ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა 7 ობიექტი შეამოწმა: 1) მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის  სამსახური; 2) ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის  გაერთიანება“; 3) ააიპ „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა  გაერთიანება“; 4) მერიის სახელმწიფო  შესყიდვებისა და  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური; 5) ააიპ „სათნოების სახლი“; 6) ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“; 7) მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური.

შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, „აღნიშნული ობიექტები შეირჩენ რისკის შეწონვის მიხედვით და მოხვდნენ უფრო მაღალი რისკის მატარებელთა რიცხვში.

რისკის განმსაზღვრელად შეირჩა შემდეგი რისკ-ფაქტორები: ბიუჯეტის გავლენა/ხარჯების მოცულობა, დარღვევების ალბათობა, დანაკარგი, თაღლითობა; შიდა კონტროლის ხარისხი, წინა აუდიტორული შემოწმების ჩატარების ხანგრძლივობა და შედეგები, თანამშრომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება, საკადრო ცვლილებები, ფუნქციათა შესრულება, ორგანიზაციული პროცესის რისკის დონე“.

გთავაზობთ მუნიციპალური ორგანიზაციების აუდიტის სამსახურის შემოწმების შედეგების ძირითად მიგნებებს, შემოკლებით.

  • მერიის აუდიტის სამსახურმა ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების 2024 წლის დოკუმენტაცია შეისწავლა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2024 წელს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ ინვენტარიზაცია ჩაატარა. საინვენტარიზაციო აღწერის უწყისში არაა მითითებული ფასები: მაღალი წნევის სარეცხ აპარატზე, ასფალტის საჭრელ აპარატზე და „პომპაზე“, მარილის გამშლელ აპარატსა და ერთ ლეპტოპზე. ფასების მითითება და ყველა მონაცემის ასახვა საინვენტარიზაციო უწყისებში ინვენტარიზაციის მთავარი მიზანია.

დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას შემუშავებული აქვს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები. საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. არის რამდენიმე შემთხვევა შემოსულ მომართვაზე პასუხის გაუცემლობის, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ორგანიზაციის რეპუტაციის რისკი.

საყურადღებოა საშტატო განრიგებში ხშირი, თითქმის ყოველთვიური ცვლილება და ახალი შტატების დაშვება. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა 14 ცვლილება, რაც შესაძლოა გახდეს არაეფექტური ხარჯვის რისკის საფუძველი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ხშირი ცვლილება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების საქმიანობა მრავალფუნქციურია და საჭიროებს დიდი ოდენობით კადრებს, განსაკუთრებით წყალარინების სპეციალისტებს. ერთდროულად, შესაძლოა, რამდენიმე უბანზე იყოს პრობლემა და საჭირო გახდეს სწრაფი რეაგირება. ამისთვის კი საკმარისი რაოდენობის მუშახელი უნდა ჰყავდეთ.

დასუფთავებისა და კეთილმოწყობის  გაერთიანებაში უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულია სამი სპეციალისტი, რომელთაგან ორის სერტიფიკატს სამწლიანი ვადა აქვს გასული. მათ უნდა წარმოედგინათ ვადის ამოწურვის დღისთვის განახლებული სერთიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგინეს შიდა აუდიტორული შემოწმების დასასრულს.

ფაქტობრივად, უსაფრთხოების სპეციალისტებმა გარკვეული პერიოდი სერტიფიცირების გარეშე იმუშავეს. ეს ფაქტი კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს. უფლებამოსილი პირის მიერ ასეთი საკითხები უნდა გაკონტროლდეს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის  გაერთიანებამ სახელმწიფო შესყიდვის წესით შეისყიდა საარჩევნო უბნებზე აპარატურის დასამონტაჟებლად საჭირო მოწყობილობები. შესრულებული სამუშაოების აქტებს არ აქვს საარჩევნო უბნის წარმომადგენლის ხელმოწერა.

  • ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა  გაერთიანებაში შემოწმდა ხარაგაულის #1, ხარაგაულის #2, ხუნევის, ბორითის, სარგვეშის, მოლითის, ვახანის, ვარძიის, წყალაფორეთის საბავშვო ბაღები.

საკადრო მიმართულებით, ხშირია შემთხვევა, როცა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დადებულია ისეთ დასაქმებულებთან, რომლებსაც სკოლამდელ დაწესებულებათა  გაერთიანებაში მუშაობის 30 თვეზე მეტი ხნის მუშაობის სტაჟი აქვს. საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში იდება უვადო შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული არის კანონშესაბამისობის რისკი.

ვახანის საბავშვო ბაღში კვების პროდუქტების შენახვის პირობები სათანადოდ არ იყო დაცული;

კერძოდ, შაქარში აღმოჩნდა ჭიანჭველები, ხოლო მანის ბურღული იყო დაძველებული. ამ საკვების გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს შეუსაბამო კვების რისკი. სურსათი იმდაგვარად იყო შესყიდული, რომ წინა თვის ხარჯვა არ იყო გათვალისწინებული.

შესყიდულია პროდუქტი, რომელიც ჯერ კიდევ გაუხარჯავი იყო; მაგალითად, დარჩენილია აუთვისებელი: მანის ბურღული – 8,323 კგ, მარილი – 7,388 კგ, რძის ფხვნილი – 4,543 კგ, ბრინჯი – 11,163 კგ, წიწიბურა -10, 800 კგ, ქათმის ფილე -14,338 კგ. აღნიშნული მიუთითებს არაეფექტურ ხარჯზე და არასათანადო კონტროლზე. შესაძლოა, ეს პროდუქტი ვერ გაიხარჯოს და ისე გაფუჭდეს, რომ გაუფასურდეს.

