობათი ოცდაათამდე ადამიანს დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ და ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თომა ლაცაბიძემ გადასცეს.