სოციალურად დაუცველთა ოჯახების ბაზის გადამოწმებას სოციალური მომსახურების სააგენტო აპირებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს, 20 თებერვალს განაცხადა:

„დღეისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს ჯამში 710’000-ს. ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი (ჯამში დაახლოებით 1 300 000 პირი), თუმცა ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით.

აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც, საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა.

მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ან ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს 2024 წელს გამოშვებული ავტომანქანა, რომელსაც მაგალითად აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში.

სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები უნდა ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის.

გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, რა დროსაც პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით შემწეობა. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 2000 ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად.

პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ის წარიმართება მკაცრი კონტროლით. იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკურპულოზურ მუშაობას, ე.წ. ჯავშნების გათვალისწინებას, პროცედურების დაცვას. ამასთან, პარალელურად ჩვენს მიერ გაანალიზდება პროცედურები და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაიხვეწება სისტემა (შეფასების მეთოდოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ბაზაში რეგისტრირებული რეალურად შეძლებული ოჯახების ამორიცხვის მექანიზმების შექმნით)“.

წყარო