შეუსაბამობებია ნაშთებსა და გახარჯულ პროდუქტებს შორის ვარძიისა და ხარაგაულის N1 საბავშვო ბაღების ბავშვთა კვების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებში. ხარჯთეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, პროდუქტის მიზნობრივად და საჭირო ოდენობით შესყიდვას უნდა მიექცეს მენეჯმენტის მხრიდან ყურადღება და გაძლიერდეს კონტროლი ბაღების გამგეების მიმართ სურსათის შესყიდვასთან დაკავშირებით.

წყალაფორეთის საბავშვო ბაღის შემოწმებისას, ექთანს, რომელმაც აუდიტს წარუდგინა შესამოწმებელი სასურსათო პროდუქტი, არ წარმოუდგენია ნაშთი – მაწონი 400 გრ. და ლობიო 300 გრ. ნაშთის შესახებ აუდიტორებს შეატყობინეს რამდენიმე დღის შემდეგ.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროდუქტები არ აღმოჩნდა აუდიტორთა მიერ შედგენილ დადარების აქტში და ვერ მოხდა მათი ხარჯვის გაანგარიშება სწორად. აღნიშნულიც მიუთითებს ბაღის გამგის მხრიდან სუსტ კონტროლზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული 2024 წლის შემოწმებებისას, რამდენიმე საბავშვო ბაღში აღმოჩენილია სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა. ასევე იყო შემთხვევა ერთ-ერთ ბაღში ჭერის მოწყობასთან, კედლისა და კარების დაზიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ხარვეზები მენეჯმენტის მხრიდან მალევე აღმოიფხვრა.

  • სათნოების სახლს 2022 და 2023 წლებში 140 ბენეფიციარი ჰყავდა, 2024 წელს – 160 ბენეფიციარი. გასაუმჯობესებელია კონტროლის სისტემა, რომ არ წარმოიშვას პროდუქტების განაწილებისას სხვაობების არსებობა ფაქტობრივ რაოდენობასა და ბუღალტერიაში არსებულ ნაშთებს შორის, ყოველდღიურად უნდა მოხდეს მათი შედარება. ბენეფიციარებისთვის საკვების მისაწოდებელი ტრანსპორტი სახელმწიფო შესყიდვის გზით უნდა შეირჩეს. ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ შუძლიათ ხელმოწერა, პროდუქტების გადაცემის დასადასტურებლად დამატებითი მექანიზმი უნდა გამოიყენონ.

 

  • მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი გამოსცემს გაზეთს „ახალი ხარაგაული“, რომლის ტირაჟმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა ყოველ გამოცემაზე 1500 ერთეული. შესამოწმებელ პერიოდში ამ ცენტრს ინვენტარიზაცია ჩატარებული არ აქვს.

არაა შედგენილი შესყიდული პროდუქციის ხარჯვის შესახებ შესაბამისი ჩამოწერის აქტები, რაც ქმნის ფინანსური რისკის საფრთხეს, რადგან თუ არაა ჩამოწერილი საქონელი, ვერც მისი გახარჯვისა და შეძენის საჭიროება და მიზნობრიობა იქნება გარკვევადი.

ამასთან, ხელმძღვანელმა წარმოადგინა გაუხარჯავი საქონელი, თუმცა იგივე საქონელი კიდევ აქვს შესყიდული, მიუხედავად ნაშთის არსებობისა.

დიდი ხარჯია გაწეული საბეჭდი ქაღალდის, ბლოკნოტების, უბის წიგნაკების, საწერი კალამის, საკანცელარიო რვეულის, ელემენტის, „კატრიჯის“ შესყიდვაზე. „კატრიჯის“ შესყიდვის გარდა, ცალკეა აიტი მომსახურებაც ხშირად შესყიდული.

აიტი მომსახურება, საკანცელარიო ნივთები, ავეჯის აქსესუარები, საბეჭდი ფურცლები შეძენილია კონსოლიდირებული ტენდერის გარეშე, რაც დარღვევაა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების „კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“.

შესყიდვები, ზოგიერთ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად არ არის განხორციელებული. ფინანსური ხარჯვა განხორციელებულია არაეკონომიურად (დარღვეულია ხარჯთეფექტურობის პრინციპი).

ეკონომია უნდა იქნას გაწეული საწვავის მოხმარების კუთხითაც და შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ხარჯვის დასაბუთება. ხელმძღვანელის განმარტებით, საწვავი იხარჯება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სხვადასხვა პროცესების გასაშუქებლად გადაადგილებისთვის.

თუმცა, 4 წლის განმავლობაში, თვეში საშუალოდ 324,50 ლარის საწვავის გახარჯვა, არაეკონომიურია. მითუმეტეს, მიზნების წრე ორგანიზაციას არ გაუფართოებია. საწვავის ხარჯი უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში.

მივლინების ბრძანებებში არაა დაკონკრეტებული მიზანი და არაა გაანგარიშებული მივლინების თანხები, რამაც შესაძლოა ფინანსური რისკები გამოიწვიოს.

2020-2024 წლებში შესყიდულია სასაუბრო მონო ბარათები, რომლის დანიშნულებისა და მიზნის შესახებ არ არის ხელმძღვანელის წერილობითი აქტი გამოცემული. დირექტორის განმარტებით ირკვევა, რომ ისინი შეძენილია გასვლითი სამუშაოების დროს ინტერნეტის გამოსაყენებლად, მაგრამ სასურველია ხარჯვის მიზნობრიობა განისაზღვროს წერილობითი აქტით.

შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურმა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ჩაატარა. ამ მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ:

– დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებასა და სათნოების სახლს ყველა რეკომენდაცია შესრულებული აქვს;

– ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ერთი რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი, რის გამოც დამატებითი მონიტორინგი ჩატარდება 2026 წელს;

– მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრს მონიტორინგი 2026 წელსაც ჩაუტარდება.