ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება დაიწყო.

ეს პროცესი მოჰყვა ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „სოციალური დახმარება მიღებული აქვთ ისეთ ოჯახებსაც, რომლებმაც შეიძინეს რამდენიმე ავტომობილი, დაუფიქსირდათ მაღალი შემოსავალი და აიღეს ათეული ათასი ლარის ოდენობის სესხები“.

გადასამოწმებელი ოჯახების სიას ადგილობრივი მომსახურების სერვისცენტრებს სოციალური მომსახურების სააგენტო უგზავნის. ხარაგაულის სერვისცენტრის უფროსის, კიაზო გამრეკელაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ სოცდახმარების მიმღები 102 გადასამოწმებელი ოჯახის სია მიიღეს.

„სოცაგენტებმა ოჯახების გადამოწმება უკვე დაიწყეს, – ამბობს კიაზო გამრეკელაშვილი,ოჯახების უმრავლესობაში დეკლარაცია ხელახლა შეივსო. შვიდ შემთხვევაში ოქმი დაიწერა, რომ მითითებულ მისამართებზე ეს ოჯახები აღარ ცხოვრობენ. ორმა ოჯახმა დეკლარაციის ხელახლა შევსებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მათ მაღალი შემოსავლები დაუფიქსირდათ და სოცდახმარებას აღარ საჭიროებენ.

სოცაგენტები მუშაობენ, რომ დეკლარაციები დროულად გავგზავნოთ. ზოგ ოჯახს საბუთები აქვს მოსაწესრიგებელი და გასაახლებელი. ამასაც დრო სჭირდება.

ოჯახების უმრავლესობა, რვა წელია, არ გადამოწმებულა. ეს პროცესი ჯერ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო; ბოლო ოთხი წელი კი, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართული ოჯახებიც აღარ უნდა გადაგვემოწმებინა. გადასამოწმებელი ოჯახების სიებს ეტაპობრივად მოგვაწვდიან.

პროცედურა ასეთია, – ახალი დეკლარაციის შევსებიდან ოჯახის ხელახალი სარეიტინგო ქულის დადგენამდე, ოჯახს სოცდახმარება შეუჩერდება. ამ ქულის დათვლას ერთი თვე სჭირდება. ამის შემდეგ, თუ კონკრეტული ოჯახი ისევ აღმოჩნდება სოციალურად დაუცველი, დაპაუზებული პერიოდის დახმარებასაც მიიღებს“.

სოციალურად დაუცველელი ოჯახები, სარეიტინგო ქულის შესაბამისად, სხვადასხვა სახის დახმარებას იღებენ – ესაა ფულადი შემწეობა ოჯახის ყველა წევრზე, ფულადი შემწეობა მხოლოდ ბავშვებზე, კომუნალური გადასახადების სუბსიდია და ჯანმრთელობის დაზღვევა.

ოჯახების გადამოწმებას და დეკლარაციის ხელახლა შევსებას არაეთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

ბაზალეთში მცხოვრები ნონა ნანიტაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, რომლის ოჯახიც გადასამოწმებელთა სიაშია. ნონა ამბობს, რომ სოცაგენტის ინფორმაციით, მის მეუღლეს მაღალი შემოსავალი დაუფიქსირდა.

„ერთი წელიც არ არის, რაც ორ შვილზე ფულადი სოციალური დახმარება გვერიცხება, – ამბობს ნონა ნანიტაშვილი, – რა თანხაც მითხრეს, ჩემს მეუღლეს იმდენი ხელფასი არ მიუღია. პატარა ბავშვიან ოჯახს რომ ბევრი საჭიროება აქვს, ამიტომ დავწერე განცხადება. ჩემმა მეუღლემ ხარაგაულში სამსახური რომ ვერ იშოვა, თბილისში წავიდა და დისტრიბუციაში მუშაობს. ხვეწნას ნამდვილად ვერ დავიწყებ, თუ სოცდახმარება აღარ გაგვიგრძელდება“.

ხარაგაულში მცხოვრები მაია დეკანოსიძე ძალიან შეწუხებულია მისი ოჯახის ხელახალი გადამოწმების გამო. მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 15 წლის შვილი ჰყავს და შვილის მკურნალობისას ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით სარგებლობს.

„2025 წლის ნოემბერში გადამამოწმეს, რადგან ჩემი ქალიშვილი ამოეწერა ჩვენი ოჯახიდან. ახლა რატომ მოვხვდი ამ სიაში, ვერ ვხდები – ამბობს მაია, – საბუთები მომთხოვეს, ჩემი შვილი სპეცსკოლაში რომ დადის. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სპეცსკოლაში მხოლოდ ორი თვე თუ ახერხებს სიარულს, – სულ ექიმებთან დამყავს. ახლა რომ სოცდახმარება შემიწყდეს, ყველაფერი წყალში ჩამეყრება, – ანდრიას მკურნალობის გაგრძელებას ვეღარ შევძლებთ.

ჩემზე მეტი შესამოწმებელი ვერავინ ნახეს ხარაგაულში?! არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ მანქანები ჰყავთ, ჯან-ღონიანი კაცები არიან ოჯახებში, სამსახურები აქვთ და ისინი იღებენ სოცდახმარებას. არ შევავსებინე დეკლარაცია და არც ოქმზე მოვუწერე ხელი. ვისაც შეუძლია იმას მივმართავ, შეაჩერონ ჩემი ოჯახის გადამოწმება“!

სოცაგენტი ქეთევან ბოლქვაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი შიშით ხვდება მათ ვიზიტებს.

„ამის მიზეზი ისაა, რომ შვიდი-რვა წელია, ოჯახები არ გადაგვიმოწმებია, – ამბობს ქეთევან ბოლქვაძე, – მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ შეშინდებიან და ნუ დამალავენ ოჯახის მდგომარეობას, ქონებასა და შემოსავლებს. ეს ინფორმაცია ბაზაში მაინც გამოჩნდება. გადამოწმების მიზეზს ყველას ვუხსნით.

ოჯახების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ძირულასა და ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მაცხოვრებლების, ძველ დეკლარაციაში დაფიქსირებულ მისამართებზე აღარ ცხოვრობენ. შევატყობინეთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართონ, რომ არ დაზარალდნენ და სოცდახმარება საერთოდ არ შეუწყდეთ.

ახალი დეკლარაციის შევსებაზე უარის თქმის შემთხვევაში და იმ დროს, როცა ოჯახის იდენტიფიკაცია ვერ ხდება აღნიშნულ მისამართზე, ოქმი დგება. ამ ოქმის საფუძველზე კი ოჯახს ერთი წლის განმავლობაში განცხადების დაწერის უფლება ეზღუდება და ეს უნდა გაითვალისწინონ.

ჩვენი გადამოწმებები სადამსჯელო ოპერაცია არ არის. არც პროგრამა შეცვლილა და არც ჩვენი მუშაობის სპეციფიკა. ადრე როგორც ვამოწმებდით, ისე ვამოწმებთ ოჯახებს. ვისაც ეკუთვნის, დახმარებას ისევ მიიღებს. ფულადი შემწეობის დროებით შეჩერების შემთხვევაში არაფერი დაეკარგებათ და განაცდურსაც აიღებენ“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წლის 6 მარტის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები 129 467 ოჯახია (462 821 პირი); იმერეთში – 14 ათასი ოჯახი (48 653 პირი); ხარაგაულის მუნიციპალიტეტში – 660 ოჯახი (1 882 პირი).

ნინო კაპანაძე